ავტორი:

გარიცხავენ თუ არა "ოცნებიდან" ეკა ბესელიას? - პარტიის ოფისში სხდომას ბიძინა ივანიშვილი მართავს

გარიცხავენ თუ არა "ოცნებიდან" ეკა ბესელიას? - პარტიის ოფისში სხდომას ბიძინა ივანიშვილი მართავს

"ქართული ოცნების" ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

შეხვედრას ეკა ბესელია არ ესწრება. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ქვეყანაში 6 იანვარს დაბრუნდება.

“ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ“, - წერს ეკა ბესელია “ფეისბუქის“ გვერდზე.

"რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა, ამაზე ბუნებრივია, სხდომის შემდეგ გაკეთდება განცხადებები. მანამდე რაიმე მინიშნებისგან თავს შევიკავებ" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სხდომაზე უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ გადაწყვეტილებებს, კილაძემ უპასუხა, რომ კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს. რაც შეეხება გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებას, კილაძის თქმით, თუ ვინმე გუნდში დისციპლინას დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ჩვენ დღეს რამდენიმე სხვადასხვა საკითხზე გვექნება საუბარი. შეხვედრას პარტიის ლიდერი დაესწრება, თუმცა რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა, ამაზე ბუნებრივია, სხდომის შემდეგ გაკეთდება განცხადებები. მე რა თქმა უნდა, შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ეს არის კლანებს შორის ბრძოლა. არანაირი კლანები არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“. გუნდში შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა და ამ აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, როგორც მიღებულია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, თუ ვინმე დაარღვევს დისციპლინას, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

"ქართული ოცნების" წევრები არ ადასტურებენ, რომ დღევანდელ სხდომაზე ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

„ეს არის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად დაგეგმილი სხდომა. დღის წესრიგის დეტალებზე და შემდგომ მსჯელობაზე შეგვიძლია შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება ქალბატონი ეკას გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, თვითონ გადაწყვეტილების გარშემო ალბათ, იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. აღნიშნული საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა.

„ჩვენი გუნდის წევრთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, ეს არ იქნება გუნდური თამაში. ჩვენ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით, ფრაქციის ფარგლებში, გვექნება მსჯელობა, ასე რომ, რასაც მივიჩნევთ საჭიროდ, რომ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ და მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, რომ იცოდეს, ჩვენ ამის შესახებ შეხვედრის შემდგომ გავავრცელებთ ინფორმაციას,“ - განაცხადა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე არ ელოდება, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება.

"სხვადასხვა საკითხებია განსახილველი. არ ველოდები ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მსჯელობას", - განაცხადა კობერიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები