ავტორი:

წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... - თორნიკე ჯგერნაიას "უკანონო შვილი"

წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... - თორნიკე ჯგერნაიას "უკანონო შვილი"

ამბობს, რომ წიგნს 10 წელი წერდა - რამდენჯერმე გადაწერა და ყველაფერი მის თეოლოგიურ ცოდნას ემყარება. სტიგმატი თორნიკე ჯგერნაია იმასაც ამბობს, რომ მის წიგნს აქვს პერსპექტივა, ბესტსელერი და ფართო მკითხველისთვის საინტერესო გახდეს:

"თავიდან ძალიან ჰგავდა თეოლოგიურ ნაშრომს, რომელიც ვიწრო მკითხველისთვის იქნებოდა განკუთვნილი და მხოლოდ კონკრეტულად დაინტერესებული პირები თუ წაიკითხავდნენ. მერე დავფიქრდი, კარგი იქნება, თუ წიგნი ბევრისთვის საინტერესო გახდებოდა. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემს თავზე რომ არ ამეღო, ამისთვის შარშან რუსეთში ყოფნისას დავესწარი ლექციებს - როგორ დავწეროთ და შევქმნათ ბესტსელერი. ახლა კი ჩემს წიგნს აქვს პერსპექტივა ბესტსელერი გახდეს" - გვეუბნება ჯგერნაია.

მან საკუთარი წიგნის "უკანონო შვილის" პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გამართა. ნამუშევარი სათავგადასავლო მისტიკური დრამაა და მის წარდგენას ცხარე დისკუსიაც მოყვა.

- თორნიკე, როდის დაიწყე წიგნის წერა?

- ამ ზაფხულს, რუსეთიდან დავბრუნდი და დავიწყე მომზადება... 13 ივნისს, ჩემი დაბადების მეორე დღეს წავედი ბებოსთან, რომ მარტო ვყოფილიყავი და იქ, პირდაპირი გაგებით, გამოვიკეტე, რომ საკუთარი თეოლოგიური ნაშრომი მთლიანად გადამეკეთებინა. დავწერე მხატვრული მისტიკური დრამა. რთული იყო, მაგრამ როდესაც ბოლოში გავედი, მივხვდი, რომ ეს შევძელი. შევქმენი წიგნი, რომლის კითხვას თუ დაიწყებ, თავს ვერ დაანებებ - ერთი ამოსუნთქვით უნდა წაიკითხო.

ეს არის პირველი ნაწილი და აუცილებლად ექნება მეორე წიგნიც, თუმცა პირველი უფრო მეტ შეკითხვას გააჩენს. 14 თავისგან შედგება, თითოეული ატომური ბომბივითაა ზოგადად, რეალიგიაში და ნაშრომი სწორედ ამ საკითხების გარშემოა. ამ 14 საკითხის ირგვლივ აუცილებლად გაჩნდება უამრავი შეკითხვა, ხოლო წიგნის მეორე ნაწილში, კითხვებზე მეტად პასუხები იქნება.

- რა ელის მკითხველს, რომელიც შენს წიგნს ჩაუჯდება?

- წიგნის პრეისტორია 21 საუკუნის წინ, იუდეაში მიმდინარე ამბით იწყება. იუდეველები გარდაცვლილ მესიას გლოვობენ. ჩვენ მესიას ვიცნობთ როგორც ქრისტეს, თუმცა ეს პრეისტორია არ გვიკონკრეტებს იმას, თუ რომელ მესიაზეა საუბარი. ამიტომ პირველივე თავში ჩნდება შეკითხვები - ამბავი იესოზეა თუ სხვაზე?! ხომ არ იყო კიდევ სხვა ვინმე?! ამის შემდეგ კი უკვე რეალურად 21-ე საუკუნეში ვხდებით, სადაც ჟურნალისტ გოგონას რედაქტორი ავალებს, გამოიძიოს იესოს ცხოვრების დეტალები, რადგანაც აღმოჩენილია ფირფიტა, რომელიც კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრად ადრეა დაწერილი, ვიდრე იესოს ჯვარს აცვამდნენ. ქვის ფირფიტას მეცნიერებმა "გაბრიელის სახარება" დაარქვეს, რადგანაც გარდაცვლილ მესიას მთავარანგელოზი გაბრიელი ესაუბრება. ეს თეოლოგიაში მიღებული ტერმინია...

მოკლედ, ჟურნალისტი იერუსალიმში მიდის, იქ გიდს ხვდება, რომელსაც ამ ფირფიტასთან ჰქონდა შეხება. ქვის ფირფიტას ვრცელი ისტორია აქვს, შავ ბაზარზე მოხვდა, გაიყიდა... კვლევის შემდეგ მისი ასაკი, დამწერლობა დადგინდა. ყველაფერი გამოკვლეულია, გამოსაძიებელია ორი რამ - იყო თუ არა ქრისტე, ან ხომ არ მიბაძა მან ვიღაცას და მესამეც, - საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ისტორია, სადაც სახელები შეცვლილია. როგორც ვთქვი, ამბავს ყვება გიდი, რომელსაც, ვიმეორებ, ამ ფირფიტასთან ჰქონა შეხება.

შემდეგ კი იერუსალიმში იწყება 2 დროის მონაცვლეობა... მკითხველი იერუსალიმში, წმინდა ადგილებზე იმოგზაურებს, რადგანაც ჟურნალისტი იესოს გზას გადის. ხვდება ადამიანებს დღევანდელ იერუსალიმშიც, მაგრამ როდესაც გიდთან ერთად კონკრეტულ ადგილზე მიდიან, გიდი თხრობას იწყებს... პირველი სცენა გეთსამანიის ბაღშია, სადაც ქრისტე შეპყრობამდე განმარტოვდა. ოღონდ, მთავარია, რომ გიდი ამ ისტორიებს განსხვავებულად ჰყვება, არა ისე, როგორც ჩვენ ვიცით...

- არ გეშინია, რომ რიგი საკითხის გამო მკითხველს აიმხედრებ?

- ყველაფერი თეოლოგიური და ისტორიული ფაქტითაა გამყარებული... ხშირად მითქვამს, რომ ამბებს 21-ე საუკუნის წინ ვხედავ. ის ჩემი სამყაროა და წიგნში ამიტომაც ვმოგზაურობთ დროში. უამრავ კითხვაზე პასუხს წიგნის ბოლოში იგებს მკითხველი.

- ჟურნალისტმა მიაღწია მიზანს?

- ჟურნალისტმა, როგორც ადამიანმა იპოვა საკუთარი თავი. ვიმეორებ, წიგნის კითხვისას ზოგს იმედები გაუცრუვდება, ზოგი - გაბრაზდება, ზოგი კმაყოფილი დარჩება. ამიტომაა ის ყველასთვის. საბოლოოდ კი, წიგნი არის ზოგადად ადამიანებისთვის, სარწმუნოებისა და რწმენის მიუხედავად.

- ამბობ, რომ "ეს არის ყველაზე შეულამაზებელი ისტორია ჩემზე, შენზე და ღმერთზე", როგორ გიპოვით წიგნში?

- ჩემი მისტიკური სხეული იქ საკმაო დოზითაა წარმოდგენილი. ამიტომაა წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... თუ ორი ადამიანი ერთ რაღაცაზე საუბრობს, ისინი შეიძლება, გაერთიანდნენ, ან მტრები გახდნენ. მიმაჩნია, რომ წიგნი გაგვაერთიანებს მე, შენ და ღმერთს. წიგნი ადამიანურია, ყველა სათაყვანებელი ფიგურა ჩვენთვის გასაგებ ენეზე საუბრობს, და არა მუხლებით და თავებით სახარებიდან...

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა