ავტორი:

"ჩემი კაბები იაკობის არჩეულია" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" 16 წლის მონაწილე, რომელიც  ოქროსმედალოსანი, ჩოგბურთელი და მსახიობია

"ჩემი კაბები იაკობის არჩეულია" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" 16 წლის მონაწილე, რომელიც  ოქროსმედალოსანი, ჩოგბურთელი და მსახიობია

რუსკა ქარქაშაძე 16 წლის ცოტა ხნის წინ გახდა. სკოლის წარმატებული მოსწავლეა. ამბობს, რომ ოქროს მედლის კანდიდატია, 10-ზე ქვემოთ ნიშანი ჯერ არ მიუღია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, თუმცა ჯერ სხვა საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი - პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" კონკურსანტია. მანამდე ის სერიალით "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნეს. 13 წლის გოგონა მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანს სერიოზულ პარტნიორობას უწევდა. რუსკა ქარქაშაძე ამჟამად იმ პროექტზე ლაპარაკობს, რომლის გამოც დღე და ღამე გაერთიანებული აქვს.

- რა თქმა უნდა, ჩემს ასაკში საინტერესოა ისეთ შოუში მონაწილოება, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია". დიდ გამოცდილებას ვიღებ. ზუსტად ვიცი, რომ ეს მომავალში დამეხმარება. ამ პროექტის დიდი პლუსი ის არის, რომ "ლაივში" მუშაობას, საქმის კეთებას ეჩვევი, რომელიც საკმაოდ სარისკოა, რადგანაც პირდაპირ ეთერში ნომრის გამოსვლა-არგამოსვლის საკითხი ყოველთვის დგას - არ იცი, პირდაპირ ეთერში რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ცეკვა უნდა გააგრძელო, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი მოკლე დროში მასწავლის ამა თუ იმ ცეკვას. როცა სასწავლად 4 დღე გაქვს, პასუხისმგებლობაც გიმუშავდება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო.

- რომ არ ყოფილიყავი ცნობილი, მაყურებელს სერიალით "ხელოვნური სუნთქვა" არ გაეცანი, მიიღებდი ამ პროექტში მონაწილეობას?

- რა თქმა უნდა, არა, ვარსკვლავობამდე ბევრი მიკლია და ჯერ თავს ვარსკვლავად არ ვცნობ. ამ პროექტში ცნობილი ადამიანები არიან და უბრალოდ, ცნობილი რომ არ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდა.

- სკოლის მოსწავლე ხარ, სერიალში საკმაოდ კარგი სახე შექმენი. როგორ შეძელი?

- 6 წლიდან თეატრალურ სტუდია "დებიუტში" დავდიოდი, რამდენიმე წელი ვიარე. ერთხელაც ჩემმა პედაგოგმა, თეატრის ცნობილმა რეჟისორმა, ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ნიკოლოზ საბაშვილმა მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე წამიყვანა, სადაც კასტინგმენეჯერმა ეკა მჟავანაძემ მნახა. იმის მერე სერიალის კასტინგზე მოვხვდი და 500 ბავშვში გავიმარჯვე.

- პატარა გოგონამ უკვე ბევრს მიაღწიე...

- ვერც ვხვდები ჯერ ჩემს ცხოვრებაში, თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდა, ამას ვერ აღვიქვამ, რადგანაც სულ საქმეს ვაკეთებ, დატვირთული ვარ და ამისთვის ფიქრის დრო არც მაქვს. ახლა ვცეკვავ, მაქვს გადაღება და არ მაქვს განცდა, რომ რაღაც გასაკუთრებული შევქმენი. ყველაფერი ჯერ წინაა, ჯერ ხომ სრულწლოვანიც არ ვარ. უბრალოდ, სერიალში ის დამეხმარა, რომ 6 წლიდან მსახიობი ვიყავი, რაც შემდგომი კარიერულ განვითარებაში, მომდევნო ეტაპებზე გადასვლაში ტრამპლინივით აღმოჩნდა. ძალიან კარგი იყო, ბევრი რამ დამიტოვა, რაც მთავარია, გამოცდილება. ეს იყო ჩემი პირველი ეკრანზე გამოჩენა დრამაში. კი, დიდი საქმე გამიკეთა, რაც მთავარია, კამერებთან მუშაობა ვისწავლე.

- ცნობილი პარტნიორები გყავდა...

- კი, ჩემი პარტნიორები იყვნენ - თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, ანი ბებია. მათთან მუშაობა უკომფურტულესი იყო. 13 წლის ბავშვს გვერდით დამიდგნენ და საქმე გამიადვილეს, ამით უბედნიერესი ვარ. მართლაც გამიმართლა, რომ ასეთ ასაკში მუშაობამ პროფესიონალებთან მომიწია.

- ცეკვებში შენს პერტნიორზე იაკობ ყუფუნიაზე რას გვეტყვი?

- მოწესრიგებული, მობილიზებული, პროფესიონალია. უყვარს, ყველაფერი წესრიგში რომ არის. აინტერესებს, "ლაივზე" რა გვეცმევა. ჩემი კაბების დიდი პროცენტი იაკობის არჩეულია. იდეა მას ეკუთვნის და მოზომვაზეც მომდევს, ესწრება. ცეკვას დეტალებში მასწავლის და მიხსნის. ქართულ ცეკვებზე 7 წელი დავდიოდი, აქტიურად ვცეკვავდი, მერე თავი დავანებე და სპორტს გავყევი. ჩოგბურთელი ვარ. სამეჯლისო ცეკვასთან ცხოვრებაში არ მქონია შეხება, სწავლა რომ დავიწყე, უამრავი ნიუანსი იყო, რომელიც უნდა გაგეთვალისწინებინა, რაც 24-საათიანი მეცადინეობის შემდეგ და იაკობის დახმარებით დავძლიე.

- მედალოსანი, სპორტსმენი, მსახიობი, მოცეკვავე და კიდევ ბევრი რამის დასახელება შეიძლება... არ იღლები?

- ორი და ვართ და ერთი პატარა ძმა გვყავს, მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, დაგვტვირთონ, რომ თავისუფალი დრო არ დაგვრჩეს. ის პერიოდი გვაქვს, როცა ადამიანი ყველაფერს მარტივად ითვისებს, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მამა ჩემს "ლაივებზე" არ დადის, ურჩევნია, ტელევიზორი ჩართოს და იქ მიყუროს. დედა დადის, მაგრამ მათ ცხოვრებაში ერთხელ არ უთქვამთ, - კარგი გოგო ხარ და კარგად აკეთებ ყველაფერსო. ეს მეტ სტიმულს მაძლევს. ბოლო პერიოდია, პროექტის გამო სახლში საერთოდ არ ვარ, სულ აქ ვარ და რეჟიმში. თავს ვაკლავ, წონაშიც დავიკელი. ამ შრომაზეც არაფერს მეუბნებიან, მათთვის ასეა - თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე უნდა იყოს, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო. დედამ მითხრა, - გინდა წარმატება, იშრომეო.

- სკოლაში რომ არ დადიხარ, არ გეშინია, რომ პროგრამას ჩამორჩე?

- სკოლაში კარგად ვსწავლობ, სულ ათიანები მაქვს... ჩემი მშობლებისთვისაც უპირველესი ჩვენი სწავლაა, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ, როდესაც პროექტში გამომიშვეს. სკოლაც ხელს მიწყობს. კი, ოქროს მედალზე გავდივარ და შესაბამისად, მეც ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ მედალი ავიღო. სადაც ამდენი წელი ვისწავლე, მეცადინეობას თავი დავაკალი, ოქროს მედლის კანდიდატი გავხდი, 10-ზე ქვემოთ ნიშანი არ მიმიღია, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. პროექტის შემდეგ, არდადეგებზე, მთელ გაცდენილ მასალას ამოვქაჩავ.

- კონკურსში გათვლას რაზე აკეთებ?

- აქ ვინც მოდის, ყველა გამარჯვებისთვის მოდის, მაგრამ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. თუ მხარს დამიჭერენ, მეც მზად ვარ მაქსიმალური გავაკეთო.

"მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა" - ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან: როგორ ცხოვრობს თინეიჯერების ფავორიტი რუსკა ქარქაშაძე

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მსახიობის ძმის კომენტარი

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა