ავტორი:

ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა - "საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს საქართველოში უმსხვილესი ფერმერი ვარ"

ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა - "საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს საქართველოში უმსხვილესი ფერმერი ვარ"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს - ივანკა ტრამპს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანია 2025 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ ქალის განვითარებას შეუწყოს ხელი. მემორანდუმს ხელი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა დონალდ ტრამპმა.

VIDEO: რაზე ისაუბრა ქართველმა ფერმერმა დონალდ და ივანა ტრამპებთან შეხვედრისას - ქართული ტიტრებით

სახელმწიფო მდივნებთან, ელჩებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე იყო.

ზამბახიძეს ამერიკის პრეზიდენტისთვის და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობაც მიეცა - ინიციატივის მოკლედ წარდგენის შემდეგ, ქართველ ფერმერს ივანკა ტრამპა მიმართა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. აი, რაზე ისაუბრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე:

"მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ჩემთვის გარდამტეხი მომენტი გახდა შესაძლებლობა, რომელიც მომცა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" რომ გავმკლავებოდი იმ სირთულეებს, რომლებსაც წავაწყდი. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ, ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით" - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ და ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შესანიშნავი ინიციატივისთვის და განხორციელებული ყველა პროექტისთვის, რომელიც საზოგადოების განვითარებას ემსახურება.

"ბატონო პრეზიდენტო თქვენი ლიდერობისას საქართველო - ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდა, ისე რომ ამას საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს და მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. წლების განმავლობაში თქვენი დახმარება და ის პროექტები, რომლებსაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მართლაც შესანიშნავია, რადგან საქართველოს მომავალი ქალების ხელშია!

მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც თქვენ მიერ განხორციელებული პროექტებით ისარგებლეს და რომლებსაც არ შეუძლიათ დღეს აქ ყოფნა, ამიტომ მათი სახელითაც მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ“ - თქვა ნინო ზამბახიძემ თავის მიმართვაში, რომელსაც თეთრი სახლის ლიდერი ყურადღებით უსმენდა, შემდეგ კი მადლობა გადაუხადა ქართველ სტუმარს ასეთი შეფასებისთვის.

ნინო ზამბახიძის შემდეგ მნიშვნელოვანი ინიციატივა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შეაფასა.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნინო ზამბახიძეს დიდი მეურნეობა აქვს ჯავახეთში, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარი ხელით და გრანტების დახმარებით წარმატებულად ამუშავებდა. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ზამბახიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფერმას, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა და აფართოებდა, ყიდის. მიზეზად კი სახელმწიფო ტენდერში უსამართლო დისკვალიფიკაციას ასახელებდა.