ავტორი:

"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში, როცა კერძო ფონდი იხდის ფულს?" - დემურ გიორხელიძე ვალების განულების პროგრამაზე

"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში, როცა კერძო ფონდი იხდის ფულს?" - დემურ გიორხელიძე ვალების განულების პროგრამაზე

ვალების განულების პროგრამის ამოქმედებამდე ათი დღე დარჩა, თუმცა ვებ-გვერდი სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ, მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, ჯერჯერობით არ ამოქმედებულა და პროგრამის ირგვლივ კვლავ უამრავი კითხვა არსებობს საზოგადოებაში.

ფინანსთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, პროცესი იმიტომ გაიწელა, რომ სესხების პატიების პროექტში სესხის გამცემი კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ჩაერთო და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან.

"ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. "შავი სიიდან" ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა" - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო: რა ტიპის გარიგება შედგა "ქართუსა" და ბანკებს შორის? - გასაგები განმარტება სპეციალისტებისგან

იმაზე, თუ რა ტიპის გარიგება შედგა ფონდ "ქართუსა" და ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, არც ფინანსთა სამინისტრო საუბრობს და არც ფონდი. ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ისაუბრა:

"ერთადერთი საღი მოსაზრება, რაც ამასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, არის ის, რომ თუ მე მაქვს "მკვდარი ვალი" და მას მაინც ვერ ამოვიღებ, მირჩევნია გავყიდო, თუ ამაში რამეს გადამიხდიან. "ქართუ" გასაგებია რითაც არის დაინტერესებული: აქ კომერციული ინტერესი არ არის, რადგან ვალს თუ ყიდულობ, შეიძლება გქონდეს ინტერესი, რომ ამ ვალს ამოიღებ, თუმცა "ქართუ" ამ ვალს ვერ ამოიღებს.

რა, გამოისყიდის და მერე უკან მოსთხოვს ამ ხალხს ვალის დაბრუნებას? თუ სასამართლოში უჩივლებს? ეს ამორალური საქციელი იქნება, ერთის მხრივ არჩევნებამდე უთხრა, გაგინულე ვალები და მერე მოსთხოვო დაბრუნება. შესაბამისად, "ქართუ" აკეთებს ამას მისი მფლობელის ინტერესიდან გამომდინარე და ეს პოლიტიკური ინტერესია" - აცხადებს გიორხელიძე.

ექსპერტის მოსაზრებით, კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა სესხების განულების საკითხში არ გარეულიყო, რადგან ყველაფერი ნეგატიური, საბოლოო ჯამში, ისევ მთავრობას დაატყდება თავს. გიორხელიძე ვალების განულებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება არის - "მხოლოდ მოსყიდვა და სხვა არაფერი“.

"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში არ მესმის, როცა კერძო ფონდი იხდის ამ ფულს, თუ იხდის რაიმეს. კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა ამ საქმეში არ გარეულიყო.

თუ საქართველოს ხელისუფლება ამ ბინძურ საფინანსო ბაზარს არ გაწმენდს, ეს ველური გარემო არანაირ ნორმაში არ ჯდება. რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი ფული ჰაერიდან აკეთო? მე ვგულისხმობ ონლაინსესხების კომპანიებს. ყველა ქვეყანაში არის მძლავრი, ცივილიზებული საბანკო სექტორი, სხვა ლოკალური ფინანსური ინსტიტუტები აკმაყოფილებენ მოთხოვნას ფულზე, აქ არ კმაყოფილდება მოთხოვნები ფულზე“, - განაცხადა გიორხელიძემ.

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?