ავტორი:

"როცა მეუბნებიან: ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა, მე ვპასუხობ: აი, სულელი!"

"როცა მეუბნებიან: ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა, მე ვპასუხობ: აი, სულელი!"

ბოლო წლებია შეიმჩნევა ტენდენცია: ბავშვებისთვის კითხვის, წერის და უცხო ენების სწავლებას ლამის საფენებში იწყებენ. ბევრი მშობელი შვილს ორი წლიდან ასწავლის იმას, რისი სწავლაც თავად 5-6 წლის ასაკში დაიწყო. აყენებს თუ არა ეს ბავშვს ტრავმას? რამდენადაა გამართლებული სწავლისა და აღზრდის ასეთი მეთოდი?

ამ საკითხზე სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლინგვისტი და ნეირობიოლოგი ტატიანა ჩერნიგოვსკაია საუბრობს.

თანამედროვე მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჩაუტენონ ბავშვს თავში და ეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში გააკეთონ. ტატიანა ჩერნიგოვსკაიას თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, რომ ბავშვს ინფორმაციებით გამოვუტენოთ თავი, არამედ იმის გაგება, თუ როგორ გამოვიყენოთ ბავშვის ტვინის რესურსები სწორად. და ყველაფერი დროულად გავაკეთოთ.

პროფესორი ამბობს: “ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლა თავის დროზე დაიწყონ. თანამედროვე ბავშვის ყველაზე დიდი “უბედურება" პატივმოყვარე მშობლებია. როცა მეუბნებიან: “ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა", მე ვპასუხობ: “აი, სულელი!" რა საჭიროა ეს? ორი წლის ასაკში ხომ მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ამის გაკეთება. მისი ტვინი ამისთვის მზად არაა. თუ ჩააჯინდებით, ის, რა თქმა უნდა, წაიკითხავს და შეიძლება დაწეროს კიდეც, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ამოცანა გვაქვს."

თუმცა, ვისთვის უფრო საჭიროა ეს? ბავშვისთვის თუ თქვენთვის? ბავშვისთვის ყველაფერი დროული უნდა იყოს. ჯერ დათუნიათი უნდა ითამაშოს, მერე ნახატებიანი წიგნებით და მერე კითხვა ისწავლოს. მშობლებს კი, უფრო ხშირად, ეს იმისთვის სჭირდებათ, რათა სხვებთან თავი მოიწონონ და იტრაბახონ, რომ მათი პატარა უკვე კითხულობს ორი წლის ასაკში. ბავშვის ტვინთან უნდა იმუშაო, განავითარო და არა ზღვა ინფორმაციით გამოტენო, რომლის ათვისებაც ჯერ არ შეუძლია.

ტატიანა ჩერნიგოვსკაია რამდენიმე რჩევას გვაძლევს, როგორ ვიმუშაოთ ბავშვთან და რაზე გავამახვილოთ ყურადღება:

1. წვრილი მოტორიკა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის წვრილი მოტორიკის განვითარებას მიაქციოთ ყურადღება. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პლასტილინით ძერწვა, მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, მძივის ან სხვა წვრილი საგნების ასხმა-აწყობა. თუ ბავშვი ამას არ აკეთებს, წვრილი მოტორიკა არ ვითარდება და მეტყველების ფუნქციების პრობლემები იჩენს თავს.

ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვისთვის კითხვის სწავლება. თუ არ ცდილობთ, რომ ბავშვს წვრილი მოტორიკა განუვითარდეს, ნუ დაიჩივლებთ შემდეგში იმის გამო, რომ მისი ტვინი ცუდად მუშაობს.

2. მუსიკა

თანამედროვე ნეირომეცნიერებების წყალობით ცნობილია, რომ მუსიკის ჩართვა ბავშვის განვითარების პროცესში, განსაკუთრებით ადრეული ასაკიდან, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ნეირონული ქსელის სტრუქტურასა და ხარისხზე.

პროფესორი ამბობს: “როცა ბავშვი მუსიკას სწავლობს, ის სწავლობს ყურადღების გამახვილებას პატარა დეტალებზე, განასხვავებს ხმებს და მათ ხანგრძლივობას და სწორედ ამ დროს ფორმირდება ნეირონული ბადის წახნაგები."

3. მუდმივი განვითარება

ტვინი ყოველთვის რაღაცას უნდა აკეთებდეს. მისი გაზარმაცება არ შეიძლება. შეიძლება ასეთი ანალოგია მოვიყვანოთ:თუ ნახევარი წელი დივანზე გაუნძრევლად იწვებით, ადგომა ძალიან გაგიჭირდებათ. ასეა ტვინიც, როცა მასზე კოგნიტური დატვირთვა არ ხდება, ის ეშვება.

ტატიანა ჩერნიგოვსკაია ამბობს:“ყველა ადამიანი როდია გენიალური ჩვენს პლანეტაზე. და თუ ბავშვს ცუდი გენები აქვს, აქ ვერაფერს გააწყობ. მაგრამ, მაშინაც კი, როცა გენები კარგია, სულერთია, ეს საკმარისი არაა. ბებიისგან შეიძლება დიდებული როიალი Steinway გერგოთ, მაგრამ მასზე დაკვრა რომ შეძლოთ, უნდა ისწავლოთ. ზუსტად ასე, ბავშვსაც შესაძლოა შესანიშნავი ტვინი ერგოს, მაგრამ თუ არ განვითარდება, ფორმირდება და გაიმართება, ის დაიღუპება."

4. გოგოები და ბიჭები

გოგოებთან და ბიჭებთან მუშაობა და მათი სწავლა სხვადასხვაგვარად უნდა მოხდეს. ბიჭები უფრო აქტიურები და ენერგიულები არიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ენერგიის ჩახშობა, საჭიროა მხოლოდ მშვიდ კალაპოტში მოაქციოთ. მაქსიმალური ეფექტისთვის, ჩართეთ აქტიურ ქმედებებში: მათ უყვართ რეალური ამოცანების და დავალებების შესრულება, შეჯიბრებებში მონაწილეობა. მეტი აქტიურობა და ნაკლები წერითი დავალებები.

გოგოებს კი ჯგუფში მუშაობა უყვართ, მათ კონტაქტი სჭირდებათ. არ ღირს მათი დაცვა და მოფრთხილება შეცდომებისგან. დაე, უმჯობესია, დაუშვას შეცდომა, წაიქცეს და ისწავლოს ამასთან გამკლავება. გოგონებისთვის აუცილებელია გამუდმებული ემოციური ჩართულობა და ფერადი სამყარო გარშემო.

5. შესვენება

არ შეიძლება ბავშვის დასჯა იმის გამო, რომ რაღაც დაავიწყდა, სხვა რამეზე გადაერთო ან ჩაეძინა. მატერიალების ათვისების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია შესვენებები. ეს ტვინს იმის საშუალებას აძლევს, რომ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგოს. თუ რაიმეს სწავლაა საჭირო ძალიან სწრაფად, ყველაზე უკეთესი, რაც შეიძლება ამ დროს გააკეთოთ, სწრაფად წაიკითხოთ მასალა და დაწვეთ დასაძინებლად. ტვინი ძირითად სამუშაოს ძილის დროს ასრულებს.

თუ ბავშვს ინდივიდუალურად მივუდგებით, ყველაზე ზარმაციც კი შეიძლება დავაინტერესოთ და მოტივი მივცეთ. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ბრწყინვალე გონება მასწავლებლის “გენიალური" მიდგომის შედეგად ზარმაცდება.

ყოველმა მშობელმა იცის, რა არის კარგი მისი ბავშვისთვის და ყოველი თავისი აღზრდის მეთოდს ირჩევს, თუმცა, აუცილებლად მოუსმინეთ სპეციალისტებსაც და შეაფასეთ თქვენი ქცევები და მოქმედებები - შესაძლოა, რაღაცას ბავშვისთვის კი არა, თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებთ?

intermedia.ge

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?