ავტორი:

რა წიგნი ვაჩუქოთ ახალ წელს ინტერესების გათვალისწინებით

რა წიგნი ვაჩუქოთ ახალ წელს ინტერესების გათვალისწინებით

ახალი წელი ახლოვდება და ბევრი ჩვენგანი უკვე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა აჩუქოს საყვარელ ადამიანებს. კარგად ვიცით, ახლობელი ადამიანისგან მცირედი ყურადღებაც კი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ გაცემა, ზოგჯერ, იმაზე მეტ ემოციას აღძრავს ჩვენში, ვიდრე მიღება. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, საჩუქარი იყოს ორიგინალური და დასამახსოვრებელი.

საჩუქრის არჩევისას, ალბათ ყველა ამჟღავნებს პედანტის თვისებებს. ამ დროს დეტალებზე ვართ ორიენტირებული. ვითვალისწინებთ ადრესატის გემოვნებას, სურვილებს, საჭიროებებს, ცხოვრების სტილს... და, ხშირად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია.

საჩუქარი საქმიანი ადამიანებისთვის:

საქმიანი დღიური

ეს დღიური ზედგამოჭრილია საქმიანი ადამიანებისთვის. თავისუფლად შეგიძლიათ თანამშრომელს საიდუმლო სანტას თამაშისას აჩუქოთ. საშუალებას იძლევა, წლის 365-ვე დღის გრაფიკი გეგმის მიხედვით გაიწეროს. დღიური მოიცავს გასაფერადებელ გვერდებსაც, რაც ერთ-ერთი უახლესი მიგნებაა ანტისტრესულ თერაპიაში. ადამიანისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ყოველი წუთის გათვალისწინება და დაგეგმვა, საქმიანი დღიური პრაქტიკული და საჭირო ნივთია, რომელიც სამუშაო დღეებს ბევრად გაუადვილებს.

ბრაიან თრეისის „მიზნები“

ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები. ეს ყველაფერი კი ბრაიან ტრეისის წიგნშია თავმოყრილი.

„დიდი წიგნი ბიზნესზე“

ის თანაბრად საინტერესო და გამოსადეგია ახალგაზრდა სტარატაპერისთვის, რომელიც ბიზნესს იწყებს, დიდი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს და მომხმარებლისთვის, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს. ნებისმიერი კატეგორიის მკითხველი იპოვნის წიგნში შთაგონების წყაროს.

საჩუქრები რომანტიკული ადამიანებისთვის:

ერიხ მარია რემარკი _ „აჩრდილები სამოთხეში“

რომანტიკოსებისთვის რემარკის ნაწარმოებები ყოველთვის სასურველი და საყვარელია. მისი წერის სტილი იმდენად ცხადად და მარტივად აღწერს მოვლენებს, რომ კითხვისას პერსონაჟების განცდებს ვიზიარებთ. „აჩრდილები სამოთხეში“ ავტორის კიდევ ერთი ემოციური ამბავია ომსა და ემიგრანტებზე.

სესილია აჰერნი - „სიყვარულით, როზი“

„სიყვარულით, როზი“ დიდი პოპულარობით თინეიჯერებში სარგებლობს. ეპისტოლარული ჟანრის რომანი, რომელიც წერილების, მეილების, დისტანციური შეტყობინებებისა და საგაზეთო სტატიებითაა აგებული, ბავშვობის მეგობრების სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.

აღწერა:

წიგნის მთავარი გმირები, როზი და ალექსი ბავშვობის მეგობრები არიან. მათ დიდი გეგმები აქვთ. თითოეული მათგანი წარმოსახვაში განიხილავს ისეთ მომავალს, სადაც ბავშვობის განუყრელი მეგობრები ისევ ერთად იქნებიან. თუმცა ერთი შეცდომის გამო, ორივეს ცხოვრება იცვლება. წლების განმავლობაში მათ სატელეფონო, საფოსტო, უფრო ხშირად კი, ონლაინკავშირი აქვთ. ამ დროის მანძილზე გადატანილი უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი ალექსისა და როზის, საბოლოოდ, მიიყვანს იმ დასკვნამდე, რაც, რეალურად, წლების წინ უნდა გაეკეთებინათ.

ჯილ სანტოპოლო - დაკარგული სინათლე

მწერლის სადებიუტო რომანია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გები ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისათვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არცერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო - გეიბი აღმოსავლეთის ცხელ წერტილში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუისი - ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია...

კლასიკის მოყვარულთათვის:

შტეფან ცვაიგი _ „მოუთმენლობა გულისა“

კლასიკის მოყვარულებისთვის ცვაიგის გულშიჩამწვდომი და დამაფიქრებელი თხრობის სტილი იქნება საინტერესო. რომანი „მოუთმენლობა გულისა“ გვასწავლის, რომ ორი სახის თანაგრძნობა არსებობს და გვიჩვენებს, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თითოეულმა მათგანმა (რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თანაგრძნობის ობიექტზე).

მერი შელი _ „ფრანკენშტაინი“

ასევე, კლასიკის მოყვარულებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება გოთიკური ჟანრის რომანი „ფრანკენშტაინი“, რომელმაც დიდწილად განაპირობა ავტორის პოპულარობა. რომანის გამოცემიდან მალევე სახელი „ფრანკენშტაინი“ ხშირად გამოიყენებოდა იმ მონსტრის აღსანიშნავად, რომელიც ჩვენში არსებობს.

მერი შელის „ფრანკენშტაინი“ - ეს ყველაზე მეტი თეთრად გათენებული ღამის მიზეზია მსოფლიო ლიტერატურაში!

ჯორჯ ორუელი - ბირმული დღეები

1984-ის შემდეგ მე-20 საუკუნის კიდევ ერთი ავტორის შედევრი ითარგმნა. წიგნში მოთხრობილია მარტოსული ინგლისელის, ჯონ ფლორის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ იმპერიალისტური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს. ბრძოლით დაღლილი კი ეძებს ადამიანს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს

თრილერებისა და ჩამთრევი ისტორიების მოყვარულთათვის:

გილიან ფლინი _ „გაუჩინარებული ქალი“

თრილერის მოყვარულებისთვის ამერიკელი მწერლის, გილიან ფლინის ბესტსელერის „გაუჩინარებული ქალი“ დაძაბული სიუჟეტი და ინტრიგები იქნება საინტერესო.

აღწერა :

ეს ამბავი "იმ დღეს იწყება".

”იმ დღეს ” ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიციელი ცდილობს, გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება. თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება...

როგორც ყველა წიგნი, ეს ნაწარმოებიც მთავრდება, ოღონდ არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში.

ს.ჯ. უოტსონი - „სანამ დავიძინებ“

ქრისტინა ყოველ დილას ცხოვრებას თავიდან იწყებს მას მეხსიერება დაკარგული აქვს. მხოლოდ დღევანდელი ამბები ახსოვს... სანამ დაიძინებს... დილით კი ქმარი თავიდან უამბობს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ იქორწინეს, როგორ მოყვა ავარიაში და დაემართა ამნეზია, აღარაფერი ახსოვს... ქრისტინას ძალიან უნდა დაუჯეროს მასზე მზრუნველ მამაკაცს, მაგრამ... ქალს მხსნელად მოევლინება ექიმი, რომელიც ურჩევს, მეხსიერების გასავარჯიშებლად ყველა მოვლენა დღიურში ჩაიწეროს და მალე ქრისტინა მიხვდება, რომ მის ახლანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ აუხსნელი, გაუგებარი და დაუჯერებელია.

აგათა კრისტი - და აღარავინ დარჩა

განმარტოებულ კუნძულზე ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ათი ადამიანი მიწვევით ჩადის, მაგრამ... მასპინძლები არსად ჩანან. სასტუმრო ოთახში, ლანგარზე, ფაიფურის ათი პატარა ინდიელის ფიგურა დევს, ხოლო სტუმრების საძინებლებში მხიარული საბავშვო ლექსია კედელზე გაკრული. ნეტავ რაზე მიანიშნებენ სტუმრებს მასპინძლები? ან არსებობენ ისინი? ვინ ხოცავს ერთიმეორის მიყოლებით სტუმრებს და რატომ ქრება თითოეული მკვლელობის შემდეგ?

ქართული ლიტერატურის მოყვარული ადამიანებისთვის თამაზ ჭილაძის - „აჰა, მიიწურა ზამთარი“ შეგვიძლია გირჩიოთ. წიგნში ჭილაძის კიდევ ერთი „თბილისური“ სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. „აჰა, მიიწურა ზამთარი“ უქმე დღეებს და არამარტო, თქვენს ადრესატს სასიამოვნოდ გაატარებინებს.

დიასახლისებისთვის ნამდვილად სასურველი საჩუქარი იქნება კულინარიული წიგნები „ბურგერები“ და „ქართული კლასიკური კერძები“.

პატარებისთვის საახალწლოდ საუკეთესო საჩუქარი იქნება ჯ.რ.რ ტოლკინის „შობის პაპის წერილები", რომელიც 17 ნოემბრიდან, გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად გაიყიდება.

გახსოვდეთ, წიგნი საუკეთესო საჩუქარია. ლიტერატურულ სამყაროში კი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება საჩუქარი!

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა