ავტორი:

როდის დააკომპლექტებს გუნდს  სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის კომენტარი

როდის დააკომპლექტებს გუნდს  სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის კომენტარი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდს მომავალ კვირაში დააკომპლექტებს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ინაუგურაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გარკვეული დეტალები კიდევ არის დასაზუსტებელი. ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელი უცხოელი სტუმარი ჩამოვა ინაუგურაციაზე და განმარტა, რომ სტუმართა სია საგარეო უწყების პროტოკოლს აქვს.

„კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი. მე მგონი, ბოლოსკენ გავდივართ. ცხადია, ახლა დეტალებს არ გაგაცნობთ, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ყველასთვის ერთდროულად სანახავი და ამის საშუალება ყველას ექნება. რამდენადაც შევძელით, იქნება სისადავე. რაც შეეხება გუნდს, იქით კვირას დავაკომპლექტებ. დავიწყებთ ოფიციალურ შეხვედრებს. ჯერ არ ვარ პრეზიდენტი და არ მაქვს უფლება-მოსილება, რომ ოფიციალურად შევთავაზო ადამიანებს პოსტი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ჯერ ერთი, მე მგონი კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მეორე, მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია კარასინის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნატო-ს წვრთნებზეა საუბარი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ვალდებული არ არის გრიგორი კარასინის ყველა განცხადებას უპასუხოს.

„მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, რომ კარასინის ყველა სიტყვას ვუპასუხო. გიპასუხეთ, რომ ის არ არის პოლიტიკური პირი. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ველოდებით, რომ დადებითად შეიცვალოს რუსეთის დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაღელვებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ „საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები