ავტორი:

"თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას ეცდება, ისე დავუდგები, როგორც სამშობლოს მტერს" - რას ამბობს დათო ქაცარავას შესახებ მისი მეუღლე

"თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას ეცდება, ისე დავუდგები, როგორც სამშობლოს მტერს" - რას ამბობს დათო ქაცარავას შესახებ მისი მეუღლე

ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, სამოქალაქო აქტივისტი დათო ქაცარავა, უკვე მეორე წელია თანამებრძოლებთან ერთად საოკუპაციო ზოლთანაა დაბანაკებული და ცდილობს, ოკუპანტების ქმედებებს ხელი შეუშალოს.

იმას, რომ ქაცარავას თითქმის ყოველდღიურად უწევს შეიარაღებულ ოკუპანტებთან ურთიერთობა განსაკუთრებით განიცდიან მისი ოჯახის წევრები. მისმა მეუღლემ სოფო ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა საკუთარი ემოციების შესახებ:

"ეხლა ვზივარ სახლში და არეული გრძნობების გამო ვტირი. რა ვქნა, რა მოვიმოქმედო? ჩავკეტო და არ გავუშვა? დედა, რა გატირებს? - მეკითხება ქეთი. აბა, რა ავუხსნა? დე, მამიკო რუსი იარაღიანი ჯარისკაცების წინ დგება და სროლა მოგიწევსო, ამას ეუბნება თქო, ეს ვუთხრა? ჩემი ცხოვრების ადამიანი რაღაცეებს სჩადის და მე ვეთანხმები, ყველაფერში გვერდში ვუდგავარ. ერთის მხრივ შიშით გული მისკდება და ამავე დროს ამ სამივე შვილით მივალ და მეც ვუყვირებ, მესროლეთთქო - მართლა ამ აზრზე ვარ!.. არ ვიცი რა ვქნა, მართლა რაღაც ძალიან უცნაური ხდება ჩემს და ჩემი ოჯახის თავს. ეს ცხოვრება წამია და დაე ღირებულ წამად შედგეს ყოველი ჩვენგანისთვის" - წერს ხაჭაპურიძე.

დავით ქაცარავას მეუღლემ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა:

- ბოლოდროინდელი აქტივობების ფონზე დათო შეიცვალა?

- არა, ყოველთვის ასეთი იყო. არ მინდა, ზედმეტად აღმატებულად გამომივიდეს, მაგრამ ერთი რაღაც მითხრა: თითქოს ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც მისია უნდა შემესრულებინაო. შინაგანად აქვს ასეთი შეგრძნება. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ადამიანია და ბევრის გაკეთება შეუძლია. თუმცა, რაღაც მომენტში გულზე პრობლემები შეექმნა. უცნაური დიაგნოზი დაუსვეს - გულის გარსის ანთება. მერე ვშაყირობდი, ხომ ხედავ, შენს მოწამვლას ეცდებიან-მეთქი და მითხრა, მერე შენც ცოტ-ცოტა ჩამიყარე, საწამლავს შევეჩვევი და მერე ვეღარ მომწამლავენო.

სინამდვილეში ფიზიკურად ძალიან ძლიერია, გაგიჟდებით რომ ნახოთ, იქ რაებს აკეთებს: ფეხით გადის კილომეტრებს ზურგჩანთით და მერე კიდევ ამავე ზურგჩანთით აზიდვებს აკეთებს. ბიჭები ამბობენ ხოლმე, გაგიჟებულები ვუყურებთო. შეიძლება, ხისტი ჩანს, მაგრამ საკმაოდ რბილი ხასიათი აქვს. თუმცა, არის მომენტები, როცა შეიძლება "გადაეკეტოს" და "გაჭედოს". ახლა პოლიციელებს ათქმევინეს მისთვის, შენი ფარდულის ოცდაათი მეტრით უკან გადმოწევა მოგიწევსო. ასეთ მომენტებში თვალებზე ბინდი ეკვრება და მართლა "ჭედავს".

...დათო სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ჩემი ქმარი რომაა, იმიტომ არ ვამბობ, მართლა ქარიზმატული ადამიანია და ტიპაჟიდან გამომდინარე ყურადღებსს იქცევს. თავიდან დამთრგუნველი იყო, მაგრამ ოცი წელია, ერთად ვართ და ეს ცოტა არაა, მგონი, რაღაცაზე მეტყველებს. ბევრნაირი სიტუაცია გვაქვს გამოვლილი, შვიდი წელი შეყვარებულები ვიყავით, ოც წელში ამასაც ვთვლი. სხვა ქალაქში მუშაობდა, მე ვსწავლოდი, მაგრამ ჩვენი გაბუტვა შეყვარებულობის პერიოდში მაქსიმუმ ათი დღე გაგრძელდა. ყველაფერში ერთად ვართ ბიზნესი იქნება, სამსახური თუ ოჯახი.

ზომიერად ეჭვიანი ვარ, ვიღაცები შეიძლება, ზღვარს გადადიან, ბევრს წერენ და დათოც უხეშად არავის უპასუხებს. თუ ვინმეს მისწერა "ჩემო კარგოო", იმან შეიძლება, იფიქროს - ვაიმეო (იცინის).

- მეფლირტავებაო?

- შეიძლება, რაღაც დონეზე ამას ფლირტიც დაარქვა. გალანტური ტიპაჟია და ქალს კომპლიმენტს ეტყვის. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ. მაგრამ გრძნობებზე რომ მიდის საქმე, ფაქტები მეტყველებს. ვის რა ჰგონია, არ ვიცი, მაგრამ მისი საქციელი სხვა რამეზე მიუთითებს... თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას შეეცდება, ზუსტად ისევე დავუდგები წინ, როგორც სამშობლოს მტერს და იქით ვესვრი კიდეც. არა მგონია, რუსეთივით ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდეს. ჩემია, ჩვენ ერთმანეთის ვართ, ერთი მთლიანობის ნაწილები და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის...

ჟურნალი "თბილისელები", ქეთი კაპანაძე

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

"საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით" - რა დადგინა სონოდმა გარეჯის საკითხზე

მეუფე დანიელი - პირს, რომელიც ორგანიზაციაში "ბიბლიური თავისუფლება" გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება