ავტორი:

მოტყუებული მდგმურები და მოკლული დიასახლისი - ბინის დაგირავების თაღლითური სქემები თბილისში

მოტყუებული მდგმურები და მოკლული დიასახლისი - ბინის დაგირავების თაღლითური სქემები თბილისში

26 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 25 წლის მდგმურმა ბინის "დიასახლისი" ცივი იარაღით მოკლა. მოკლული 45 წლის სვეტლანა ამოევი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული დედასთან ერთად გირაობდა სამოთახიან ბინაში ერთ ოთახს და დიასახლისიც მათთან ერთად ცხოვრობდა. 25 წლის ახალგაზრდა არ მუშაობდა და მთელ დღეებს ძირითადად სახლში ატარებდა, ხოლო დედამისი ვაჭრობდა და სახლში იშვიათად უწევდა ყოფნა. პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.ხ. მკვლელობიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავა. თავიდან საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა. თუმცა, როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა - მას მკვლელობის გარდა, გაუპატიურების მცდელობაც ედება ბრალად.

მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბევრი უცნობი, გამაოგნებელი დეტალი გაახმაურა. მისი თქმით, მოკლული ქალისგან ერთ დროს თავადაც გირაობდა ბინას. მოგვიანებით კი გაარკვია, რომ ბინა სადაც გირით დიასახლისთან ერთად ცხოვრობდა, თავად დიასახლისს ნაქირავები ჰქონდა:

"ჩემნაირად ატყუებდა ყველას და სახლის ყველა ოთახი დაგირავებული ჰქონდა. მკვლელობა მესამე ბინაში მოხდა. ისიც ქირით ჰქონდა აღებული, სადაც მდგმურს შემოაკვდა (ვიცნობდი იმ ბიჭს გარკვეული პერიოდი ერთ სახლში, გვერდი-გვერდ ოთახებში ვცხოვრობდით). ბინაში ცხოვრების დროს ყულაბა გამიტეხეს და ფული მომპარეს, დიასახლისმა სხვას დააბრალა და სახლიდან გაუშვა, თურმე მას მოუპარავს... ახლა ვსხედვართ ყველა დაზარალებული, რომლებსაც ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ, ვინ უნდა დაგვიბრუნოს თანხა" - წერს ვაჩიბერაძე პოსტში.

მის მსგავსად, მოკლული სვეტლანა ამოევისთვის გირაოს თანხა ოთხ ოჯახს ჰქონდა მიცემული, ამის დამადასტურებელი ხელშეკრულება კი არცერთ მათგანს არ გაუფორმებია. ქალბატონი დ.მ. ერთ-ერთი დაზარალებულია:

"გავყიდე საკუთარი ბინა, რადგან გირაო მყავდა ბინიდან გასაყვანი, რომ გადავუხადე გირაო მდგმურებს, ცოტა დამრჩა თანხა და ვფიქრობდი, რაც შეიძლება იაფად მეგირავებინა. მეტროს ამოსასვლელში იყო გაკრული განცხადებები, ხან 2500 ლარად, ხან 3000 ლარად, ფასი იყო მაცდუნებელი. დავურეკე და ამ ქალბატონმა შემიყვანა ერთოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში.

მე პირადად 3000 ლარად დავიგირავე. ასეთ დაბალ ფასს ამართლებდა იმით, რომ თანხა ისევ მისი გადასახდელი იყო და დიდი თანხის უკან დაბრუნება გაუჭირდებოდა. მარწმუნებდა, ფული ბიზნესის წამოსაწყებად მჭირდებაო. მატყუებდა, ბინა ჩემი ძმისაა, რომელიც რუსეთში ბიზნესმენია და მინდობილობა უნდა გამომიგზავნოს, რომ ხელშეკრულება გავაფორმოთ ნოტარიუსთანო. ველოდებოდით ვითომ ამ მინდობილობის გამოგზავნას, მაგრამ ამასობაში ისეთი საოცარი ნდობა დაიმსახურა ჩემთან, შემრცხვა კიდევაც, რომ ხელშეკრულების გაფორმება მომეთხოვა. ამ ბინაში გასულ თვეს შემოვედი და ერთი წლით გირაობაზე ვიყავით შეთანხმებულები. ახლაც ამ ბინაში ვცხოვრობ. უკვე გამოჩნდა ბინის მესაკუთრე და ამ დღეებში უნდა შევხვდე" - ამბობს დ.მ.

უცნობია, მოხდა თუ არა მკვლელობა თანხის თაღლითურად გამოძალვის ნიადაგზე, მაგრამ ამ ამბავმა კიდევ ერთხელ წამოჭრა ქვეყანაში არსებული ერთი პრობლემა - ბინის გირაობის, თუ ქირაობის დროს თაღლითურ ქსელში გაბმული ადამიანები. ბევრს დღემდე ემახსოვრება 2015 წელს თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმე. 1964 წელს დაბადებული ცისანა ჯ. საკუთარ ბინას სისტემატურად, თაღლითურად აგირავებდა და მოტყუებული მოქალაქეებისგან თანხებს ითვისებდა. მის მიერ თაღლითური გზით მოპოვებულმა თანხამ ჯამში 51 000 აშშ დოლარი შეადგენა. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრ მსგავს საქმეზე დამნაშავის გამოვლენა და დასჯა ვერ მოხერხდა.

AMBEBI.GE-ს დაუკავშირდა მანანა კვასტიანი, რომელიც თაღლითური სქემის მსხვერპლი რამდენიმე წლის წინ გახდა.

"გაზეთში ვნახე განცხადება, რომ მასწავლებელი ქალბატონი აგირავებდა ბინას, მივედი და 6 500 დოლარად დავიგირავე. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ბინა ჩემსავით ბევრ ადამიანზე ჰქონია მიგირავებული. ერთ დღესაც მითხრა - რაღაც პრობლემა შემექმნა და ჩემი ნათესავის ბინაში გადადი, კარგი ბინაა და ქირას მე გადავიხდი, შენ პრობლემა არ შეგექმნებაო. სესხის ხელშეკრულება გავაკეთეთ. შეპირებული ქირა რომ არ გადაიხადა, იმ ოჯახმა გამომაგდო.

მერე გავიგე, რომ შეკრულები ყოფილან. თურმე ჩემსავით ასე ათეულობით ადამიანზე ჰქონია ვითომ მიგირავებული ეს ბინა. ეს ქალბატონი გაუჩინარდა, ამბობენ საზღვარგარეთ წავიდაო. დაახლოებით 300 ადამიანი დაუზარალებია ასე. ქირაობდა ბინებს, შეიყვანდა რამდენიმე თვით, გადაუხდიდა ქირას და შემდეგ ტოვებდა" - გვიყვება დაზარალებული მანანა კვასტიანი.

არსებული რეალობით, როდესაც ადამიანები ასეთი თაღლითური სქემების მსხვერპლნი ხდებიან, მთელი პასუხისმგებლობა მათზეა. უპირობო ნდობა ყოველთვის ძვირი ჯდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მატერიალურ გარიგებებს ეხება. იურისტები პრობლემას მოქალაქეების ინფორმირებულობის ნაკლებობაში ხედავენ და მათ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

"პირველ რიგში ორივე მხარემ - მსესხებელმაც და ბინის მფლობელმაც - უნდა გააფორმოს არა მარტო სესხის, არამედ იპოთეკის ხელშეკრულებაც და მერე, ეს ყველაფერი სანოტარო წესითაც უნდა გაფორმდეს. თუ მსესხებელი თანხას ვერ დააბრუნებს, თანხის მესაკუთრე ამას ქონების რეალიზაციით მაინც შეძლებს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ხელშეკრულებას არ აფორმებენ და თანხის გადაცემა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ხდება. ეს დიდი რისკი და შეცდომაა, რადგან გამსესხებელმა შეიძლება ვერც დაამტკიცოს, რომ თანხა გაასესხა. შეიძლება მან ეს თანხა კიდეც დაკარგოს, რადგან მესაკუთრეს აქვს უფლება სასამართლოს მისი გამოსახლების თხოვნით მიმართოს" - ამბობს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი.

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს