ავტორი:

შსს-მ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შსს-მ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში 2017 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი კ.მ. მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.

დაკავებულმა კ.მ.-მ 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მანქანაში მსხდომ ორ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კ.მ.-ს ბრალეულობა დადგინდა და 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კ.მ.-ზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2017 წელს ოზურგეთში მოკლული ორი მამაკაცი ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო. მეორე მოკლული კი, სახელად დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ