"კლინტონმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა”, - ასეთი სათაურით აქვეყნებს "ესოშეითიდ პრესი" ვრცელ სტატიას, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ეხება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კლინტონი დემოკრატიისა და ოკუპაციის პრობლემებს შეეხო.
"ჩვენ სერიოზულად ვუდგებით დემოკრატიისთვის წარმოქმნილ საფრთხეებს, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ასე რომ, ჩვენ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერას განვაგრძობთ, - განაცხადა კლინტონმა ლიდერ ქალებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ საქართველოს წინსვლის გასაღები დემოკრატიის, მისი საშინაო პრობლემების და ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებაშია", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კლინტონს პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა გულისხმობდა, რომ საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ ცდუნებას, რომელიც უკავშირდება შეიარაღებული ძალების განახლებას, რუსეთთან პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტის მიზნით.
"კლინტონის თქმით, საქართველომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს მისცემს საბაბს, განამტკიცოს ოკუპაცია და მისი კონფრონტაციული მიდგომა. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს, დაიცვას ბალანსი რუსებზე ზეწოლასა და საქართველოს მთავრობის დარწმუნებას შორის, ანუ რუსეთმა გაიყვანოს ძალები ამბოხებული ქართული ტერიტორიებიდან სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, ხოლო საქართველოსთვის შეიარაღებული ძალების აღდგენა პრობლემის გადაწყვეტის გზა არ არის", - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს ამბობს რუსეთის გავლენის სფეროების აღიარებაზე.