ბოლო წელიწადნახევარში საქართველოს მოქალაქეობა 500-მა აფხაზმა მიიღო

ბოლო წელიწადნახევარში საქართველოს მოქალაქეობა 500-მა აფხაზმა მიიღო

"თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი მივლინებები, მოვიდეს და ნახოს, აგერ არის მთელი ბუღალტერია," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, რომლის თქმით, აფხაზეთის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სოციალური პრობლემები, ჯანდაცვა და პოლიტიკური მიმართულებაა.

რატომ ითხოვენ აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას; ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით რამდენმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა; რა კატეგორია ეწინააღმდეგება რუსიფიკაციის პოლიტიკას და როგორია დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთში - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "მთელი კვირა" აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რა არის აფხაზეთის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი?

- მთავარი პრიორიტეტია სოციალური პრობლემები, ჯანდაცვა და პოლიტიკური მიმართულება. რაც შეეხება პოლიტიკურ მიმართულებას, აფხაზეთის მთავრობა მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდში, იგივე გალში მიმდინარე მოლაპარაკებები, სადაც განიხილება ინციდენტების პრევენცია და მთზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება. გვქონდა შეხვედრა საკმაოდ მაღალი რანგის დიპლომატებთან, როგორიცაა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, საფრანგეთის სენატი. ასევე გვქონდა შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, ამერიკელ სენატორებთან, ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან და ა.შ.

- და რაზე იყო მათთან შეხვედრაზე საუბარი?

- მთავარი საკითხი იყო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები. რა ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ ამ მხრივ იქ რთული ვითარებაა. საკმაოდ დაძაბულია კრიმინოგენური სიტუაცია. ჩვენ აგრეთვე ვმონაწილეობდით ოკუპირებულ ტერიტორიებთან სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში. წარმოდგენილი იქნა მშვიდობიანი გეგმის ხედვა, თუ რა შეიძლება პრიორიტეტულად ჩაითვალოს ამ პროცესში, იგივე ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში. აფხაზეთის მთავრობას ჰქონდა თავისი რეკომენდაცია, როგორც ამ გეგმის შემუშავებაში, ასევე მის განხორციელებაში.

- და, რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ პაკეტს, თქვენი ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ არამიზნობრივად ხდება თქვენ მიერ თანხების ხარჯვა...

- არ ვიცი, რა ბრალდებას გვიყენებენ. ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და მით უმეტეს ბიუჯეტი, ნებისმიერს აქვს საშუალება, მობრძანდეს და გაეცნოს მას. სოციალურ მიმართულებას რაც შეეხება, ერთი წლის განმავლობაში შემოსულია 1 421 განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 1 135. რაც შეეხება ჯანდაცვის კუთხით გაწეულ სამუშაოს, საერთო ჯამში დაფინანსებულია 25 412 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება. 1 555 დევნილს ჩაუტარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები. გარდა ამისა, ჩვენ მიერ განხორციელდა გარკვეული პროგრამა იგივე დასაქმების კუთხით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიებთან, დევნილების დასაქმების მიზნით და გვპირდებიან, რომ ახლო მომავალში დასაქმებული იქნება დევნილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. გარდა ამისა, ჩვენთვის მთავარი იყო დევნილი ბავშვების საგანმანათლებო პროგრამა. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, არის გაცვლითი პროგრამები, ამჟამად ესპანეთში მიდიან დევნილი ბავშვები. 10 ახალგაზრდა მიდის აშშ-ში სასწავლებლად. ასევე გვაქვს დასვენების პროგრამა დევნილი ბავშვებისთვის.

- ამ პროგრამაში თუ არიან ჩართული აფხაზი ბავშვები?

- რა თქმა უნდა. ეს არის ერთობლივი პროექტი და ამ სამშვიდობო ბანაკის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს აფხაზი და ქართველი ბავშვების დამეგობრება.ესენი ერთად უნდა იყვნენ, მომავალი მათ უნდა ააშენონ ერთად აფხაზეთში, როგორც ეს ისტორიულად იყო. აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ბავშვი და მათ შორის აფხაზები, საქართველოსა და უცხოეთის კურორტებზე დაისვენებს.

პირველი ნაკადი უკვე გაემგზავრა ესპანეთში დასასვენებლად. დევნილი ბავშვები ასევე დაისვენებენ აჭარაში, 40 ბავშვი დაისვენებს საბერძნეთში (და ახლა მოლაპარაკება მიდის დამატებით 30 ბავშვის წაყვანაზე). ჩემთვის მთავრია, რომ ეს ბავშვები იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. გარდა ამისა, დაწყებულია დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი და ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

- თუმცა, არიან კატეგორიები, რომლებიც დღემდე ქირით ან ნათესავთან არიან. რას სთავაზობს მათ სახელმწიფო?

- სამ ეპატად არის ეს პროგრამა გაწერილი. პირველი - ეს არის კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ფართის დაკანონება, მეორე ეტაპი - ეს არის დევნილების ის კატეგორია, რომლებიც ქირითა ან ნათესავებს არიან შეკედლებული, მოხდება მათი ფართით დაკმაყოფილება და მესამე ეპატი, ეს არის კატეგორია, რომლებსაც სახელმწიფოსგან არაფერი არ მიუღიათ. მათ მიმართა ამუშავებული იქნება კომპენსაციის რეჟიმი.

- რაც შეეხება იმ აფხაზებს, რომლებიც ლილოს დასახლებაში იმყოფებიან. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ეს ბინები კერძო საკუთრებაში არ გადაეცათ. მართლაც ასეა?

- არა. ჩვენ თხოვნით მოგვმართეს აფხაზებმა, რომ მათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე უნდოდათ გადმოსვლა. ლილოს დასახლებაში ჩავასახლეთ 8 აფხაზური ოჯახი და მათ საკუთრებაში გადაეცათ ეს ბინები. ისინი ინტეგრირებული არიან ქართულ საზოგადოებაში. პარალელურად ორი პროექტი განვახორციელეთ ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის კუთხით.

ძალიან ბევრი აფხაზის განცხადებაა შემოსული ჩემთან, ისინი ითხოვენ სამედიცინო დახმარებას, ზუგდიდში ჩვენს ამბულატორიებში გადიან შემოწმებას და ვინც საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, მათ ვეხმარებით. აგრეთვე არიან აფხაზები, რომლებმაც ჩვენ მოგვმარვეს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის თხოვნით. პარლამეტში გვქონდა შეხვედრა სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელობასთან, რათა მათ გამარტივებული წესით მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა.

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით რამდენმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა?

- დაახლოებით ასობით აფხაზმა მოგვმართა წელიწადნახევრის განმავლობაში და აქედან უმრავლესობამ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. შეიქმნება უწყებათა შორის საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც აფხაზეთის მთავრობაც მიიღებს მონაწილებას, ამ სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში. ვისაც გააჩნიათ საქართველოს მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, მის საფუძველზე ხდება მოქალაქეობის დადგენა და ამის საფუძველზე გაიცემა საქართველოს პირადობის დამადასტურებელი საბთუთი.

რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ აფხაზური დაბადების მოწმობა, რომელსაც ჩვენ არ ვცნობთ და ვერ გავცემთ, არიან ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდნენ დანარჩენ საქართველოში და ჰქონდათ ჩემთან შეხვედრა. არაერთი აფხაზია მოსული ჩემთან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტი აფხაზია ჩემთან მოსული მიღებაზე.

- რას ითხოვდნენ ისინი?

- მათ აინტერესებდათ, თუ რა ხდება დანარჩენ საქართველოში. მთავარი პრობლემა ეს იყო სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევა.

- საერთოდ რა კატეგორია ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას?

- თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანებია წარმოდგენილი, რომელთაც სურთ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის ის კატეგორია, რომლებიც ვერავითარ სარგებელს ვერ ხედავს იმ აბსურდული ე.წ. პასპორტების საფუძველზე.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია პირდაპირი დიალოგის დაწება აფხაზებთან და ნდობის აღდგენა. აფხაზები, რომლებიც ენგურს აქეთ გადმოდიან, ხედავენ ჩვენს კეთილგანწყობას და არ აქვთ ის ჭეშმარიტი ინფორმაცია, რა ხდება დანარჩენ საქართველოში, როგორ მიდის ეკონომიკური აღმავლობის პროცესები და ისინი პარალელს ავლებენ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის რა სხვაობაა. მათ განსაკუთრებით მოსწონთ აჭარა, სიღნაღი, თბილისი და სხვა რეგიონები.

აფხაზურ ე.წ. მასმედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველები არიან მათი მტრები და როგორ შეიძლება მათთან თანაცხოვრება. რეალობაში კი ხედავენ სულ სხვა სურათს. ქართველები მათ მეგობრულად ხვდებიან. როდესაც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი, მითხრა, თქვენებური ხედვაო - პირველი ეს არის პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან, მეორე ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა და მესამე, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის ამუშავება ოკუპირებულ აფხაზეთში.

- მაგრამ არიან აფხაზები მზად იმისთვის, რომ პირდაპირი დიალოგის რეჟიმში იყვნენ საქართველოსთან?

- ისინი ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აფხაზეთში. იგივე ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესით ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან აფხაზები. რაც შეეხება უთანხმოებას, ეს ჩვეულებრივი მომენტია. რა დირექტივას მისცემენ რუსები, ისინიც იმას ასრულებენ. მაგრამ, მათ კარგად იციან, რომ თვითონ ამ მოლაპარაკების პროცესს აქვს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ამ დოკუმენტს ხელი მოეწერება, ამას ვერავინ ვერ გაქცევა. ერთად ერთი პროცესია, სადაც საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესები. ჩვენ მთელს მსოფლიოს უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ არ ვართ აგრესიულად განწყობილი აფხაზების მიმართ. პირიქით, ჩვენ გვსურს მათთან ერთად ყოფნა და ჩვენ კონფლიქტი გვაქვს არა აფხაზებთან, არამედ რუსებთან.

- ის აფხაზები, რომლებიც თქვენთან მოდიან, პირად საუბრებში რას გეუბნებიან?

- ისინი ამ აზრზე არიან, რომ ხვალინდელი დღე ეს არის ქართველების და აფხაზების შერიგების დღე და რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ. ასე თვლიან ისინი. მიუხედავად იმისა, რომ რუსები უკრძალავენ აფხაზებს აქეთ გადმოსვლას და ქართველებთან დაახლოებას, ისინი მაინც მოდიან და ამას აფიქსირებენ. ნახეს, რომ ამ 17 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. პირიქით ამბობენ, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის შემდეგ მეტად გავხდით დამოკიდებული რუსებზეო.

ამ სიტუაციით სარგებელს ხედავს საოკუპაციო რეჟიმი და მარიონეტები, მხედველობაში მაქვს ბაღაფში და მისი ე.წ. ხელისუფლება, რომლებიც ხელს ითბობენ ამ ხალხის უბედურებით. რეალურად აფხაზეთში არაფერი შეცვლილა. ადგილობრივი მოსახლოების აზრი და ყოფითი პირობები რუსებს არ აინტერებთ. მათ აქვთ თავისი პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიული ინტერესი აფხაზეთში. არიან რადიკალურად განწყობილი სეპარატისტები, რომლებმაც ქართველების განდევნის შემდეგ ხელი მოითბეს მათი კერძო ქონების ხელყოფით.

- ამბობენ, რომ მიტოვებული სახლების მისაკუთრება გახდა აფხაზებისა და რუსების დაიპირისპირების მიზეზი...

- აქამდე რუსეთის მოქალაქეს არ ჰქონდა უფლება, რომ პირდაპირი წესით ეყიდა ეს კერძო საკუთრება. მაგრამ, ამ ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოაწერა ბაღაფშმა რუსებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეს მიეცა უფლება, პირდაპირ კერძო საკუთრებაში იყიდოს აფხაზეთში ნებისმიერი სახლ-კარი. რაც შეეხება აფხაზების პოზიციას, მხედველობაში მაქვს უბრალო ხალხი, რომლებიც ხვდებიან რეალურად რა ხდება, ისინი ამის წინააღმდეგი არიან.

ახლა რუსებისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის არ მოხდეს შერიგება, არ მოხდეს ქართველების დაბრუნება და თანაცხოვრება აფხაზებთან ერთად, როგორც ეს იყო ოდითგანვე. ისინი ცდილობენ, რომ აფხაზებზე "მზრუნველობით" შეფარული მზაკრული ხერხებით თავს მოახვიონ მთელი რეგიონის რუსიფიკაცია. ამას პრაგმატულად მოაზროვნე აფხაზები კარგად ხვდებიან და ამიტომაც მოდიან ჩვენთან; რაც იქ არ შეუძლიათ თქვან, იმას ლაპარაკობენ ჩვენთან კერძო საუბარში.

ჭეშმარიტი აფხაზები რეალურად აფასებენ იმ პროცესებს, რაც ხდება აფხაზეთში. სავალალო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგანან. თვითონ აფხაზებმა მითხრეს, რომ დაახლოებით 45 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს დღეს აფხაზეთში და ორჯერ მეტია სხვა ეროვნების ადამიანები. შეგახსენებთ, თვით ისეთმა ოდიოზურმა ფიგურამ, როგორიც არის რაულ ხაჯინბა, განაცხადა, რომ რუსების მხრიდან ე.წ. აღიარების შემდეგ დამოუკიდებელი კი არა, მათზე უფრო მეტად დამოკიდებული გავხდითო. ეს ადასტურებს იმას, რომ თვით სეპარატისტულ დაჯგუფებებს შორის არის განხეთქილება ამ საკითხთან მიმართებაში.

ის პოლიტიკა, რომელსაც ბაღაფში ატარებს, იცით რა არის? - აფხაზეთი რუსებისთვის და არა აფხაზებისთვის. ხაჯიმბა ის ხედავს რეალურ სურათს.

- დღეს აფხაზეთში თუ არასებობს ისეთი ძალა, რომელიც რეალურად დაუპირისპირდება დე ფაქტო ხელისუფლებას?

- გვაქვს გარკვეული სახის ინფორმაცია, რომ არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მარიონეტული რეჟიმის პოლიტიკით. მაგრამ ღიად ამაზე საუბარს თავს არიდებენ. ის ადამიანი, რომელიც დღეს გამოვა და იმ პოლიტიკას გააკრიტიკებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში, მის მიმართ გამოყენებული იქნება ყველაზე უფრო მკაცრი ზომები. ეს არ გამოიხატება მარტო დაჭერით, პირდაპირ შეუძლიათ ლიკვიდაცია და ამის არაერთი ფაქტი არის.

როდესაც საოკუპაციო ხაზზე მოხდა ე.წ. აფხაზების რუსეთის ფედერალური სასაზღვრო ძალის სტრუქტურებით ჩანაცვლება, მაშინ დაიწყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამას მოჰყვა მეომართა კავშირის უკმაყოფილებაც. ეს არის ის მასა რომელსაც რუსები ვერ აკონტროლებენ. მათი ლიდერების გააქტიურება პირველ რიგში რუსებს არ აწყობთ. შიდა პროცესებია ე.წ. გარჩევების, რომელსაც საბოლოო ჯამში აქვს პოლიტიკური დატვირთვა. არიან ინტელიგენციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ხედავენ, თუ რას აკეთებენ რუსები.

თუმცა, არიან რადიკალები, რომლებსაც საერთოდ არ უნდათ ქართველები. არის კატეგორია, რომელსაც არც რუსეთი უნდა და არც ქართველები. მაგრამ არიან პრაგმატულებიც, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. ამ ადამიანებს თუ მიეცემათ უსაფრთხოების გარანტიები, ისინი ხმამაღლა იტყვიან იმას, რასაც ჩვენთან პირად საუბრებში ლაპარაკობენ.

ისინი ხვდებიან, რომ ქართველები არიან ყველაზე უფრო ახლო მონათესავე ერი მათთვის, ქართველებთან ყველაზე უფრო კარგად გრძნობენ თავს. თავად ამბობენ - რა კარგად ვცხოვრობდით და რა შეცდომები დავუშვითო. მაგრამ რადიკალური ფრთის ეშინიათ.

- ძირითადი ნაწილი დასახლებულია ქალაქში, მაგრამ თქვენი ინფორმაციით რა მდგომარეობაა სოფლებში?

- აფხაზეთის სოფლები ძირითადად გაჩანაგებულია. სოფლებში ძალიან ცოტანი არიან დარჩენილი, მეტ-ნაკლებად არიან ოჩამჩირის რაიონში სოფელ ბესლახუბაში, ასევე კანტი-კუნტად არიან სხვადასხვა სოფლებში. გადასული არიან ქალაქებში. ომის შემდეგ სოფელი მიატოვეს, გადმოსახლდნენ ქალაქში და დაეპატრონნენ ქართველების ქონებას. მაგრამ, დამთავრდა ეს ქართველების ქონება და არც სამუშაო ადგილები აქვთ ახლა.

- რაც შეეხება იმ ბარლდებებს, რომელსაც ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი გიყენებთ. ის ამბობს, რომ არამიზნობრივად ხდება თქვენ მიერ ბიუჯეტის განკარგვა და, რომ თქვენ კერძო მივლინებებისთვის იყენებთ ბიუჯეტის თანხებს, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც ბრალდებას მიყენებენ და კონკრეტულად ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ამასთან დაკავშირებით არის კონტროლის პალატის დასკვნა. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, არის სასამართლო და მიმართოს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტებს, ეს იყო ოფიციალური ვიზიტები და მსურველს შეუძლია ნახოს ვიზიტის შედეგები და ასევე, რა დაჯდა ეს ვიზიტები. თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი მივლინებები, მოვიდეს და ნახოს. აგერ არის მთელი ბუღალტერია.

მინდა გითხრათ, რომ მე არ ვთვლი ამას ბრლდებად, ეს არის განაწყენებული ადამიანის პოზიცია. ჩვეულებრივი მომენტია - ზოგი მიდის, ზოგი მოდის. თუ ის თვლის, რომ უკანონოდაა გათავისუფლებული სამსახურიდან, კი, ბატონო, მიმართოს სასამართლოს.

- რას იტყვით მეორე ბრალდებაზე, რომლის თანახმად აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობა თქვენი ნათესავებითა და მეგობრებით არის დაკომპლექტებული?

- ვინც ამ ქალბატონის მიერ იქნა დასახელებული, მინდა გითხრათ, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არ არიან. პირველი, რაც ამ თანამდებობაზე მოსვლისას გავაკეთე, იყო ის, რომ ჩემი ძმა გავანთავისუფლე სამსახურიდან, რომელიც ჩემს დანიშვნამდე მუშაობდა აფხაზეთის მთავრობაში. ახლა სხვაგან გადავიდა სამუშაოდ. რაც შეეხება ჩემს ნათესავებს, ისინი ჩემს მოსვლამდე მუშაობდნენ ამ სტრუქტურაში.

თუ ვინმეს უნდა ამაზე პიარის აგორება, ეს მისი პრობლემაა. მაგრამ, რაც შეეხება მის საქმიანობას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი საქმიანობა. ადამიანებმა ვერ შეიგნეს, რომ ძველი რეალიებით ჩემთან მუშაობა არ შეიძლება. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ერთი ლარით ზედმეტი არამიზნობრივად დაიხაჯოს და ეს ყველამ კარგად გაიგოს.

თამთა ქარჩავა

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?