ავტორი:

რა ფიცს დადებს სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პრეზიდენტების ფიცის ტექსტის ისტორია

რა ფიცს დადებს სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პრეზიდენტების ფიცის ტექსტის ისტორია

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს სამ ადგილზე გაიმართება: თავდაპირველად ის თბილისში გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს დაღუპულ ჯარისკაცებს, შემდეგ - მთაწმინდის პანთეონში წმინდა ილია მართლის საფლავს, ფიცის დადების ცერემონია კი ქალაქ თელავში, ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი ტრადიციულ, რამდენიმესტრიქონიან ფიცს წარმოთქვამს. კონსტიტუციაში ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტის ფიცის ტექსტი არ შეცვლილა. ახალი პრეზიდენტის ფიცი იდენტურია ედურად შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ფიცის ტექსტებთან, თუმცა განსხვავებული ზვიად გამსახურდიას ფიცისგან.

ფიცის ტექსტი თავის დროზე 1993 წელს საკონსტიტუციო კომისიამ შეადგინა. სავარაუდოდ, მის ავტორად მიხეილ ნანეიშვილი განიხილება, რომელიც იმ დროს კომისია ხელმძღვანელობდა.

"მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის" - ეს არის ეს ფიცის ტექსტი, რომელიც პრეზიდენტებმა წარმოთქვეს.

ფიცის ტექსტი ანალოგიური იქნება ახალ კონსტიტუციაში, რომელიც სალომე ზურაბიშილის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში. უბრალოდ მასში მცირე კორექტირებაა შეტანილი და მომავალი პრეზიდენტი ნაცვლად სიტყვისა "ვაცხადებ" იტყვის - "ვფიცავ"

"ზურაბიშვილი ფიცს დადებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად როგორც არის გათვალისწინებული. ფიცის ტექსტი არ არის შეცვლილი და არც ახალი კონსტიტუციით იცვლება. ეს ფიცი მიღებულ იქნა 1995 წლის კონსტიტუციისთვის და ეს ნაწილი წლიდან წლამდე არ შეცვლილა. ახალი კონსტიტუციით, ფიცის ტექსტში მხოლოდ ერთი სიტყვაა შეცვლილი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

თუ ვინ არის ისტორიული ფიცის ავტორი ვერ იხსენებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, თუმცა ამბობს, რომ კომისიაში მსჯელობდნენ, ყოფილიყო თუ არა ფიცში რელიგიური პასაჟი.

"რამდენადაც მახსოვს, უბრალოდ დაიწერა ეს ტექსტი, ავტორი არ მახსოვს. მერე კომისიაში რედაქტირება მიდიოდა - ეს სიტყვა ჯობდა თუ სხვა, ყოფილიყო თუ არა მასში რელიგიური ინსტრუმენტები "ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავარ" და ა.შ. პრეზიდენტის ფიცში წერია, რომ მან უნდა დაიცვას კონსტიტუცია და თავისი მოქალაქეების უფლებები. როგორი ვითარებაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, სულ რომ ჰყვაოდეს ქვეყანა, მაინც იგივე ტექსტი უნდა ითქვას" - აღნიშნა ხმალაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ფიცს, იგი შედარებით განსხავებულია, რადგან იმ დროს ქვეყანაში 1978 წლის კონსტიტუცია მოქმედებდა და ცვლილებები შევიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა.

"ვფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის, დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს, დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში!" - ეს ფიცი საჯაროდ მხოლოდ ერთხელ წარმოითქვა ზვიად გამსახურდიას მიერ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."