ავტორი:

+18-ი და სასიყვარულო სამკუთხედში გახლართული დების ტრაგიკული ისტორია - რატომ დათანხმდა თამამ სცენებში მონაწილეობას თამუნა ნიკოლაძე

+18-ი და სასიყვარულო სამკუთხედში გახლართული დების ტრაგიკული ისტორია - რატომ დათანხმდა თამამ სცენებში მონაწილეობას თამუნა ნიკოლაძე

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული სერიალით გახდა, მსახიობ თამუნა ნიკოლაძის საქმიანობა მხოლოდ ტელესერიალებში თამაში არ არის - წლებია, "თავისუფალი თეატრის" მსახიობია და არაერთი დრამატული როლი აქვს შესრულებული. რამდენიმე დღის წინ "თავისუფალ თეატრში" კიდევ ერთი ასეთი როლი ითამაშა რეჟისორ ვანო ხუციშვილის სპექტაკლში "მუდამ ერთად". მისი გმირი - იოანა პოპესკო არსებული მდგომარეობის, რეჟიმისა და სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდა. დები - იოანა და ალექსანდრა პოპესკოების ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში მძიმედ ვითარდება - ალექსანდრა საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნას განიცდის, იოანას - დის შეყვარებული შეუყვარდა.

"მუდამ ერთად" გასართობი სპექტალი არ არის, ის მათთვისაა, ვისაც ფიქრი და ჩაღრმავება უყვარს, წარმოდგენა უამრავ კითხვას აჩენს - თუნდაც იმას, შეძლებენ თუ არა დები მომავალში ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ერთმანეთს ერთად ყოფნა შეჰფიცეს.

თამუნა ნიკოლაძე:

- მსახიობი ყოველთვის ოცნებობს, ჰქონდეს საინტერესო სამუშაო, იყოს მუდმივ ძიებაში. ეს პროცესი ამჯერად, 2-3 თვის განმავლობაში, ამ წარმოდგენაზე მუშაობისას მქონდა. ჩემი გმირი იოანა პოპესკო პირველ სცენაში 17 წლისაა, თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტია. ბოლოს კი, 35 წლის ქალი. ამიტომ, სცენაზე 18 წელი მქონდა გასანაწილებელი. არ ვიცი, ეს როგორ მოხერხდა, ყოველ შემთხვეაში, ვცდილობდი, დაწყებული პატარა დეტალით, ემოციური მახსოვრობით დამთავრებული, ყველაფერს ვაკონტროლებდი... ვანო ხუციშვილი ის რეჟისორია, თუ კონკრეტულ როლზე ზუსტად არ წარმოუდგენიხარ, არ დაგაკავებს. როცა მსახიობს აირჩევს, მერე აღარ ცვლის.

- გარდა ფსიქოლოგიური როლისა, სცენაზე ორივე მსახიობს ფიზიკური შრომაც გიწევთ...

- კი, გადასანაწილებელია ტექნიკური ძალა, ფიზიკური პლასტიკა. ჩემს პერსონაჟს ცალი თვალით რომ შევხედოთ, უარყოფითი გმირია, მაგრამ როგორც მსახიობი, ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ როლს, რომელსაც ვთამაშობ, ადამიანური გამართლება მოვუძებნო. იოანა არის დროის, მდგომარეობის მსხვერპლი. ყველა სპექტაკლი ცხოვრებაში რაღაც მესიჯს მიგზავნის, როგორ შეიძლება მოვიქცე და როგორ - არა. ამ სპექტაკლმა მასწავლა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე, აუცილებლად უნდა მიხედო საკუთარ თავს და არ უნდა დაგრჩეს გვერდით პირადი ცხოვრება. იოანა დის წასვლას გადაჰყვა, დის შეყვარებულს და გაიხლართა ამ სასიყვარულო სამკუთხედში. ბოლოს კი ჯანმრთელობის, სამუშაოს, პროფესიის, შვილის, ქმრის გარეშე დარჩა და 35 წლის ასაკში 35 წლის ფიტული აღმოჩნდა.

- წარმოდგენა +18-ია, არის საკმაოდ თამამი სცენები. ადვილად დათანხმდით ამას?

- ეს აუცილებელი იყო, თემამ მოითხოვა გაშიშვლებული სხეული გაშიშვლებულ ემოციებთან და გრძნობებთან ერთად. ამას ასე მარტივად და სხვა სპექტაკლში ვერ გავაკეთებდი და არ გავაკეთებდი, ვიმეორებ, ამის აუცილებლობა თემამ მოიტანა. გაშიშვლებული მკერდები, - ეს არის ერთ ქალად ქცეული 2 ქალი, - "შეუმდგარი" მკერდი, "შეუმდგარი" რძე, "შეუმდგარი" დედობა. უშვილოდ დარჩენილი ორი ქალის ბედი, - ამ ყველაფერს ასე შევხედე და ასე გავამართლე. სცენაზე პატარა ყვავილიც კი არ შეიძლება გაუმართლებლად დააგდო... ბევრს ჩემგან ეს სითამამე გაუკვირდა, რადგანაც საკმაოდ ჩაკეტილი და დისტანციური ადამიანი ვარ, ცოტა მეგობრიანი, ვინც მყავს, ისინიც - ამორჩევით. ასეთი ხასიათი მაქვს. ღმერთმა გვაჩუქა დედა, მამა, ბებია ბაბუა, და-ძმა, ხოლო მეორე ნახევრებს და მეგობრებს ვირჩევთ. ამიტომ, როცა გვეძლევა არჩევნის საშუალება, მინდა, ისეთი ავირჩიო, ვინც მინდა, რომ გვერდით მყავდეს. ჩემი, სიყვარულის და მეგობრობის ერთგულები.

- მათ, ვისაც სპექტაკლი ჯერ არ უნახავთ და აფიშას მოჰკრეს თვალი მიაჩნიათ, რომ აფიშა პროვოკაციულია...

- ვინც სპექტაკლს ნახავს, ასე აღარ მოეჩვენება და დარწმუნდება, რომ არის არშემდგარი ქალების ისტორია, თუ როგორ გაანადგურა ისინი სიყვარულის სამკუთხედმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ. ამბავი რუმინულია და მისი ავტორი ანკა ვისდეია, მაგრამ გეგონება, ყველაფერი საქართველოში ხდება. ძალიან ჰგავს ქართულ პრობლემას. ქვეყნიდან წასვლა რატომღაც დიდი გმირობა ჰგონიათ, არადა, სამშობლოში დარჩენა უფრო დიდი გმირობაა, ამაზეცაა სპექტაკლი... არის კიდევ ერთი-ორი უხერხული სცენა და ცოტათი არ მომეწონება, თუკი მას ჩემი მოსწავლეები ნახავენ. ამიტომაც არის წარმოდგენა +18.

ვანო ხუციშვილი, სპექტაკლის რეჟისორი:

- აქ ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ნაცნობი თემებია, - 90-იანი წლები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ნაცნობია და ჩვენი ნამუშევარი ძალიან ეხმიანება ამ ყველაფერს. გარდა ამისა, სპექტაკლში მნიშვნელოვანია ხელოვანის ბედი, საკუთარი თავის ძიება, ყველაფრის სამშობლოზე გადაბრალება, საერთოდ, სხვა ქვეყანაში შენის აღმოჩენა, ასევე საკუთარი თავის პოვნა. რამდენად საჭიროა, სხვაგან ვეძებდეთ ჩვენს თავს. ამ კითხვებზე ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს...

- სპექტაკლში მხოლოდ ორი მსახიობი მონაწილეობს. ნინო ფილფანი და თამუნა ნიკოლაძე - რა ნიშნით შეარჩიეთ ისინი?

- როცა 8 წლის წინ, რეჟისორობა გადავწყვიტე, ჩემი, როგორც რეჟისორის ნათლობა, თოჯინების სახლში მათთან ერთად მოხდა, მათ ითამაშეს იმ სპექტაკლში და ეს 8-წლიანი შემოქმედება ახლა ასე მინდოდა დაგვირგვინებულიყო და შეკრულიყო. ამასთან, ვისი ბიოგრაფიაც ასე თუ ისე ვიცოდი, მინდოდა, მათთან ერთად მეთანამშრომლა, მით უფრო, რომ ეს სპექტაკლი ავტობიოგრაფიულია, ოღონდ, სხვა კუთხით მოყოლილი. სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკა, რომლის ავტორიც გიორგი ჯიქიაა, ზუსტად ეხმიანება ამ ამბავს, მუსიკაც ცალკე თავის ამბავს ჰყვება...

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის