ავტორი:

რა იდეას ატარებს თბილისში გახსნილი ბედნიერების მონუმენტი - "სასაცილო თუა, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი!"

რა იდეას ატარებს თბილისში გახსნილი ბედნიერების მონუმენტი - "სასაცილო თუა, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი!"

პირველ თებერვალს თბილისში ბედნიერების მონუმენტი გაიხსნა. ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა: ნაწილმა ის ანტიქრისტეს თვალს შეადარა, ზოგიერთმა დაწერა, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველია, ბედნიერების ძეგლის ადგილი არ არის, ბევრი კი პოზიტიურად შეხვდა სიახლეს.

ძეგლის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში "ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის" დაფუძნებას დაამთხვიეს. აკადემია 9 ქვეყნის "ბედნიერ თანამოაზრეთა" მიერ სიმბოლურად დაფუძნდა და მას 52 ხელმომწერი ჰყავს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები გვეუბნებიან, „ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის“ მიზანია ადამიანი უფრო ბედნიერი გახადოს და ამით გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.

რაც შეეხება მონუმენტს, სკულპტურული კომპოზიცია "ბედნიერება", წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების განზოგადოებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი, სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს კაშკაშა მზის სიმბოლო წარმოადგენს, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო.

"დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“ და „წარმატება“ - ბედნიერებაა, როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ასევე მთელი სამყაროსთვის, რადგან ყველა ამ ცნების ერთობლიობა ადამიანს ანიჭებს შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას" - ამბობენ იდეის ავტორები.

მონუმენტი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეა კი ექიმ არსენ გვენეტაძეს ეკუთვნის, რომელიც AMBEBI.GE-ს დაწვრილებით უამბობს, რას გულისხმობს "ბედნიერების" მონუმენტის იდეა:

"2017 წლის ზაფხულში, შვეიცარიაში, კერძოდ, ლოზანაში სპეციალურად ჟენევიდან ჩავედი, რათა ოლიმპიურ მუზეუმში მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის სამი ნამუშევარი მენახა. საქმე უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს - ეს არტისა და ოლიმპიზმის ისტორიაში იშვიათობაა - ერთი და იგივე ქვეყნის, ერთი და იგივე წარმომადგენელმა ზედიზედ სამჯერ ოლიმპიზმისა და არტისადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვა. სამივე ქანდაკება ლოზანას იმ მუზეუმში ინახება.

საცავში ამ ყველაფრის სანახავად სპეციალურად ჩამიყვანეს. იმ ნამუშევრების ნახვის შემდეგ გამიჩნდა აზრი, ჩემს ქვეყანაში ბედნიერების აღქმისათვის, მეგობრებთან ერთად, რაღაც გამეკეთებინა. მოგვიანებით ადამიანებთან ამ მოსაზრების გაზიარება დავიწყე და ამ თემაზე აქტიური ფიქრიც. შემდეგ ლევანთანაც მივედი და ვუთხარი - ბედნიერებას იქნებ ქანდაკება მივუძღვნათ-მეთქი. მასაც მოეწონა აზრი და დაიწყო ფიქრი, ესკიზი შექმნა, რაც ჩემთვის შემდეგ ბედნიერების სიმბოლო გახდა. საბოლოოდ კი ეს იდეა სამედიცინო უნივერსიტეტმა მონუმენტური პროექტის სახით განახორციელა.

- სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო იმიტომ აირჩიეთ, რომ ექიმი ბრძანდებით?

- 1981 წლის 2 თებერვალს ტყიბულიდან თბილისში მეოთხედ ჩამოვედი - აქედან ორჯერ მხოლოდ ზოოპარკში ვიყავი ნამყოფი და ერთხელ მაშინ, როცა სკოლა დავამთავრე და ოქროს მედალი გადმომცეს. მეოთხე ვიზიტისასაც აქ არავის ვიცნობდი. ინსტიტუტი, სადაც საბუთები ჩავაბარე, სამედიცინო იყო, რომელსაც კითხვა-კითხვით მივაგენი, იმიტომ კი არა, რომ პატრონი არ მყავდა ვინც მიმიყვანდა, უბრალოდ, ვთქვი, რომ დამოუკიდებლად უნდა წავიდე-მეთქი...

მოკლედ, სამედიცინო უნივერსიტეტი ჩემი ალმა მატერია, რომელმაც ჩემს ცხოვრებას მიმართულება მისცა, მით უმეტეს, კიბოს გადატანის შემდეგ და როცა სიკვდილს ორ-სამჯერ თვალებში ჩავხედე... უკვე ბოლო 8-9 წელია, ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ. ჩავთვალე, რომ დიდი ბედნიერება იქნებოდა, თუ მოვახერხებდი ჩანაფიქრის განხორციელებას და ამ საქმეში რაღაც წვლილს შევიტანდი. დანარჩენი - უნივერსიტეტმა თავად განახორციელა.

მონუმენტის გახსნისას 8 ქვეყნიდან 19 წარმატებული ადამიანი, მათ შორის, 5-6 პროფესორი ჩამოვიდა, გერმანიიდან კინორეჟისორი, რომელიც საქართველოზე ფილმს იღებს, იტალიიდან კულტურის წარმომადგენელი, ასევე წარმომადგენელი ვერსაჩეს სახლიდან... თითოეული ჩემი მეგობარია. მათთან გასული წლის აგვისტოდან ამ თემაზე ვსაუბრობდი.

გერმანიიდან ჩამოსულმა ქალბატონმა - ფრაუ სილვამ, სპეციალურად ამ დღისთვის, მისი შვილის მიერ, თავის შოკოფაბრიკაში დამზადებული შოკოლადი ჩამოიტანა, რათა ხალხისთვის დაერიგებინა და ეს იყო მონუმენტის ფორმის შოკოლადი. შემდეგ ერთ-ერთ ქართველ გოგონას იმ შოკოლადით ფოტო გადაუღია, რომლისთვისაც წაუწერია - ბედნიერება ჩვენს ხელშია! ბედნიერება მართლაც რომ ჩვენს ხელშია!

- სოციალური ქსელი დაუნდობელია და არაერთი უსიამოვნო კომენტარი გაკეთდა... რას ეტყოდით ამ ადამიანებს?

- მიუხედავად ნებისმიერი კონტექსტისა, უკვე ბედნიერებაა, როცა ადამიანები ბედნიერებაზე ლაპარაკობენ. მიმაჩნია, რომ ბედნიერების ხერხემალი თავისუფლებაა. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის, გამოხატვის საშუალება, თუნდაც რადიკალურად განსხვავებულის. აბა, ყველა ერთ აზრზე ხომ არ იქნება? ნებისმიერს აქვს უფლება მოეწონოს, არ მოეწონოს, დაიწუნოს, აღფრთოვანდეს და ეს არის ბედნიერება. დიახ, ბედნიერებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში აზრის თავისუფლებაა.

- ზოგს მიაჩნია, სოციალურად შეჭირვებულ, ეკონომიკურად მძიმე ვითარებაში, როცა ამდენი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში, რა დროს ბედნიერების ძეგლიაო. ამაზე ეცინებათ...

- სასაცილო თუა ბედნიერების ძეგლი, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი?! გაგიგონიათ, ბედნიერება, ან უბედურება მარტო არსებობდეს?! ორივე ადამიანის გრძნობებია. ერთსა და იმავე სიტუაციაში ადამიანი შეიძლება იყოს უბედური და შეიძლება იყოს ბედნიერიც. დიახ, ერთსა და იმავე მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერიც და პირიქით.

- ზოგიერთმა პოლიტიკური იარლიყიც მიაკერა „ბედნიერების მონუმენტს“... ზოგმა ის „ოცნებასთან“ გააიგივა...

- ეს ყველაფერი პოლიტიკასთან არანაირ კავშირი არაა, გარდა იმისა, რომ ძეგლი ჩვენს ქვეყანაში დაიდგა. ეს არის და ეს. არანაირი პოლიტიკა აქ არ არის.

"დარწმუნებული ვარ, კახა გვიყურებს და უღიმის ცნობილი ულვაშებში ღიმილით" - ბენდუქიძის ქალიშვილს მამის გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე ვაჟი შეეძინა

"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას

"ადამიანები უმეტესად ვიღაცისთვის ცხოვრობენ... ამიტომაც გრძნობენ თავს უბედურად" - ექიმი, რომელიც საზოგადოებას "ბედნიერების ფორმულას" ასწავლის