2018 წელს ემიგრაციის მუზეუმს რუსუდან წერეთელის ოჯახმა გადასცა ქართველი ემიგრანტის, ჯორჯ კობის საახალწლო ნაძვის ხის ორიგინალი სათამაშოები. ამ სათამაშოებით გიორგი და მისი მეუღლე ჰელენი, საახალწლოდ ნაძვის ხეს რთავდნენ.
გურამ შარაძის სახელობის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში იმ ადამიანის შესახებ ყვება, რომელიც ნიუ იორკში რაჭიდან წავიდა და ამერიკელებს შობა აჩუქა...
"ჯორჯ კობი ამერიკაში მინის მრეწველი იყო, მილიონერი, რომელსაც ძალიან დიდი მრეწველობა ჰქონდა. ნაძვის ხის სათამაშოების გამოშვება მან 1940-იან წლებში დაიწყო. მანამდე ამზადებდა სამედიცინო დანიშნულების ამპულებს, კოლბებს ლაბორატორიებისთვის. მანვე დაამზადა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავის ზემტკიცე მინის კაბინა, გიორგი მაჩაბელის მიერ შექმნილი პირველი ამერიკული სუნამოს ფლაკონები.
ოთხი ქართველი ამერიკაში ყველაზე ცნობილები არიან, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი კვალი დატოვეს: ალექსანდრე ქართველი, გიორგი მაჩაბელი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბალანჩინი.
ბალანჩინმა, მოგეხსენებათ, ამერიკაში ბალეტი შექმნა. ალექსანდრე ქართველი კი ამერიკის სამხედრო ავიაციის მამამთავრად არის წოდებული, რომლის მფრინავი აპარატიც 2025 წლამდე ნატო-ს შეიარაღებაშია დატოვებული.
ჯორჯ კობიმ (გრიგოლ კობახიძემ) ნაძვის ხის მინის სათამაშოებამდე ელექტრო სანთლები გამოუშვა, რომელშიც სპეციალურ ქიმიურ სითხეს ასხამდა. როდესაც სანთლები ელექტროსადენში ირთვებოდა, სანთლებში შიგნით ფერადი ბუშტები წარმოიშვებოდა და ულამაზესი სანახავი იყო.
დღეს ზუსტად არ ვიცი ეს ელექტრო სანთლები კიდევ არსებობს თუ არა. ელექტრო სანთლები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იყო, რადგან მანამდე ნაძვის ხეზე ჩვეულებრივ, ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ და ხანძრის გამოწვევის საფრთხეს ქმნიდა, ან იწვევდა.
დაახლოებით ხუთი წლის წინ რუსუდან წერეთელმა ჯორჯ კობის მიერ შექმნილი საახალწლო, სამი ყუთი მინის სათამაშოები გვაჩუქა. ულამაზესი ყუთებია, რომელსაც ფრანგულად აწერია - კობის პროდუქცია... თარიღი არ არის ყუთზე მითითებული, მაგრამ სავარაუდოდ 1945 წელსაა გამოშვებული. ერთ ყუთში არის ლურჯი, "ელექტრიკი" ფერის ბურთუკები და ულამაზესია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ფერისაა ორნამენტებით გაფორმებული. ერთ-ერთს ფრანგულად აწერია - "შობა".
როგორც ვიცით, ჯორჯ კობის პირველი გამოშვება ნაძვის ხის მინის სათამაშოები თეთრი ფერის იყო და შემდეგ წლებში დაიწყო ფერადების გამოშვება. ყუთზე წარწერები კეთდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, რადგან პროდუქციის გარკვეული ნაწილი კანადაში გადიოდა. ჩვენ სწორედ ის ვერსია გვაქვს, რომელიც კანადაში გადიოდა, რადგან ფრანგულად აწერია.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჯორჯ კობის მიერ შექმნილი სათამაშოები შევკრიბოთ და ერთი დიდი ნაძვის ხე, თუ მთავარი არა, თბილისში დავდგათ და ასე მივულოცოთ საქართველოს 2020 წელი...
იქნებ ჩვენც დაგვებედოს გაძლიერება ჯორჯ კობის მსგავსად! მასაც ჰქონდა პრობლემები, ერთი პერიოდი გაკოტრდა, მაგრამ იმდენად ჭკვიანი, ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება იყო, რომ მალევე ფეხზე წამოდგა! იგი საქართველოშიც იყო ჩამოსული, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა, ბევრსაც გეგმავდა, მაგრამ აქ დაჭერის საფრთხე შეექმნა და იძულებული გახდა თავისი სამშობლო დაეტოვებინა..." - გვიყვება იგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე.
გრიგოლ კობახიძე 1883 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ბიჭუნას დიდ ნიჭთან ერთად კარგი ხმა და მუსიკალური სმენა დაჰყვა, ამავე დროს, პატარა გიგო საკმაოდ ცნობისმოყვარე გახლდათ. სწორედ ამიტომ, ათი წლისა იყო, როდესაც სახლიდან გაიპარა და კითხვა-კითხვით ჩავიდა ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ, ბორჯომში, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა მუშაობდა.
გიგომ ბორჯომში ოთხი წელი დაჰყო, მინის წარმოების ტექნოლოგიას დაეუფლა და პროდუქციის გაზრდის მეთოდიც შეიმუშავა. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა, ნიჭიერი ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. მათი ხელშეწყობით გიგო ჯერ თბილისის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობდა.
ასე დაიწყო გრიგოლ კობახიძის ანუ ჯორჯ კობის თავბრუდამხვევი წარმატებებითა და განსაცდელით სავსე ცხოვრება...
1902 წელს გრიგოლ კობახიძემ ოდესის მინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1903 წლიდან კი კრასნოდარის გუბერნიაში არსებულ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგი მეწარმე - გვარად, გამანი ხელმძღვანელობდა. სწორედ იმ დროს დაუმეგობრდა გრიგოლი ევგენი იგნატიევს, რომელიც მოგვიანებით მისი პარტნიორი გახდა.
1907 წელს გრიგოლ კობახიძე გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შუშის მცირე საწარმო შექმნა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ლონდონში გადავიდა. 1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს ამერიკაში ბლომად ცხოვრობდნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო და თავიდან პურის ცხობით ირჩენდა თავს.
შემდეგი ცხრა წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა "ჯენერალ ელექტრიკის" ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. იმ ხანებში ჯორჯ კობის ხელით შექმნილმა ავტომატურმა საწერ-კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო. ის ამავე დროს, საკანცელარიო ნივთებითაც ვაჭრობდა...
1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან ახლოს დიდი ქარხანა გამართა. 1922 წელს მისი ფირმა უკვე 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა, ძირითადად, მინის ნაწარმს. ამ პროდუქციამ სულ მალე გაითქვა სახელი. 1929 წელს კობის წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო შემოსავალი - 4 მილიონს.
მიუხედავად ამ მიღწევებისა, გრიგოლ კობახიძე გამოგონებებსაც არ ღალატობდა - ამ დროისათვის ის უკვე 60-ზე მეტი პატენტის მფლობელი იყო.
ცნობილია, რომ გრიგოლ კობახიძე დიდი სიხარულით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც აქ სურდა მინის დიდი ქარხნის აგება, მაგრამ ბოლშევიკებთან ვერ შეთანხმდა.
1924-1928 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა თავის სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, შეაკეთა ეკლესია, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ამისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძე იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა სამშობლო...