ავტორი:

"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი და ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე" - 34 წლის მამაკაცის აღიარება და მიმართვა მთავრობას

"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი და ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე" - 34 წლის მამაკაცის აღიარება და მიმართვა მთავრობას

თამაშდამოკიდებულება ბოლო წლების საქართველოს უმძიმეს პრობლემად იქცა. არაოფიციალური მონაცემებით, ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი კი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. ერთი მოთამაშე კი დღეში საშუალოდ 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში...

სამწუხარო რეალობას წლებია ვერაფერი შველის - მუდმივი დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯი, რეკლამის აკრძალვის ან რეგულაციების შემოღების მიმართულებით. სწორედ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წლებია იტანჯება თამაშის სენით და ამაზე ხმამაღლა საუბრობს. დიმიტრი გალოგრე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი 34 წლის და თითქმის ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე. არ მრცხვენია ამის აღიარება რადგან ეს არ არის რაღაც მარტივი მავნე ჩვევა, რომელიც შეიძლება ერთი თითის დაქნევით გამოსწორდეს, ეს უმძიმესი დაავადებაა და ამ დაავადებით ჩვენ ქვეყანაში იტანჯება ასი ათასობით ადამიანი მათ შორის მეც და ვტანჯავთ ჩვენს ირგვლივ მყოფ მილიონობით ადამიანს.

ვისაც ეს პრობლემა არ ქონია და ზედაპირულად უყურებს, მისთვის ეს ჩვენი ტანჯვა ალბათ ასოცირდება მხოლოდ მატერიალურ მდგომარეობასთან, წაგებულ ფულთან და თამაშის გამო დაკისრებულ ვალებთან და ვალდებულებებთან, მაგრამ ეს ასე არ არის.

„მოთამაშის“ მთავარი მტანჯველი ფაქტორი არის ოცნებად ქცეული, თამაშზე თავის დანებების აუხდენელი სურვილი, რასაც მოსდევს თვითგვემა, საკუთარი თავის განადგურება, ემოციების ჩაკვლა, ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, ასოციალურობა, თავის მარტოსულად გრძნობა (თითქოს სამყაროს გარედან უყურებ, შენ სადღაც ძალიან შორს ხარ და ითხოვ შველას, მაგრამ, რა თქმა უნდა, შენი არავის ესმის), თვითშეფასების სრულად განულება (ფიქრობ, რომ შენზე უსუსური არსება არ დაიარება დედამიწაზე, რადგან გაქვს უდიდესი სურვილი, რომ აღარასოდეს ითამაშო, მაგრამ ყოველთვის, ერთი შეხედვით ამ მარტივად ასრულებადი სურვილის საწინააღმდეგოდ იქცევი და გაუცნობიერებლად მაინც ამ ჯოჯოხეთში ეშვები თავიდან ფეხებამდე).

დამეთანხმება ბევრი „მოთამაშე“, რომ ხშირ შემთხვევაში ისე აღმოვჩნდებით სათამაშო მაგიდასთან ან ონლაინ კაზინოში, რომ აბსოლუტურად ფხიზლებს არ გვახსოვს როგორ შევედით, როგორ დავჯექით და როგორ დავიწყეთ ე.წ თამაში. როცა ვაცნობიერებთ, რომ უკვე ვზივართ, ვთამაშობთ და ჩვენი დაუმარცხებელი დაავადების კლანჭებში ვართ მოქცეული, მაქედან თავის დაღწევის შანსი თითქმის ნულის ტოლია. პირადად მე გამიმართლა და ოჯახის და დიდი სამეგობროს მატერიალური თუ მორალური გვერდში დგომით დღეს ცოცხალი ვარ, მაგრამ ბევრმა ჩვენთაგანმა ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო, ზოგს გული გაუსკდა, ზოგს ტვინში სისხლი ჩაექცა და ზოგმაც თვითმკვლელობით მოუღო ბოლო ამ ტანჯვას.

საქართველოს მთავრობა, ისტერიულად იზრდება თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი! ეს გამოწვეულია ყოველ ფეხის ნაბიჯზე „კრეატიული“ ბრჭყვიალა რეკლამებით „შემოაბიჯე ჯადოსნურ სამყაროში“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და ასე შემდეგ წარწერებით. არ დავასახელებ კონკრეტულ კაზინოს სახელს, რომელთან ჩავლისას ჩემი 5 წლის შვილი მთხოვს „მა წამო შევიდეთ რა“ და მე მიწევს ახსნა, რომ ეს არის ბოროტი ადამიანების მიერ დაგებული ხაფანგი, არც ჯადოსნური სამყაროა შიგნით და არც ალისა და რომ არასოდეს არ უნდა შევიდეთ იქ!

ამ გაუთავებელი რეკლამების დამსახურებით ძალიან ბევრი მოზარდი ელოდება როდის გახდება სრულწლოვანი, რომ შეაბიჯოს პირდაპირი მნიშვნელობით სამოთხედ დახატულ ჯოჯოხეთში. არ არსებობს არანაირი რეგულაცია ონლაინ კაზინოებზე, ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია დარეგისტრირდეს და ითამაშოს. ასევე წაგების შემთხვევაში არ აყოვნებს და გიხტება ფანჯარა სესხი ხომ არ გნებავთ (1000-დან 5000-მდე) დააჭირეთ რომ გსურთ და 15 წუთში ჩაგერიცხებათ. ბარემ პირდაპირ კედელთან მიგვაყენეთ და დაგვხვრიტეთ!

არ ვითხოვ კაზინოების და მიკროსაფინანსოების აკრძალვას და დახურვას, მაგრამ იქნებ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან, რომ გაზრდის მაგივრად შემცირდეს ტანჯული, პოტენციური თვითმკვლელთა ადამიანების რიცხვი!!! თუ გრამატიკული შეცდომები მაქ, ნუ გამკიცხავთ, დამინდეთ, ისედაც ურთულესი დაავადებით ვიტანჯები" - წერს დიმიტრი გალოგრე.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს ავტორობით პარლამენტს განსახილველად გასული წლის ოქტომბერში წარედგინა კანონპროექტი, რომლის განხილვის პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. აღნიშნული პაკეტის მთავარი სიახლე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნაა, რეესტრში შესულ პირებს კი, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ. ამავე კანონპროექტით, 21 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები იკრძალება.

"საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები... გავიკეთე ოპერაცია" - რას წერს ნინო ლომჯარია

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა

"თქვენი თბილ სავარძლებში ჯდომა მაგრად კიდია ხალხს... ვინც დაიღალა ბრძოლით, სახლში წავიდეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაცმოძრაობას" მიმართავს