ავტორი:

მოსამართლეები, რომლებიც "სააკაშვილის ეპოქას აბრუნებენ" - რამ აღაშფოთა "ქართული ოცნების" 60-მდე დეპუტატი

მოსამართლეები, რომლებიც "სააკაშვილის ეპოქას აბრუნებენ" - რამ აღაშფოთა "ქართული ოცნების" 60-მდე დეპუტატი

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურების გამო "ოცნების" დეპუტატების ნაწილში დიდი უკმაყოფილებაა. აღშფოთება გამოიწვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ 10-კაციან სიაში ორი მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის შეყვანამ. ლევან მურუსიძის მომწონებელი "ოცნების" დეპუტატების ნაწილი, ამ ორი მოსამართლის მიუღებლობას ახლა იმით ხსნის, რომ ისინი სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეები არიან, რომლებსაც ადეიშვილის დაკვეთით უსამართლო განაჩენები გამოჰქონდათ და მათი უვადოდ გამწესება დაუშვებელია - ეს სააკაშვილის ეპოქის დაბრუნებას ნიშნავს.

"რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატების ნაწილით, უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის 50-60 დეპუტატი და იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ მოსამართლეებს უვადოდ დამტკიცებაზე უარს ეტყვის.

"არის რამდენიმე პერსონა, რომლებზეც ხმის მიცემა გამორიცხულია, იმდენად წყალგამყოფია. ახლა გვარებს არ ვასახელებ, ჯერ მინდა, ეს ხალხი კომიტეტზე მოვიდეს. მე მესმის, რომ თანამდებობა და სტატუსი ყველას უნდა, მაგრამ თუ რეალობას დაუფიქრდებიან, ყველაზე ჭკვიანურს იზამენ, თუ ეს ადამიანები გასაუბრებაზე არ მოვლენ" - აცხადებს ფოფხაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 მოსამართლის კანდიდატურა 24 დეკემბერს წარადგინა საბჭოს სხდომაზე და იმავე დღეს გადაუგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად. უვადო მოსამარლეობის კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

კანდიდატების გვარები დიდი კრიტიკის საგანი გახდა ჯერ არასამთავრობოების, ოპოზიციისა და საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან, შემდეგ კი ამ საერთო აღშფოთებას, ცოტა უფრო მორიდებით, "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც შეუერთდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილთან ერთად, პროტესტი გამოხატა დაჩი ცაგურიამაც, ვინც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისას ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო და "ოცნების" ხელისუფლებაში საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობაზეა.

"გვრიტიშვილმა სრულიად უდანაშაულო გამიშვა ციხეში… უმორჩილესად გთხოვთ, არ დაამტკიცოთ ეს სირცხვილი სასამართლოში" - მოუწოდა "ოცნებას" ცაგურიამ.

უვადო მოსამართლეთა პრეტენდენტების მიმართ უკმაყოფილება ოპოზიციაშიც გამოითქვა და გაკეთდა განცხადებები, რომ ჩინჩალაძე - ეს არის ძველი კორუფციული კლანის წარმომადგენელი. კრიტიკა თავად "ნაციონალების" დროინდელმა ხელისუფლების წევრებმაც გამოთქვეს.

"ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება… "ოცნება", ძველი გვარდია, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ!" - "ფეისბუქში" დაწერა გიგი უგულავამ.

  • ვინ არიან ის მოსამართლეები, რომელთა უვადოდ დანიშვნა "ოცნების" ნაწილისთვის მიუღებელია?

"ოცნების" კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ამ 10-კაციან სიაში ყველაზე დიდი მიუღებლობა ორი კანდიდატის გამოა - მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილი 10 წელია, სასამართლოში მუშაობს და მისი ქმედებები განხილვის საგანი 2012 წელს გახდა, როცა წინასაარჩევნოდ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ის იყო დაჩი ცაგურიას მოსამართლე 2012 წლის სექტემბერში, როცა პოლიციელების ნაცემ ცაგურიასა და კიდევ ერთ აქტივისტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ცაგურიას დამცველმა საია-ს იურისტმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომაც დატოვა.

გვრიტიშვილს უკანონო გადაწყვეტილებების გამო მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც. მას 22 სექტემბერს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული აქვს გვრიტიშვილის ფოტო და სტატუსი: "იცნობდეთ, მოსამართლე გვრიტიშვილს! 90 დღემდე უკანონო პატიმრობაში უპრობლემოდ აგზავნის ადამიანებს". გვრიტიშვილი იყო ის მოსამართლე, ვინც ასევე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია 5 მილიონი ლარით დააჯარიმა.

რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ის 2017 წლის მაისიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კი 2007 წლიდან მუშაობდა და სააკაშვილმა ის კარგი სამსახურისათვის "ღირსების ორდენითაც" დააჯილდოვა.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ ასრულებდა სამოსამართლო ფუნქციას, ვინაიდან მას მხოლოდ 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც თვეში დაახლოებით 2 საქმეს შეადგენს, მაშინ, როცა სხვა მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა გაცილებით მეტია. იმავე ინფორმაციის მიხედვით, 2010-2013 წლებში და 2015 წელს ჩინჩალაძეს არც ერთი საქმე არ განუხილავს, გარდა ამისა, ამ 10-წლიანი მუშაობისას მას 1 მილიონ ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატი აქვს აღებული.

ჩინჩალაძის სახელთან არის დაკავშირებული ერთი კურიოზული შემთხვევა - მან სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის სტატუსით მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ "დუმილის უფლებას იყენებს".

"რეგინფო" წერს, რომ ჩინჩალაძეს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი მფარველობს, ისინი მეგობრები და ნათელმირონები არიან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვანო ზარდიაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის ყველა წევრი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნა.

გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ დაასახელებს და ყველაფერს ღიად და მოურიდებლად თავად ამ კანდიდატებს ეტყვის მაშინ, როდესაც იურიდიულ კომიტეტზე გასაუბრება იქნება.

"უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეების მიყვანა, რომლებიც თავისი მორალური ღირებულებებით არიან საეჭვო, არასწორია. პიროვნულად არავისზე არ მინდა ლაპარაკი, ყველამ ყველაფერი ვიცით. ვიცით, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და სასამართლო ხელისუფლებას რომ ამ ყველაფერში ხელი არ შეეწყო, უსამართლობა ვერ მოხდებოდა.

ამიტომ საუბარია ძალიან მარტივ რაღაცაზე – მორალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ ხალხმა თვითონ უნდა იგრძნოს. კენჭისყრები იქნება თავისუფალი და ყველა დეპუტატი თავის სინდისთან მარტო დარჩება, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამისად, ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება" - აცხადებს ფოფხაძე.

ჯერ უცნობია, როდის მოუსმენს 10 კანდიდატს იურიდიული კომიტეტი. სავარაუდოდ, ეს თებერვალში მოხდება, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

ეკატერინე ბასილაია, გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები