ავტორი:

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. სავარაუდოდ, ამ პროგრამის შემდეგ შესაძლოა, პირველ ნაბიჯად იქცეს იმ შეზღუდვის მოხსნა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა არ შეუძლია პირს, ვინც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქე არ არის.

ამ შეზღუდვის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები ჯიუტად ცდილობენ აფხაზეთში სახლების თუ მიწის ნაკვეთების შეძენას, ეს ძირითადად ქართველების დაკეტილი სახლები, ანაც აფხაზების მიერ მისაკუთრებული ქონებაა, რომლის სარფიანად გაყიდვასაც ცდილობენ. არის შემთხვევები, როდესაც რუსები დევნილობაში მცხოვრებ ქართველ მეპატრონეებს უკავშირდებიან და აფხაზეთში მათი ქონების გაყიდვას სთავაზობენ, რასაც დიდწილად ქართველების ახლობელი აფხაზების დახმარებით აკეთებენ.

ხმაურიანი სასამართლო პროცესები ბოლო ხანს საკმაოდ ბევრი გაიმართა, როდესაც უკვე შეძენილ ქონებაში რუსეთის მოქალაქეებს აღარ უშვებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ე.წ. სასამართლოში, რუსეთის მოქალაქის იულია ტეტერინას "პროცესი" გაიმართა, სადაც მისი უკანონოდ შეძენილი სახლის ბედი წყდებოდა, რომელშიც მან თანხა გადაიხადა, მაგრამ მასში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ.

"რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვთ და უკანონოდ ყიდულობენ უძრავ ქონებას, ხშირად რჩებიან შეძენილი ქონების და მასში გადახდილი თანხის გარეშე. ისე, როგორც ეს იულია ტეტერინას შემთხვევაში მოხდა. მისი სახლის საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა. აფხაზეთში არ არსებობს კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას იძლევა, მაგრამ ზღვის მოყვარულებს მაინც წასცდებათ ხელი, კანონდარღვევით შეიძინონ სახლები ზღვისპირას. ისინი ყიდულობენ სახლებს, იმ აფხაზებს უფორმებენ, რომელთაც ენდობიან, საბოლოოდ კი, ისინი უძრავი ქონებისა და თანხის გარეშე რჩებიან..." - ვკითხულობთ აფხაზურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ე.წ. კლიენტი და ადგილობრივი ხშირ შემთხვევაში სიტყვიერად თანხმდებიან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება კი ვერ დგება. აფხაზები მათ ეუბნებიან, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ ისინი "მესაკუთრეები არიან", თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება ნაყიდი ქონების დაკანონება "სასამართლოს ძალითაც” კი შეუძლებელი ხდება, რადგან ქონების პატრონნი დიდწილად არ არიან ის აფხაზები, რომლებიც ამ ქონებას ყიდიან.

2009 წელს იულია ტეტერინა და მისი მეუღლე ჩავიდნენ აფხაზეთში. სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე სახლი იყიდებოდა, მათ სახლის მეპატრონეს, დავიდ კვიცინიას 1 მილიონ 700 ათასი რუბლი გადაუხადეს. გარიგება, ფაქტობრივად, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა, თუმცა, მათ შეიძინეს ავეჯი და დაიწყეს ცხოვრება.

"რეალურად, სახლის მესაკუთრედ დავით კვიცინია იყო. 6 წლის შემდეგ, მან ტეტერინებს უთხრა, სახლი ვინმე, მათთვის საიმედო ადამიანისთვის გადაეფორმებინათ, რადგან აღარ სურდა მის სახელზე ყოფილიყო დარეგისტრირებული ქონება, რომელიც მან უკვე გაყიდა...

ერთი სიტყვით, ტეტერინა მეზობლად მცხოვრებ ოლგა ბრიუხანოვას დაუკავშირდა, რომელთანაც მეგობრობდა. მან, კვიცინიამ და ბრიუხანოვამ ნოტარიუსში გააფორმეს ხელშეკრულება და ქონება ფიქტიურად ბრიუხანოვას სახელზე გაფორმდა. შემდგომ ტეტერინასა და ბრიუხანოვას შორის საქმე ჩაიხლართა, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სასამრთლომ სახლი სწორედ ბრიუხანოვას მიაკუთვნა. არაერთი მსგავსი ფაქტის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები მაინც რისკავენ აფხაზეთში, ქართველების დაკეტილი ან სულაც აფხაზების მიერ მისაკუთრებული სახლების ყიდვას.

აფხაზების თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა როგორმე აიძულონ, რომ მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა დააკანონოს.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები abkhaz-auto.ru-ზე განთავსებული პუბლიკაციის ქვეშ წერენ, "რეგიონში სახლების შესაძენად რუსები ერთმანეთს არ ინდობენ, ამის პარალელურად კი, რუსული მედია მაინც წერს, რომ აფხაზები რუსებს სახლებს ართმევენ”.

"რუსებს ეს იმიტომ ემართებათ, რომ ყველა გზით ცდილობენ შემოძვრნენ უძრავი ქონების ბიზნესში, თანაც იაფად... ჩვენს ხელისუფლებასაც აწყობს ასეთი თემების წამოწევა და აჟიოტაჟი, ამით კოვიდ-19-ის კატასტროფულ შედეგებიდან გადააქვთ ყურადღება. არც ის უხსენებია ვინმეს, დრანდის ციხეში პატიმარ ზუხბასთან გრძელვადიან პაემანზე მისული 19 წლის გოგონა, ამანდა სიჭინავა ნარკოტიკების ზედოზირებით რომ გარდაიცვალა. ოდესმე ვინმე იფიქრებდა, რომ აფხაზი გოგონები ასეთ რამეზე წავიდოდნენ? არა უშავს, სამაგიეროდ, მალე რუსეთთან საერთო ეკონომიკური სივრცე გვექნება და იმ უძრავი ქონების უცხოებზე გაყიდვის ამბავსაც ნელ-ნელა შემოგვაპარებენ”. - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე

"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი

აფხაზეთის ე.წ. "ეროვნული ბანკი" - თურქულმა ბანკებმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს