ავტორი:

რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს?

რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს?

უკვე ორი თვეა ავლაბარში პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტის გარეშეა დარჩენილი. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მოვალეობებს ათონელის რეზიდენციიდან ასრულებს, შესაბამისად 2009 წელს აშენებული ფეშენებელური სასახლის ბედის გადაწყვეტა, მთავრობას მიანდო.

"ქართულ ოცნებაში" ამ საკითხზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია რესპუბლიკის სასახლედ გადაკეთდება, გასხვისდება თუ საკონსტიტუციო სასამართლო ან მთავრობა გადავა - ამ საკითხზე „ოცნებაში“ იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

„არ ყოფილა ჯერ ამაზე მსჯელობა, მაგრამ ალბათ უნდა მოხდეს. არ შეიძლება ამ სასახლის უპატრონოდ მიტოვება. ფაქტია, შენობა უნდა დაიტვირთოს და ცუდი არ იქნება მთავრობა თუ გადავიდოდა. თუმცა, მისი რესპუბლის სასახლედ გადაკეთებაც განიხილება, მუზეუმი ან მთლიანად კულტურული სივრცე რომ შეიქმნას. მისი პრივატიზაცია შესაძლებელია, თუმცა მე პირადად წინააღმდეგი ვიქნებოდი და ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დავუჭერ“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატ ზაქარია ქუცაშვილის თქმით, ავლაბრის რეზიდიდენცია რესპუბლიკის სასახლედ უნდა გადაკეთდეს, თუმცა გაიზიარებს თუ არა მთავრობა მის მოსაზრებას, არ იცის.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ გამოცხადდეს რესპუბლიკის სასახლედ, სადაც ხელოვნების მუზეუმიც მოეწყობა. იყოს ამ ორი ფუნქციის მატარებელი შენობა, უმაღლესი სტუმრების ვიზიტების ორგანიზებისათვის. თან იყოს მუზეუმი იმისათვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახუროს ჩვენს მოქალაქეებს. მაღალი რანგის ვიზიტების დროს ქართულ კულტურას პოპულარიზაციას გაუწევს.

ხშირად ვიზიტების დროს უცხოელი სტუმრები დროის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებენ მუზეუმებში შესვლას - თუ ეს განხორციელდა, ქართული საგანძური უცხოელი ვიზიტორების მიღმა აღარ დარჩება. კომბინირებული გადაწყვეტილებაა მუზეუმი და რესპუბლიკის სასახლე, რაც ერთის მხრივ ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება, მეორე მხრივ უმაღლესი რანგის სტუმრებს უმასპინძლებს.

ასევე განიხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოყვანა, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე კარგი იდეა რესპუბლიკის სასახლე და მუზეუმია. საბოლოო გადაწყვეტილებას ქონების ფუნქციონირების თაობაზე იღებს ქონების მესაკუთრე, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, რომელიც წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს სახით. ასე რომ, დაველოდოთ რას გადაწყვეტენ“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ქუცნაშვილმა.

არქიტექტორი და ავლაბრის რეზიდენციის დამპროექტებელი გიგა ბათიაშვილი აცხადებს რომ, აღნიშნული შენობა თავდაპირველად დაპროექტდა, როგორც "საქართველოს სახლი", სადაც თავმოყრილი უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს კულტურული და ისტორიული მიღწევები.

"ეს შენობა დავაპროექტე, როგორც "საქართველოს სახლი" - ნაგებობა, რომელშიც აკუმულირებული უნდა იყოს საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკები, ტურისტული მარშრუტები, ფონოთეკები, საკონცერტო დარბაზები, ქვეყნის ქონებრივი პოტენციალი, შექმნილი განძეულობები, ხელნაწერები და ისტორიული არქივები. შენობა მეფობს მთელ თბილისზე და მასში უნდა იყოს ისეთი ობიექტი, რომელიც ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობასაც გააცნობს საქართველოს.

ბელგიაშიც, ჰელსინკშიც არის ასეთი ცენტრები, ამ შენობაში საქართველოს ნიჭიერება უნდა იყოს აკუმულირებული. მივმართავ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, არც განიხილონ სხვა საკითხი, რა უნდა განთავსდეს ამ შენობაში. ხმები დადის, მისი პრივატიზების მსურველებიც გამოჩნდნენო... ეს დაუშვებელია! ეს უნდა ყოფილიყო რუსთაველის სახლი, რომელიც გვიამბობს საქართველოზე დასაბამიდან დღემდე" - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.

არიქტექტორ ლადო ვარდოსანიძის აზრით, ავლაბრის რეზიდენციას უნდა მიეცეს მძაფრი პოლიტიკური პროფილი, კავკასიური სახლის შექმნით, რომელიც საქართველოს გარდა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებსაც მოემსახურება.

"პირველ რიგში ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შევიდა. ამხელა მოცულობის შენობა საქართველოს პრეზიდენტს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდა.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ჩემი აზრით, უნდა განთავსდეს კავკასიური სახლი. მთავარი პოლიტიკური ცენტრი უნდა გახდეს, არა მარტო საქართველოსი, არამედ მთელი კავკასიის. საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც კავკასიაში მუშაობენ, უნდა შევიდნენ ავლაბრის რეზიდენციაში. პოლიტიკური ტოლერანტობის ცენტრი უნდა იყოს. მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ერთმანეთს საქართველოში უნდა ხვდებოდნენ და არა სტამბოლში.

ტიფლისი ყოველთვის იყო მთელი კავკასიის კულტურის ცენტრი. ჩვენი ახალი პრეზიდენტი კი უნდა წასულიყო იქ, სადაც ყოველთვის იჯდა კავკასიის მეფისნაცვალი და სადაც გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ანუ იქ სადაც ახლა განთავსებულია ახალგაზრდობის სასახლე. რაც შეეხება, იმას თუ რა ვუყოთ ახალგაზრდებს, ეს არის ერთიანი პროექტი და ახალგაზრდებს წინასწარ უნდა ავუშენოთ სასწავლო ცენტრები - მაგალითად დიღომში, გლდანში და ვარკეთილში. სივრცეები გვაქვს. ათონელში კი უნდა გადმოვიყვანოთ კულტურის დაცვის დეპარტამენტი. ეს არის კომპლექსური პროგრამა, რომელიც ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება, მაგრამ ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა.

კატეგორიულად არ შეიძლება ავლაბრის რეზიდენციის გასხვისება! საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოყვანას რაც შეეხება, ამ უწყებას არაფრად უნდა ამხელა შენობა. ავლაბრის რეზიდენცია თვალის ჩინია თბილისისთვის, ამიტომ ამას უნდა ჰქონდეს აშკარა გამოკვეთილი მძაფრი პოლიტიკური პროფილი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ვარდოსანიძემ.

ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე რეზიდენცია 5 წლის მანძილზე შენდებოდა და ის 2009 წელს პომპეზურად გაიხსნა. ზუსტად რა თანხა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს უზარმაზარი კომპლექსი, უცნობია. ქვეყნის ბიუჯეტს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ყოველწლიურად, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი უჯდება, აქედან ყველაზე მეტი კომუნალურ ხარჯებზე (ელექტროენერგია, გაზი, წყალი) მიდის, სასახლის დაცვაზე კი 800 000 ლარამდე იხარჯება.

მთავარი ფოტო: VOA

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები