ავტორი:

"ხაზარაძე ფრთხილად იყოს..." - პოლიტიკური სანქცია თუ საეჭვო ტრანზაქცია?!

"ხაზარაძე ფრთხილად იყოს..." - პოლიტიკური სანქცია თუ საეჭვო ტრანზაქცია?!

კომერციული ბანკისთვის რეპუტაციის შელახვის მცდელობა თუ შურისძიება ყოფილ პრემიერთან მეგობრობისა და ანაკლიის პორტის გამო - ეს ორი ვერსია განიხილება გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკის" საქმიანობით დაინტერესების მიზეზებს შორის. მეორე მხრივ, გასაკვირი რა არის, თუ საგამოძიებო უწყება მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებას დაიწყებს და კანონდამრღვევს გამოავლენს? თუმცა ბანკსა და მის დამფუძნებლებთან დაკავშირებული სკანდალი ისე აგორდა, რომ ბევრ ეჭვს დაუდო საფუძველი, რაც საინტერესო ფაქტობრივი დეტალებით არის გამყარებული.

რატომ ჟონავს ინფორმაცია პროკურატურიდან?!

8 იანვარსმედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკიდან შესასწავლად გამოითხოვა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, სხვა დეტალებს საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებდა. სანამ პროკურატურა დუმდა, პორტალის "კვირა" საშუალებით თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისეთი დეტალები გავრცელდა, რომ ბევრს ეს პუბლიკაცია გამომძიებლის დაწერილი პატაკი ეგონა. სკანდალური სათაურიც მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაკავების შესახებ იუწყებოდა. გავრცელებულ ცნობას ბანკიც გამოეხმაურა და ამ საინფორმაციო კამპანიას ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა უწოდა. იქვე ბანკი აზუსტებდა, რომ პროკურატურის დაინტერესების საგანს 2008 წელს ჩატარებული რიგითი, კანონიერი საბანკო ოპერაცია წარმოადგენდა, რომელიც მანამდე არაერთხელ შეამოწმეს სახელმწიფო უწყებებმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) და საერთაშორისო აუდიტორებმა. ბანკი ტრანზაქციის ხანდაზმულობაზეც მიუთითებდა. ამ განცხადების შემდეგ ბრიფინგი პროკურატურამაც დანიშნა. განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ საგამოძიებო უწყების ოფიციალური ინფორმაცია, ფაქტობრივად, ზედმიწევნით დაემთხვა მანამდე პორტალ "კვირის" მიერ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებს(?!), თუმცა ერთი ცდომილება მაინც იყო: მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ მიმდინარე გამოძიების გამო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საბჭოს წევრი ბადრი ჯაფარიძე ბანკის საქმიანობას განარიდეს, რაც პროკურატურამ არ დაადასტურა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2018 წლის მაისში დაინტერესდა "თიბისი ბანკის", მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლით. როგორც პროკურატურა ამბობს, გამოიკვეთა, რომ ბანკის კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. ამ მიზეზით მასალები ეროვნულ ბანკსა და პროკურატურას გადაუგზავნეს, რის საფუძველზეც 2018 წლის 2 აგვისტოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე და დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში კომპანიებმა: შპს "სამგორი M"-მა და "სამგორი თრეიდმა" "თიბისი ბანკისგან" საბრუნავი სახსრების შესავსებად აიღეს დაახლოებით 17 მილიონი დოლარის სესხი, რაც იმავე დღეს სესხად გასცეს ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. პროკურატურის განცხადებით, 2008 წლის ბოლოს, სესხის თანხის გადახდის გარეშე, სესხი გადაიტანეს გარესაბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში, 2012 წლის აგვისტოში, ისე, რომ ზემოხსენებულ კომპანიებს სესხის თანხა არ გადაუხდიათ, ისინი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩაანაცვლეს. როგორც პროკურატურაში განმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არ არის გამოკვეთილი ბანკის რომელიმე მესვეურის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა დაჰკითხეს სხვადასხვა პირი, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი, როგორც ზემოთ ხსენებული კომპანიების ერთ-ერთი მფლობელი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი მოწმის სტატუსით დაჰკითხეს. პროკურატურის განცხადებით, საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, ამიტომ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხი გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება.

სებ-მა თიბისი ბანკი 2018 წლის ნოემბერში დააჯარიმა

რამდენიმე დღის წინ ინვესტორებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ინგლისურენოვან ვებგვერდზე "თიბისი ჯგუფის" განცხადება გავრცელდა, სადაც კომპანია ადასტურებს, რომ "თიბისი ბანკის" 2007-2008 წლების ზოგიერთ ტრანზაქციას ეროვნული ბანკის მონიტორინგი/ინსპექტირება ჩაუტარდა. როგორც განცხადებაში ნათქვამია, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები "თიბისი ბანკსა" და გარკვეულ ფიზიკურ პირებს შორის (რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან იყვნენ დაკავშირებული), "ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები