ავტორი:

პრეზიდენტის ინაუგურაცია აქციის ფონზე - ოპოზიცია თელავისკენ მიემართება

პრეზიდენტის ინაუგურაცია აქციის ფონზე - ოპოზიცია თელავისკენ მიემართება

15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები კი თბილისიდან თელავის მიმართულებით მიემართებიან, რომ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, აღნიშნული აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელიც გამოხატავს ამომრჩევლის პოზიციას, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებითვე, ასევე მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილებები გატარდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოხდეს კომისიის წევრების ხელახალი დაკომპლექტება, მათ შორის თანამდებობა დატოვოს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

„ეს აქცია არის მშვიდობიანი და ჩვენ არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს. ხელისუფლებას ამ გზით კიდევ ერთხელ ვანახებთ იმას, თუ სად დგას ქართული საზოგადოება. დღეს აქციები გაიმართება თელავში, ასევე სხვა ქალაქებში ერთი მოთხოვნით, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აქციების ორგანიზატორებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები