ავტორი:

გიუმრიში რუსმა ჯარისკაცმა სომეხი ქალი ცემით მოკლა - სომხები რუსეთთან "პოლიტიკურ" განქორწინებას მოითხოვენ

გიუმრიში რუსმა ჯარისკაცმა სომეხი ქალი ცემით მოკლა - სომხები რუსეთთან "პოლიტიკურ" განქორწინებას მოითხოვენ

სომხეთში, გიუმრის ბაზაზე რუსმა ჯარისკაცმა ადგილობრივი, 57 წლის ქალი მოკლა. სომხური მედიის ცნობით, ჯულიეტა გაზარიანი, რუს სამხედროს ცემაში შემოაკვდა, რადგან ის საავადმყოფოში ჭრილობებით მიიყვანეს.

kavkaz-uzel.eu-ს ინფორმაციით, შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა. სასტიკად ნაცემი ქალი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა, ქალა-ტვინის ტრავმებით, ასევე თავისა და მკერდის არეში მრავლობითი ღია და დახურული დაზიანებებით საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნაირა არუთინიანმა, სომეხ სამართალდამცავებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ადგილობრივი ქალის მკვლელობის ბრალდებით გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ჯარისკაცი დააკავეს.

გამოცემა А1+-ს ცნობით, ქალზე თავდასხმა ღამის საათებში ქუჩაში მოხდა. eadaily.com-თან საუბარში, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი უარყოფს, რომ დამნაშავე რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ჯარისკაცია. რუსეთის საელჩო სომხურ მედიას ინფორმაციის არასწორად გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რამდენიმე გამოცემა მიზანმიმართულად ებრძვის გიუმრის სამხედრო ბაზას, რათა მის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება გაამწვავოს.

"ჩვენს აღშფოთებას იწვევს ასეთი დამოკიდებულება გიუმრში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის მიმართ. ადგილობრივმა მედიამ სპეციალურად ააგორა ეს უკმაყოფილების ტალღა, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, რაც შემთხვევითი არ არის, ისევე, როგორც ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მედიის მხრიდან. გასაგებია, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, რომელიც მიზანმიმართულად იბრძვის, დაანგრიოს სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ტრადიული და მეგობრული ურთერთობა", - ნათქვამია სომხეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

11 დეკემბერს იგივე გამოცემასთან საუბარში, სომხეთის გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აპარატის უფროსი არევიკ ხაჩატურიანი აცხადებს, რომ "ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია რუსი სამხედრო, რომელიც გიუმრის ბაზაზე მსახურობს. თუმცა, ის დაკავებულია და არა, დაპატიმრებული.

მომხდარმა ადგილობრივ მოსახლეობას 2015 წელს მომხდარი ტრაგედია გაახსენა, როდესაც რუსი ჯარისკაცი ერთ-ერთ ოჯახში შევარდა და ცეცხლსასროლი იარაღით 7 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც დახოცა.

"არადა, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ისინი იქ იმიტომაც არიან, რომ სომხეთის მოქალაქეები დაიცვან საგარეო საფრთხეებისგან და თავად გვიკლავენ მოქალაქეებს. რას გვედავება მეგობარი რუსეთის დიპლომატიური სამსახური, რომ 4 ათასზე მეტი ჯარისკაცი, რომლებიც თითქმის უკონტროლოდ არიან, სინამდვილეში არაფერს აშავებენ?! 2015 წლის ამბავი გავიხსენოთ, ავეტისიანების ოჯახი დიდიან-პატარიანად ამოჟლიტეს და მერე დამნაშავე ვალერი პერმიაკოვი გასასამართლებლადაც არ დაგვიტოვეს... თურმე სულით ავადმყოფი ყოფილა... "ძლევამოსილ რუსეთის" არმიაში სამხედრო პირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რომ არ სწავლობენ, ეს ჩვენი ბრალია?! კორუმპირებულმა სარსგიანმა უსიტყვოდ გაატანა "მეგობარ" ქვეყანას დამნაშავე.

იქნებ საკმარისია ამ საფრთხის ქვეშ ცხოვრება, ყველამ ხომ ვიცით, რომ გიუმრის ქუჩებში თითქმის ყოველ ღამე ხდება ადგილობრივებსა და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირება", - წერს სოციალურ ქსელში ვაჰან კარაპეტიანი და ახალ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"მათ პუტინის პირობებში პერსპექტივა არ აქვთ და ცდილობენ, ჩვენც არ ამოგვიშვან ჭაობიდან. იმედია, ფაშინიანსა და მის გუნდს ეყოფა გონიერება და მშვიდობიანად დასრულდება ჩვენი პოლიტიკური "განქორწინება", ეს იქნება ნეიტრალიტეტით თუ ევროპისკენ სწრაფვით. თითქმის ოცდაათი წელი დავკარგეთ პრაქტიკულად რუსულ სივრცეში ყოფნით, ეს მთელი ერთი თაობაა. საკმარისია. მშვიდობა და განვითარება გვინდა", - წერს მარგარეტ გარინიანი.

"2017 წლის აპრილში ისევ გიუმრის ბაზაზე, "დედოვჩინას" გამო, რუსი დმიტრი იალპაევი მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილ სტეპანავანის მკვიდრი არმან ჯანჯუგაზიანი იყო, რომელსაც თავისუფლების 22 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. გარემოებები არავის გაუთვალისწინებია. "დედოვშჩინა" როგორც რუსულ, ასევე სომხურ ჯარში დღემდე მოუგვარებელია. სტრატეგიული მეგობარია რუსეთიო და ქვეყანა მას ებარა", - წერს რობერტ არდაკიანი.

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, დედაქალაქიდან 126 კმ-ის მოშორებით მდებარეობს და იქ დაახლოებით 4 000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირია დასაქმებული.

2015 წლის 12 იანვარს გიუმრიში სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა ერთი ოჯახიდან 7 წევრი დახოცა, მათ შორის 6 თვის ბავშვი. შემთხვევას რუსეთის მიმართ პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. საქმეს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ერევანსა და გიუმრიში. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

პერმიაკოვი რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. მან დანაშაული აღაიარა.

მაშინ გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სტეპან გრიგორიანი აცხადებდა, რომ გიუმრის ბაზაზე მომხდარი დანაშაული აუცილებლად დატოვებდა უარყოფით კვალს სომხურ-რუსულ ურთიერთობებში.

მოსკოვსა და ერევანს შორის 2010 წელს განახლებული შეთანხმების მიხედვით, სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე 2044 წლამდე იქნება.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი