ავტორი:

პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს

პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს

როგორ უნდა ვუშველოთ აზარტული თამაშებით დაავადებულ ადამიანს? - ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს ძალიან საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს:

პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, ჩვენი ოჯახის წევრის აზარტული თამაშებით გატაცება მხოლოდ გატაცებაა თუ პათოლოგია. ამის გარკვევაში კი დაგვეხმარება ფსიქიკური დარღვევების "ბიბლია" - DSM-5, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ქვემოთ ჩამოთვლილი 9 სიმპტომიდან ადამიანს 4 მაინც ახასიათებს, ის მკურნალობას საჭიროებს. სიმპტომები კი ასე გამოიყურება:

1. სასურველი ემოციური აღგზნების მისაღწევად ადამიანს სულ უფრო მზარდი თანხით თამაში სჭირდება

2. თამაშის შეწყვეტა ან თამაშის სიხშირის კლება მასში გაღიზიანებას და მოუსვენრობას იწვევს

3. მოთამაშის მხრიდან თამაშის შეწყვეტის, სიხშირის კლების ან თამაშის მოთხოვნილების სხვა გზით კონტროლის რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა

4. თამაშს ის გონებაში ხშირად უტრიალებს (წარმოიდგენს ან იხსენებს წარსული თამაშის დეტალებსა და გამოცდილებას, გეგმავს მომავალი თამაშის დეტალებს ან სათამაშოდ თანხის მოპოვების გზებს...)

5. ნებისმიერი სტრესი (დეპრესიული განწყობა, შფოთვა, დანაშაულის განცდა, იმედგაცრუება) მასში თამაშის სურვილს იწვევს.

6. წაგების შემდეგ დღეს აუცილებლად ბრუნდება სათამაშოდ წაგებულის "ამოღების" მიზნით.

7. აზარტული თამაშებით გატაცების ხარისხის/სიმძიმის დამალვის მიზნით ტყუის.

8. აზარტული თამაშების გამო წყალი შეუყენა ან დაკარგა მნიშვნელოვანი ადამიანი, ურთიერთობა, სამსახური, ზრდის/წინსვლის შესაძლებლობა.

9. თამაშით გამოწვეული ზარალის დასაფარად თანხას ითხოვს ახლობლებისგან.

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

გემბლინგი ხშირად არის ასოცირებული ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა: დეპრესიული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ობსესიურ კომპულსური აშლილობა. გემბლინგი, როგორც წესი, კაცების დაავადებაა. ოჯახსა და სამეგობროში გემბლერის არსებობა ამ აშლილობის ჩამოყალიბებისთვის რისკ ფაქტორად ითვლება.

ადამიანები, რომლებიც გემბლერებად ყალიბდებიან, ისეთი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან, როგორებიცაა: კონკურენტულობა, ვორკოჰოლიზმი, იმპულსურობა, მოუსვენრობა. ეს ადამიანები ადვილად იწყენენ, მათ ადვილად ბეზრდებათ ეს თუ ის საქმიანობა, სიტუაცია, როლი.

თუკი ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენს ახლობელს არც მეტი, არც ნაკლები, თამაშზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს:

1. პირველ რიგში უნდა შევეცადოთ მასთან გასაუბრებას და ამ აშლილობის კლინიკური სურათის მისთვის ახსნას. ეს ძალიან რთული გასაკეთებელია, ამიტომ, უნდა დავიხმაროთ ადამიანები, რომლებსაც პიროვნული წონა, ავტორიტეტი გააჩნიათ გემბლერისთვის. ამ საუბრის მიზანია, მოთამაშის რწმენა, რომ უბრალოდ ერთობა და არაფერს აშავებს, შეძლებისდაგვარად შევარყიოთ დამარწმუნებელი არგუმენტებით. ასეთი საუბარი შეიძლება მისი მხრიდან ბრაზის/რისხვის ან იუმორითა და აგდებით, ან სულაც მტკიცებით, რომ კარგა ხანია არ უთამაშია, (განრიდების ფორმა მრავალია) დამთავრდეს. ჩვენ არ უნდა დაგვეზაროს და საუბარი კიდევ რამდენჯერმე გავიმეოროთ ფსიქიატრთან გარდაუვალი ვიზიტის თხოვნით.

2. გემბლერს უნდა გადავუკეტოთ ფულის წყარო. ამ შემთხვევაში მისი მხრიდან მოსალოდნელია წარმოუდგენელი ტყუილების კასკადი (მოვალეები მოსაკლავად დასდევენ ან ხელ-ფეხის დამტვრევით ემუქრებიან, მეგობარს კიბო აქვს და ანალიზის ფული ჭირდება, მის მანქანას ბორბალი დაეშვა და სასწრაფოდ თუ არ გამოუცვალა, გზაში დარჩება, შვილს წამლები გამოუწერეს და ვერ ყიდულობს, გერმანულის მასწავლებელს თანხა წინასწარ დაჭირდა და ასე შემდეგ...). გავაფრთხილოთ ნათესავ-მეგობრები, რომ ფული არავინ ასესხოს.

3. მის სახელზე არ გავაფორმოთ (გადავაფორმოთ) არავითარი ღირებული საკუთრება. სახლიდან გავიტანოთ და გადავმალოთ ძვირფასი ნივთები. თუ ეს ადამიანი ჩვენთან არ ცხოვრობს, გამოვცვალოთ კარის საკეტი. თვითმკვლელობის მუქარის ან თვითდაზიანების შემთხვევაში გამოვიძახოთ პოლიცია და სასწრაფო. ოჯახის წევრზე თავდასხმისა და მისი დაზიანების შემთხვევა უპასუხოდ არ დავტოვოთ. (პასუხის ფორმა თავად აარჩიეთ. მე პოლიციის დაუყოვნებლივ ჩარევას გირჩევთ. თუ ადამიანმა ერთხელ მაინც გაიწია ახლობელზე, ის თავდასხმას აუცილებლად გაიმეორებს, უკვე გაზრდილი სისასტიკით).

4. კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ფსიქიატრთან ვიზიტი. ამ ვიზიტის დროს შიძლება დადგინდეს, რომ გემბლერს პარალელურად აქვს დეპრესია ან სხვა აშლილობა, რომელიც ცალკე მკურნალობას საჭიროებს. დეპრესია ძალიან ხშირად გასდევს ფონად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. ოჯახის წევრები უნდა გავესაუბროთ ფსიქიატრს/ფსიქოლოგს იმის თაობაზე, თუ რა როლის შესრულება მოგვიწევს მკურნალობის პროცესში.

წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა

ბოლოს კი დავამატებდი, რომ ვერც ერთი სპეციალისტი დედამიწის ზურგზე აზარტულ მოთამაშეს ვერ "მოარჩენს," ეს უკანასკნელი თავად თუ არ დარწმუნდა, რომ დაავადებულია და არ მოინდომა განკურნება! მკურნალობის სურვილი კი თავის მხრივ არც ერთ გემბლერს არ გაუჩნდება, თუკი ოჯახის რომელიმე "გულმოწყალე" წევრი სხვებისგან მალულად და "უპირობო სიყვარულის ნიშნად" ვალს უფარავს. ოჯახის წევრებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი არათანმიმდევრული მოპყრობა აზარტული მოთამაშისთვის იგივეა, რაც დიაბეტით დაავადებულისთვის პირში მუჭა შაქრის ჩაყრა.

მას შემდეგ, რაც გემბლერი ფსიქიატრთან ვიზიტს დათანხმდება, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაეწერება და მკურნალობას დაიწყებს, ყველაზე მნიშვნელოვანი წამალი არ უნდა გამოგვრჩეს: რადგან ბევრ მათგანს სამსახური ჯერ კიდევ გააჩნია ან ისევ ჩვენივე დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებს, გახარებულებმა, ტაშის შემოკვრის ნაცვლად, გრაფიკი უნდა გავუწეროთ, რომლის მიხედვით ოჯახის წევრსა და მეგობარს მის გამო აღებულ ვალს ის პირწმინდად დაუბრუნებს.

პასუხისმგებლობის გააზრება და საკუთარი შეცდომისთვის საფასურის გაღება განკურნების ძირითადი კომპონენტი და აუცილებელი წინაპირობაა.

ასევე წაიკითხეთ: "დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - შემაძრწუნებელი ისტორიები თამაშდამოკიდებულ ადამიანებზე

წყარო: Tamar Tandashvili Counseling and Psychotherapy ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი

"ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია" - როგორია იტალიაში მყოფი ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

11 წესი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან

"უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებებზე გადავიდეთ" - ამირან გამყრელიძე