რუსული პრესა ქართულ სკოლებში ისტორიის წიგნის "რუსული ოკუპაციის 200 წელი" შემოღებას ეხმაურება. როგორც გაზეთი "კამსამოლსკაია პრავდა" წერს, ახალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებში ისტორიის წიგნი "რუსული ოკუპაციის 200 წელი" შევა, რამაც რუს პოლიტიკოსებსა და ისტორიკოსებში ცინიზმი გამოიწვია.
რუსეთის სათათბიროს წევრი, პროფესორი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ "ქართველ ბავშვებს სინამდვილეს დაუმახინჯებენ".
"სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ პატარა, ამაყი საქართველო გაუმკლავდა თურქებს, სპარსელებს და სხვა დამყრობლებს, მაგრამ რუსეთის იმპერიის ჯარებს ვერ მოერია. იმას არავინ ეუბნება ბავშვებს, რომ საქართველო რუსეთმა მას შემდეგ მიიღო თავის შემადგენლობაში, რაც ქართველმა მეფემ, მგონი 12 თხოვნის წერილი გაუგზავნა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თურქებმა და სპარსელებმა ქართველი ერი ლამის გადააშენეს. არ შეიძლება ისტორიიდან მეძავი ქალი შექმნა", - აცხადებს მედინსკი.
რუსული პრესა მიუთითებს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, აპრილში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიულ ასპექტებს შეისწავლის. ამ კომიის შექმნის პარალელურად, პრეზიდენტმა რუსული ოკუპაციის შესახებ სკოლებისთვის სახელმძღვანელოს შექმნის იდეაც წამოაყენა.