ავტორი:

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე, რომელიც რუსულ ტანკებს ცოცხალი შემთხვევით გადაურჩა, მთელი ცხოვრებაა საკუთარ ჭერზე ოცნებობდა.

ლელა ვეფხვაძე წლებია ქირით ცხოვრობდა და პერიოდულად ბინის დაცლა უწევდა, რაც მისთვის, როგორც უსინათლო პირისთვის, დიდ სირთულეს წარმოადგენდა. როგორც აღმოჩნდა, მას ეს პრობლემა ამიერიდან აღარ ექნება, რადგან საკუთარ სახლში იცხოვრებს.

ლელა ვეფხვაძეს ფოდმა "ქართუმ" ბინა უყიდა. AMBEBI.GE 9 აპრილის გმირს დაუკავშირდა:

- მადლობა უფალს, რომ კარგად ვარ და ჩემი ბინა მაქვს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. მე ქირით ვცხოვრობდი ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, უკვე ძალიან ბევრი წელია. ამ ბინაში 600 ლარს ვიხდიდი ქირით, საიდანაც მერია 400 ლარს მიფინანსებდა. მართალია 2 წელი კიდევ მქონდა დარჩენილი ხელშეკრულების ამოწურვამდე, მაგრამ მოულოდნელად დამიკავშირდა მეპატრონე და მითხრა, რომ გაყიდვა გადაწყვიტა.

არასოდეს დამიწერია სოციალურ ქსელში პესიმისტური პოსტი, მაგრამ მეპატრონესთან საუბრის შემდეგ, ტელეფონი რომ გავთიშე იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, რომ ამის შესახებ სოციალრუ ქსელში დავწერე. ამის შემდეგ გამომეხმაურნენ ჟურნალისტები და რამდენიმე მასალა გაკეთდა. როგორც სტატია, ასევე რეპორტაჟი, "ტვ პირველზე".

გადაცემის გასვლის შემდეგ მაკა სახურია დამიკავშირდა. ეს ქალბატონი პირველი კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, მითხრა, რომ ბევრი ადამიანი დაუკავშირდა და აქციის დაწყებას აპირებდა, სახელწოდებით - "ლელას ჭერისთვის". მაკას ზარის შემდეგ, დამირეკა ასევე ბიზნესმენმა ლევან მაღლაკელიძემ, მოვიდა სახლში ჩემთან და ორი თვის ბინის ქირა დამიტოვა.

როდესაც ვუთხარი მაკას აქციის შესახებ, გაერთიანდნენ და აქციას უფრო მასშტაბური სახე მიეცა. ამ აქციაში იყო ჩართული ცნობილი ემიგრანტი იტალიაში, 9 აპრილის ერთ-ერთი გმირი გოგონა დროშით, ნანა მახარაძე და გელა იზორია. აქციის ფარგლებში ძალიან ნელა გროვდებოდა ფული და ბოლოს არ ვიცი როგორ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდა. ძალიან ახლოს მიიტანა გულთან და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას.

მისი ქველმოქმედების შესახებ ძალიან ბევრი მსმენია, მაგრამ ჩემს მიმართაც თუ იგივეს გააკეთებდა, წარმოდგენა არ მქონდა. ფონდი "ქართუ" მაკას დაუკავშირდა და ბინის ძებნა დაიწყეს და მიყიდეს.

- უკვე გადახვედით ბინაში?

- ჯერ არა, ყოფილმა მეპატრონემ მთხოვა, რომ ცოტა ხანს ვაცადო. დიდი ბინაა და იატაკზე არავის მოგვიწევს დაძინება. არასოდეს არ ვყოფილვარ გაუმაძღარი ადამიანი და რაც მაქვს, კმაყოფილი ვარ. ვარკეთილშია ბინა და წუხელ არ მეძინა ბედნიერებისგან. წნევამ ამიწია და ძლივს მივედი იუსტიციის სახლამდე დღეს გასაფორმებლად. მთელი ოჯახი გახარებულია.

- რა შეიცვლება ამით თქვენს ცხოვრებაში?

- არავინ აღარ მომადგება და არ მეტყვის, ჩემს ბინაში ხარ და გადადიო. იმ ადამიანებს თავისი ბინა სჭირდებათ და რა უფლება მაქვს არ დავუცალო. თან ბინების შეცვლაში რასაც ვყიდულობდი ყველაფერი მეკარგებოდა, ფუჭდებოდა. თან ჩემთვის ადაპტაცია ადვილი არ არის, მე ყველგან ვერ მივალ, ძლივს მივეჩვიე ამ უბანს და გადასვლა მჭირდებოდა.

მეტროში ვმღერი და ჩემი შემოსავალი ესაა და მეტროსთან თუ ახლოს არაა ბინა, ძნელია ჩემთვის. მართლა სასწაულია, ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას. მე ალბათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვერ შევხვდები და დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის, საოცარი ბუნების ადამიანებია და მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები გვყავს და მის ოჯახს სიკეთე არ მოაკლოს ღმერთმა. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ამ კამპანიის დროს მე შევიძინე მეგობრები, რომლებიც ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან და ესეც ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ბინა ბინააა და კარგია, მაგრამ უბედნიერესი ვარ ამ ადამიანების პოვნით.

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

8 დარღვევა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება

"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ