ავტორი:

"გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა" - ლევან მურუსიძე

"გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა" - ლევან მურუსიძე

გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციაზე უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კაკაბაძე ლევან მურუსიძესთან მაშინ მივიდა, როდესაც მოსამართლე სასტუმროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შედიოდა. აქციის მონაწილებმა ლევან მურუსიძე შეძახილებით შეაცილეს შენობაში და მოითხოვეს, მან უარი თქვას სამოსამართლეო საქმიანობაზე, რადგან აქციის მონაწილეთა განცხადებით, მურუსიძეს მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ამის მორალური უფლება არ აქვს.

როგორ მურუსიძემ აღნიშნა, ის ასევე არ ეთანხმება, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების საკითხი 2024 წლამდე გადაიდოს.

"საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენი ყველა ქმედება უნდა ჩაჯდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ მე არ ვეთანხმები ერთს - არასამთავრობო სექტორი ამბობდეს, რომ უნდა გადადგეს სასამართლო ხელისუფლება. ეს არ არის მათ კომპეტენციაში. მათ შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ჰქონდეთ პოზიცია ძალიან მწვავე, მაგრამ ის, რომ სასამართლო ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ, სცდება არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციას. შეუძლიათ გამოაცხადონ უნდობლობა, ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია თითოეული მოსამართლის მიმართ, მოვლენების მიმართ, მაგრამ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, გადადგეს სასამართლო ხელისუფლება, არ ჯდება კონსტიტუციაში, კანონში",- განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მოსაზრებას, რომ 2024 წლამდე შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, მურუსიძემ განაცხადა, რომ ამას არ ეთანხმება. "ვენეციის კომისია და ყველა წამყვანი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში სასამართლოს განვითარებით, საუბრობენ იმაზე, რომ მოსამართლეები უნდა იყვნენ უვადოდ დანიშნული, ვინადიდან ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია მისი დამოუკიდებლობის. იმასაც ვიტყვი, რომ 2012 წლიდან "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა ბევრი ისეთი ცვლილება და ეს დააგვირგვინა კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს ძალიან დიდი გარანტიები მისცა, არ ვეთანხმები, რომ წაღმა დატრიალებული ბორბალი უკუღმა დატრიალდეს", - განაცხადა მურუსიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კერძოდ, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. მათ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები