ავტორი:

ზურაბიშვილი ხელისუფლებას მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მარგველაშვილი ან ვაშაძე - ექსპერტების შეფასება

ზურაბიშვილი ხელისუფლებას მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მარგველაშვილი ან ვაშაძე - ექსპერტების შეფასება

სალომე ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. გარკვეულწილად, ჩვენთვის ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც იქნება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის საკმაოდ თამამი ადამიანია, მე როგორც ვიცნობ და მისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია, გარკვეულწილად, ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა ჩვენთვის. ეს არ იქნება იგივე ტიპის კინკლაობა, რაც იყო მარგველაშვილის შემთხვევაში. სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მეტ აგრესიას უნდა ველოდეთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გია ხუხაშვილის თქმით, შედეგები პროგნოზირებადი იყო და შეიძლება ითქვას, რომ „არჩევნების ბედი გადაწყვიტა არა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლმა, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველმა“.

„შედეგები პროგნოზირებადი იყო შეიძლება ითქვას და მსოფლიო ისტორიაში მგონი უნიკალური შემთხვევაა, როცა მეორე ტურში მეტი ხალხი მივიდა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ბედი არ გადაუწყვეტია არც „ქართული ოცნების“ და არც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს. არჩევნების ბედი გადაწყვიტა ამომრჩევლის სამმა სეგმენტმა. ეს არის არის „ანტი მიშა“, მეორე არის საკამათო ინიციატივის შედეგადად მიღებული ამომრჩეველი, „შავი სიები“ მაქვს მხედველობაში და მესამე -ეს არის ულტრაკონსერვატული ფრთა ქართული პოლიტიკური ელიტის. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ბედი გადაწყვიტა არა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლმა, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველმა“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დაუმორჩილებლობის შესახებ, გია ხუხაშვილი აღნიშნულ განცხადებას ერთგვარ ტექნოლოგიად აფასებს, რომელიც არ განხორციელდება.

„ეს არ არის მისი ამ ტიპის პირველი განცხადება. მას აქვს თავისი როლი ქართულ პოლიტიკაში და თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს სპექტაკლი იმდენჯერ გვაქვს ნანახი, რატომ გვიკვირს ხოლმე ყოველ ჯერზე. ეს არის პროვინციულ თეატრში დადგმული სპექტაკლი, სადაც ყოველთვის უკვირთ რატომ ახრჩობს ოტელო დეზდემონას. ეს არის მისი როლი და ამას თამაშობს. ამაში პოლიტიკური ლოგიკაც არის იმიტომ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა არის არსაიდან მოსული 900 ათასი ამომრჩევლის შენარჩუნება. როგორც ჩააცხრონ ემოციები ისე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ნაჩუქარი ელექტორატი არ დაკარგონ, მათ სჭირდებათ საბრძოლო სულის შენარჩუნება, ახლა მიდის ეს თამაში. ის იტყვის რევულუციას, აქედან ეტყვიან - არა, მოდი სხვა სახე მივცეთ ამას. საბოლოოდ, შეთანხმდებიან იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით და ამ ტექნოლოგიით შეინარჩუნონ ეს ელექტრორატი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით კი, პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე.

„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილზე უფრო მეტად გაჯიუტდება, რადგან ზურაბიშვილი ძალიან რთული ხასიათის ადამიანია. მას „ქართულ ოცნებაში“ რეალურად არ იცნობენ. ახლა დაიწყეს მისი გაცნობა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. მას გაცილებით უკეთ იცნობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ვინც მასთან მუშაობდა და მაშინდელი მთავრობის წევრები. ასე, რომ ზურაბიშვილი ამ ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება დაუმორჩილებლობის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, შარაშენიძის თქმით, ეს განცხადება მალე დავიწყებას მიეცემა.

„ვაშაძე არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის მინისტრად მუშაობის დროსაც არ დადიოდა მარტივად სააკაშვილის ჭკუაზე. ეს გამოჩნდა გუშინაც. ასე,რომ ჩემი აზრით, სააკაშვილის განცხადება მალე იქნება მიცემული დავიწყებას, მათ შორის თვითონ სააკაშვილის მხრიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ დაინახა, რა ხდებოდა ამ არჩევნებზე - მოსყიდვისა და დაშინების ამდენი შემთხვევა, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ლამაზი, რევოლუცია ხალხს მაინც არ უნდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, რევოლუცია ხალხს აშინებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."