ავტორი:

"ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთ გამოვიტანთ"

"ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთ გამოვიტანთ"

ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ამ მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს.

„ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზები არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ და საზოგადოებასთან მოგვიანებით ვისაუბრებთ. დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, სჯობს სხვა დროს გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარი მიზეზებთან დაკავშირებით. თუმცა, გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზეზებს დავუბრუნდებით და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება საზოგადოებასთან საუბარი. დღეს მე არც ერთ მიზეზს არ გავშლი“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, გადადგომის ლოგიკური საფუძველი არ ჩანს, ვინაიდან გუშინ თავად მან თქვა, რომ საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო.

„ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარალმენტო ფორმატში, ასევე პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ორ ნაწილად იყო გაყოფილი ეს შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა ამ შეხვედრას, საუბარი იყო პროცედურასა და კანდიდატებზე. პროცედურას რაც შეეხება, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლში, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილია 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე. ბუნებრივია, ეს აფერხებს საქმეთა განხილვას უზენაეს სასამართლოში. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება კანდიდატებს, პოზიცია იყო იმაში, რომ უნდა განხილულიყო თითოეული კანდიდატი და საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს იყო საერთო პოზიცია, მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, შესაძლებლად მიაჩნდა საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, ასევე მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა ამ ყველაფერს. ლოგიკური საფუძველი არ ჩანს. ვეერანაირი კავშირი ვერ დავინახე პროცედურასა და მის გადადგომას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. თანამდებობა დატოვა ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც. ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომით კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი შეჩერდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები