ავტორი:

"რუსი კახპა", რომელიც სალვადორ დალის ღვთაება იყო - მხატვრისა და გალას ბობოქარი სიყვარულის ამბავი

"რუსი კახპა", რომელიც სალვადორ დალის ღვთაება იყო - მხატვრისა და გალას ბობოქარი სიყვარულის ამბავი

სალვადორ დალი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე მსოფლიო დიდების შარავანდედით იყო მოსილი. პაბლო პიკასოს გარდა, ალბათ ვერავინ შეედრებოდა პოპულარობაში. დალიმ თავისი შემოქმედების უსაზღვრო ფანტაზია საკუთარ ცხოვრებაზეც გადაიტანა და სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.

მხატვრის შემოქმედებაში უხვადაა მეუღლის პორტრეტები, რომელიც მისი უსაყვარლესი მოდელი იყო, მხატვრის მეორე "მე". დალის და გალას სიყვარულის და თანამშრომლობის ისტორია, მხატვრის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესოა...

გალა საოცარი არტისტიზმით გამოირჩეოდა. რუსი არისტოკრატი, ელენე დიაკონოვა თავიდან პოეტ პოლ ელუარის ცოლი გახლდათ, რომელმაც უწოდა კიდეც "გალა", რაც ფრანგულ ენაზე წააგავს სიტყვებს - "საზეიმო", "ზეიმი".

...1934 წლის 30 იანვარს თითქოსდა ჩვეულებრივი ამბავი მოხდა: ორი ადამიანი დაქორწინდა. ნეფე - სალვადორ დომენიკ ფელიპე ჯასტინ დალი, პატარძალი კი ელენა დიაკონოვა, მომავალში - გალა დალი. არაჩვეულებრივი კი ის გახლდათ, რომ წყვილმა მას შემდეგ 50-ჯერ მაინც იქორწინა. ყველა ცერემონიაზე იცვლებოდა მხოლოდ ქვეყნები. სალვადორ დალის მოგვიანებით განუცხადებია: "გალა დედაჩემზე, მამაჩემზე, პიკასოსა და ფულზე მეტადაც კი მიყვარს!"

მანამდე კი იყო 1929 წელი, კადისი, ესპანეთი. შეხვედრა. საღამო. ზეთისხილი და მთვარე. 11 წლით უმცროს სალვადორს ელენა ეტყვის: "პატარავ, არასოდეს მიგატოვებ"...

მრავალი წლის შემდეგ, როცა გალა და სალვადორი უკვე დაქორწინებული და მდიდრებიც არიან, მათ სახლში ფუმფულა ბოცვრები სახლობენ, რომლებსაც სალვადორი სულში იძვრენს, მაგრამ სანიმუშო ქმარი უნებლიეთ უხეშად მიმართავს ცოლს და... გალას ბრძანებით ბოცვრებს ხოცავენ, ატყავებენ, და სუფრაზე მიაქვთ... სკანდალური ორგიები (გალა დალისა და თავის პირველ ქმართან, პოეტ პოლ ელუართან ერთად თავდავიწყებულ სიყვარულს ეძლევა), საყვარლების ცვლა... თუმცა სალვადორი ამბობდა: "ნებას ვრთავ ჩემს გალას, იმდენი საყვარელი ჰყავდეს, რამდენიც მოეგუნებება..."

გალა დალი "ავხორც ვალკირიად", "ქვაწვია რუს კახპად" შერაცხეს. თუმცა, გალას შეუძლია სხვანაირიც იყოს - როცა დალის ფერწერა ფასს კარგავდა, გალერეებში დარბოდა და მყიდველს ეხვეწებოდა: "შეიძინეთ ჩვენი გამოგონებები! მალე ამ გენიოსის წყალობით გამდიდრდებით!" გამოგონებები კი სულაც არ იყო ურიგო: გამჭვირვალე მანეკენები, დასაწებებელი ფრჩხილები, ხელოვნური მკერდი, ავტომანქანის მრგვალი ძარა... სხვათა შორის, "ჩუპა-ჩუპსის" შესაფუთი ქაღალდიც სალვადორ დალის გამოგონილია...

გენიალური და ამასთან, ახირებული მხატვრისთვის, რომელსაც ქალები აშინებდა, გალა ღვთაება იყო. წიგნში - "ერთი გენიოსის დღიურები" მხატვარი წერს: "ვუძღვნი ამ წიგნს ჩემს გენიას, ჩემს გამარჯვების ქალღმერთ გალას, ჩემს ელენე ტროელს, ჩემს წმინდა ელენეს, ჩემს ზღვის ზედაპირივით ბრწყინვალე გალათეას"...

სფეროების გალათეა

საყვარელი მეუღლის პორტრეტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "სფეროების გალათეა", რომელიც სალვადორ დალიმ 1952 წელს დახატა. ეს გალა დალის პორტრეტია, რომელშიც ქალის სახე სფეროებით უკავშირდება ერთმანეთს. ნახატი უკავშირდება სალვადორ დალის გატაცებას ატომური ფიზიკით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1945 წელს ატომურმა ბომბმა გაანადგურა ჰიროსიმა და ნაგასაკი. დალიმ შეიტყო, რომ ატომები, რომლისგანაც სამყაროში ყველაფერი შედგება, შექმნილია ელემენტარული ნაწილაკებისგან, რომლებიც ერთმანეთს არ ეხებიან. მხატვრისთვის, რომელიც ვერ იტანდა შეხებას, ეს სიმბოლური აღმოჩნდა. დალი ამბობდა - "ატომი ჩემი გონების საყვარელი საკვები გახდა"...

1934 წელს წყვილი ამერიკაში მიემგზავრება, რადგან ქალს ინტუიცია კარნახობს, რომ სწორედ ამერიკელები აღფრთოვანდებიან მხატვრის ტალანტით. არც შემცდარა, აშშ-ში სალვადორს სენსაციური წარმატება ერგო - ქვეყანა სიურრეალისტურმა "ციებ-ცხელებამ" შეიპყრო... აშშ-ში გალა აწყობს ქმრის ნახატების გამოფენებს, დალი კითხულობს ლექციებს, ხატავს მდიდარი ამერიკელების პორტრეტებს, კოსტიუმებს საბალეტო და საოპერო წარმოდგენებისთვის, თხზავს სცენარებს, აფორმებს მდიდრული მაღაზიების ვიტრინებს მეხუთე ავენიუზე, თანამშრომლობს ჰიჩკოკსა და დისნეისთან.

40-იანი წლების ბოლოს ცოლ-ქმარი ტრიუმფით ბრუნდება ევროპაში. წყვილს ყველაფერი აქვს - სიმდიდრე და სახელი, მაგრამ გალას სიბერე ეპარება... 1968 წელს მხატვარი თავისი 74 წლის მუზისთვის, რომელიც უწინდებურად ცდილობს მამაკაცების ცდუნებას, შუა საუკუნეების ხანის პუბოლის ციხე-კოშკს ყიდულობს, თავად კი იქ სტუმრობა მხოლოდ ცოლის წერილობითი თანხმობით შეუძლია.

გალამ 88 წელი იცოცხლა. სიცოცხლის ბოლო წლები სნეული იყო. ალბათ, ამიტომაც წერდა: "სიკვდილის დღე ყველაზე ბედნიერი იქნება ჩემს ცხოვრებაში"... ეს დღე 1982 წლის 10 ივნისს დადგა. სალვადორ დალის ქალღმერთი მინის თავსახურიანი კუბოთი პუბოლის საძვალეში დაკრძალეს.

გალას გარდაცვალების შემდეგ დალიმ სამუდამოდ მიატოვა ფუნჯი და ტილო, ხანგამოშვებით ყმუოდა, ჭამა აიკრძალა და თუ დააძალებდნენ, მომვლელს სახეს ახოკავდა. საათობით იჯდა დარაბებდახურულ ფანჯარასთან და სიცარიელეს აშტერდებოდა... გენიალურმა მხატვარმა საყვარელ ქალზე 7 წლით მეტი იცოცხლა.

მომზადებულია kvirispalitra.ge-ს მიხედვით

15 აპრილიდან, "კვირის პალიტრასთან" ერთად, ხალხის მოთხოვნით გამოვა დალის ოთხი ნახატი:

  • „მეხსიერების მდგრადობა“
  • „სფეროების გალატეა“
  • „ფანჯარასთან მდგარი გოგონა“
  • „ბროწეულის ირგვლივ ფუტკრის ფრენით“

შექმენი შედევრების საკუთარი კოლექცია!

იჩქარეთ, რათა დაამშვენოთ თქვენი სახლი დიდი მხატვრების შედევრებით! ხმის მიცემა გრძელდება. პროექტი "დიდი მხატვრების შედევრები" ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 12 მხატვრის 3-3 ნამუშევარი თვეში ერთხელ გამოვა.

გადახედეთ მხატვრების შედევრებს და მიეცით ხმა თქვენს რჩეულს, რათა მოხვდეს 12 რჩეულ შორის - დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ