ავტორი:

არ ვამბობ, რომ "ბულკია", მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა -  მინდია გოგოჭურის მამა ვაჟის კრიმინალურ წარსულსა და ბოლო დაკავებაზე

არ ვამბობ, რომ "ბულკია", მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა -  მინდია გოგოჭურის მამა ვაჟის კრიმინალურ წარსულსა და ბოლო დაკავებაზე

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის განცხადებით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი.

როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მამუკა გოგოჭური ამბობს, მისი შვილი „ბულკი“ არ არის, თუმცა, ამ შემთხვევაში უდანაშაულოა.

„იმ ბინაში, არც იარაღი ყოფილა და არც სხვა უკანონო ნივთი. 6 საათზე მეტხანს ჩხრეკდნენ და არაფერი უპოვიათ. ამბობენ, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ იარაღიო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი იარაღებია. მინდიაზე ზეწოლა სულ იყო, წარამარა გადმოჰყავდათ მანქანიდან და ჩხრეკდნენ. რამდენიმეჯერ მის მეგობრებს ჩაუდეს წამალი, მაგრამ ისინი გამართლდნენ, დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს ნარკოტიკს უდებდნენ. ამის გამო საპროტესტო აქციებიც გაიმართა დევიზით: "არა ჩადებას". ასეთ პირებს აკვირდებიან და ისინი პოლიციისთვის არასასურველი ადამიანები ხდებიან”, - აცხადებს გოგოჭური.

როგორც გოგოჭური ამბობს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პირი, რომელიც მის შვილთან ერთად დააკავეს, ძებნილი იყო.

„ეს ბიჭი 2 თვის წინ გავიცანი. ახლა გავიგე, რომ ძებნილი ყოფილა, არადა, ჩვეულებრივ დადიოდა ქუჩაში. როცა კაცი ძებნილია, არ დაიმალება? თუ იძებნება, ტელევიზორში ან ქუჩაში ხომ უნდა ყოფილიყო მისი ფოტოები, ან ინფორმაცია, რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდა“, - აცხადებს მამუკა გოგოჭური.

მისივე თქმით, მინდია გოგოჭური სამჯერ არის ნასამართლევი, თუმცა, ეს ნასამართლეობები გაქარწყლებული აქვს. რაც შეეხება ტარყაშვილის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდებებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მონაწილედ მინდია გოგოჭურსაც ასახელებს, მამუკა გოგოჭურის თქმით, ეს ბრალდებები აბსურდია.

„აბსურდია. ჩემს შვილს იმ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. იმ დღეს, როცა დანაშაული მოხდა, მინდია თანაკლასელთან ერთად კაფე "ორ ლულაში" იყო. მინდია მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი იყო. სანდროს მკვლელობის დროს ესენი ბავშვები იყვნენ. რა თქმა უნდა, აგრესია ჰქონდათ სანდროს მკვლელობის გამო, სამაგიეროს გადახდის სურვილიც, თუმცა გამოძიებამ კარგად იცის, რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება ფირს, იქ მინდია არ ჩანს. ტარყაშვილის დედა ძალიან მეცოდება, ღმერთმა შეუნდოს, რასაც ამბობს, მაგრამ არ შეიძლება ასე ადამიანს ცილი დასწამო. ფირში ჩანს თავგადაპარსული ადამიანის სილუეტი, რომელიც გარბის, კარგად იციან, ვინ არის ის სინამდვილეში. ბიჭები კაფედან ერთად გამოვიდნენ, ნახეს, რომ რუსთაველი გადაკეტილი იყო, ამიტომ ტაქსით წამოვიდნენ და მაშინ გაიგეს, რომ ვიღაც მოკლეს, მივიდნენ და ნახეს მოკლული. მინდიას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სამივეჯერ მარიხუანას გამო დააკავეს. ჯერ ჯარიმა გადაახდევინეს, მერე პირობითი ჰქონდა, შემდეგ დაიჭირეს ისევ მარიხუანაზე და გაუცოცხლეს ის პირობითი სასჯელიც“, - აცხადებს გოგოჭური.

მამუკა გოგოჭურის თქმით, მისი შვილი საფრთხეს გრძნობდა, ამიტომ თავდაცვის მიზნით ჯავშანჟილეტი ჰქონდა.

„მინდია რამდენჯერმე დაჭრეს. ერთხელ დაჭრეს, ეს საქმე არ გაიხსნა, ამ ზაფხულს მეორედაც დაჭრეს მიხეილ თათარაშვილთან ერთად, ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ძლივს გადარჩა, მაგრამ ვინმემ გამოიძია ეს ფაქტები? ჯავშანჟილეტი ეცვა, რადგან დაუცველი იყო. არ ჩაეცვა? კიდევ რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მაგრამ მაშინ ასცდა ტყვია. ეს არ გახმაურებულა, რაც გახმაურდა, ის გამოიძიეს? ვფიქრობ, იცის, ვინ დაჭრა, მაგრამ არ მეტყოდა. რის გამო დაჭრეს, არ ვიცი, ალბათ, გავლენები ჰქონდა ამ ადამიანებზე. ვიღაცამ ვერ გადალახა წინააღმდეგობა და ესროლეს. ვუთხარი, დაცვა ავიყვანოთ-მეთქი, სირცხვილია, დაცვით რომ ვიაროო. ქუჩაში რომ გადიოდა, სულ დაძაბული ვიყავი, თავდასხმების მერე მანქანის ნომრებს ცვლიდა, ერთი მანქანიდან მეორეში ჯდებოდა. დიახ, ეშინია. როგორც გითხარით, ამ ზაფხულს 4 ტყვია ესროლეს, ორი ბარძაყში, ჩამსხვრეული ჰქონდა ფეხები. ეს დანაშაული ვერ გახსნეს და ახლა ასეთი დამძიმებული ბრალი წაუყენეს იმიტომ, რომ გარეთ არ დარჩენილიყო. რომ ამბობენ, ჯგუფურად იარაღი შეიძინესო, რა საფუძველი აქვთ? ასე შექმნეს მონსტრის ბექგრაუნდი. პირველად რომ დაიჭირეს, 18 წლის იყო, ორ დღეში მისაღები გამოცდები ჰქონდა. მასწავლებელთან მიდიოდა და ჩხუბი მოხდა, თანატოლებმა იჩხუბეს. იმ ბავშვმა 27-30 წლის კაცები მოიყვანა, 30 თუ 40 კაცი მონაწილეობდა ჩხუბში. მაშინ ორი მამაკაცი დაჭრეს, მინდიაც მძიმედ იყო ნაცემი და იმ ადგილას დააკავეს, სადაც ორი კაცი დაჭრეს. 100 პროცენტით გეტყვით, მინდიას იარაღი არ ჰქონია. 2006 წელია, წარმოიდგინეთ, ისე იყო ნაცემი, ციხემ არ მიიღო და არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ იქ ორი მძიმე ავადმყოფი პატიმარი იწვა და ორივეს ბადრაგი დარაჯობდა. მინდიასაც დაუყენეს დაცვა და ასეთ ნაცემს ორი კაცის დაჭრაში დასდეს ბრალი. ერთ დღეს ბადრაგებს ჩაეძინათ და მინდია გამოიპარა. ძებნილად გამოაცხადეს და მაშინ დატრიალდა შავი პიარი... მაშინ მეგობრებმა მითხრეს, ვერ დაამტკიცებს სიმართლეს და ჯობია, არ გამოჩნდესო, თუმცა დაჭრილმა თქვა, რომ მინდიას არ დაუჭრია. პროკურატურამ 2007 წელს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმე და მინდია გამართლდა“, - აცხადებს მამუკა გოგოჭური.

რაც შეეხსება მინდია გოგოჭურის კავშირს და გავლენებს კრიმინალურ სამყაროზე, მამუკა გოგოჭური ამბობს, რომ მისი შვილი „ბულკი“ არ არის.

„არ ვამბობ, რომ მინდია "ბულკია". პრინციპული ადამიანია. არასდროს იტყვის ტყუილს. არ მახსოვს, მე ან მეგობრები მოეტყუებინოს. მერე პლანისთვის დააკავეს. ვანში მეზობლის ეზოში გადადიოდნენ პლანზე და მაშინ დაიჭირეს, 7-დან 14 წლამდე ემუქრებოდა, მანამდე 2.000 ლარი გადავიხადე ჯარიმა. ვანში რომ დაიჭირეს, ერთი თვე იჯდა ციხეში, სხვა დროს ციხეში არასოდეს მჯდარა“, - აცხადებს მამუკა გოგოჭური.

ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დეკემბერს მისი და მისი მეგობრის, ძებნილი გიორგი რაზმაძის ხმაურიანი დაკავება ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა. წაიკითხეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ