ავტორი:

როგორ აღმოჩნდა კახა კალაძე "გემრიელი ლუკმა" პიარ-სპეციალისტებისთვის და ჰქონდა თუ არა დამუშავებული "გამოქანების" ფრაზა

როგორ აღმოჩნდა კახა კალაძე "გემრიელი ლუკმა" პიარ-სპეციალისტებისთვის და ჰქონდა თუ არა დამუშავებული "გამოქანების" ფრაზა

20 წელზე მეტია, მისი სფერო პოლიტიკური კომუნიკაციაა. წლებია თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების პიარში მუშაობს. ეკა ჟვანიას გასახსენებელი, მოსაყოლი ბევრი აქვს, მაგრამ ჯერ ყველაფერს ვერ ამბობს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ოდესმე ყველაფერს მოჰყვება, ან დაწერს...

"შევარდნაძის პერიოდიდან ვიცე-პრემიერთან მუშაობით დავიწყე, ინდივიდუალურადაც ვმუშაობდი არასახელმწიფო მოღვაწეებთან. 2012 წელს კი ისე მოხდა, რომ ამ მთავრობასთან, ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან მომიწია სამსახურის დაწყება. ვხუმრობდი, ამით დავიწყე და ამით ვამთავრებ-მეთქი“ - გვეუბნება პიარის სპეციალისტი, რომელიც პოლიტიკოსებს პოლიტიკურ ზრდას ვერ ატყობს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო 25 წელია, მცირეოდენი ცვლილებით, ამ სფეროში ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ.

"ადრე სხვა რეალობა იყო ბნელ, ავტომატებიან, მხედრიონის თბილისში სხვა მოთხოვნები ჰქონდათ, ახლა სხვა რეალობაა... სად იყო მაშინ ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია? ამდენი სამოქალაქო აქტივისტი? მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ზრდა მაინც არ არის. ეს იმის ბრალია, რომ ხალხის, საზოგადოებრივი დაკვეთა არ არის. ზოგადად კი საზოგადოება ჯერ არც არის ფორმირებული, რადგან ამის არანაირი მოთხოვნები არ აქვს,“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომელსაც მიუხედავად უამრავი პრობლემისა, საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს.

- რა მუშაობს მასებში?

- ნეგატივი, "შავი პიარი", ანუ ანტიპიარი. როგორც ჩანს, მოსახლეობა ისე დაითრგუნა, რომ ჰგონია, ანტიპიარით მიაღწევს საწადელს. ასე რომ, ახლა სხვისი ლანძღვაა "მოდაში". ამას მაქსიმალურად ვებრძვი. ხომ არის პროფესიული ჩარჩოები, საიდანაც გასვლა არ გინდა, მაგრამ გეუბნებით - ახლა ეს არის მოდაში.

ჩემი პროფესია იმ თვალსაზრისითაა ცუდი, რომ ადამიანთან, რომელთანაც მუშაობ, ძირითადად ნეგატივში „მიგაქვს“ პირადი კომუნიკაცია, ცუდი უნდა დაანახო, რომ შეცდომა ლაპარაკში, გადაწყვეტილებების პოპულარიზაციაში, არაპოპულარული თემის გაპიარებაში გამოასწორებინო. ეს ყველაფერი ისე უნდა შეფუთო, რომ მასებში პოზიტიურად "წაიღოს".

- ანტიპიარზე პოლიტიკოსები მარტივად მიდიან...

- რასაც ვუყურებ, კი, ძირითადად ასეა.

- თქვენ ქალაქის მერთან, კახა კალაძესთანაც მუშაობთ. ექსპერტები, საზოგადოება ხედავს, რომ ის პიარს აქტიურად მიმართავს. წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფორმად სოციალური ქსელით პირდაპირ ჩართვებს იყენებდა. ეს თქვენი კონსულტაციის შედეგი იყო?

- ცნობილმა ვარსკვლავმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო, თან, იმ გუნდის წარმომადენელი იყო, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ამასთან, ვიცე-პრემიერი. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი გახდა, დახურული სექტორი ენერგეტიკის სამინისტრო, გამჭვირვალე გახადა და ამით მიეცა შანსი, როგორც მინისტრი, პოლიტიკოსი თავის საქმიანობაში გაპიარებულიყო და მაშინ ერთად გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციის ახალი ფორმა მოგვეძებნა, იმ „ლაივებამდე“ რაც თქვენ ახსენეთ, დაიწყო მოსახლეობასთან ვიდეოდიალოგები...

ასე რომ, ამ სფეროში ახალბედა ვარსკვლავი ფეხბურთელი, ჩემთვის "გემრიელი ლუკმა" აღმოჩნდა პიარის თვალსაზრისით. იმ ვიდეოდიალოგებით ხალხი კმაყოფილი იყო, გარკვეულ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდათ, შემოდიოდა კითხვები, რასაც პასუხობდა. პირველად რომ დავიწყეთ, სამი საათი წერდა ხოლმე და მერე ისე დაიხვეწა, 15-20 წუთში აგვარებდა.

- მასზე ხშირად იმასაც ამბობენ, რომ მეტყველება დახვეწა, საუბრის სტილი და მანერა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რადიკალურად შეცვალა... ესეც თქვენი კონსულტაციის შედეგია?

- კახის ფანტასტიკური მეხსიერება აქვს, ძალიან სწრაფად, ერთი თვალის გადავლებით იმახსოვრებდა, თუნდაც ენერგეტიკაში რთულად დასამახსოვრებელ ციფრებს... როცა გავიცანი, 2012 წელს, ამას მაშინვე მივხვდი. პოლიტიკაში მოსვლა რომ გადაწყვიტა, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და რომ გავიცანი, უკვე ნამუშევარი ჰქონდა და ეს ყველაფერი გამოსწორებული დამხვდა.

რაც შეეხება სამოსს, კახი ამბობს, რომ სამოსს თვითონ არჩევს და მეც ვფიქრობ, მისი მეუღლე ამ საქმეში ნაკლებად ერევა. ყოველ შემთხვევაში, ნაცრისფერი ჩინოვნიკური მასიდან რომ გამოირჩევა მისი სტილი, უკვე კარგია. ჩემთვის ამ მიმართულებით რჩევა რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

- მისი ჩაცმის სტილი კი მოგწონთ, მაგრამ ეტიკეტიც ხომ არსებობს, რომელიც უნდა დაიცვას?

- მეტ-ნაკლებად იცავს და ის ეტიკეტიც პირობითია. 90-იანებში ყველანი შავი სამოსით დავდიოდით და ეს ტენდენცია დღესაც ცოცხალია. კარგს შვრება ფერადი ტანსაცმლით რომ იმოსება, ნაცრისფერ ჩინოვნიკურ სტილს ასე უპირისპირდება. თავისუფალი ადამიანია, ამითიც ხომ აკეთებს იმის დეკლარირებას, რომ ადამიანი სტერეოტიპულ ჩარჩოში არ უნდა დარჩეს.

- უმეტესად რჩევისთვის, საკონსულტაციოდ რა საკითხში მოგმართავთ?

- როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, როცა რაღაცას უნდა გამოეხმაუროს. ასეთ დროს ერთად ვამუშავებთ თემას, რა არის მასში მოსაწონი, რა - არა. ჩემი მოვალეობაა, თემა დავამუშავებინო. ყველაფერი კონსენსუსის შედეგად ხდება. ხელოვნურად ვერაფერს ათქმევინებ, თავისი სტილიდან ვერ ამოაგდებ, თან, ხელოვნურიც იქნება და ხალხი გაღიზიანდება.

- მის ბოლო ხმაურიანი ფრაზას - "მთაწმინდაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ..." არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში. მოიწონეთ?

- ზოგადად, აკადემიური იმიჯის მომხრე ვარ, მაგრამ ამის თქმით არაფერი დაშავდა, პრინციპში, იგივე ტერმინოლოგიით მეტყველებენ "ნაციონალები". კახის ჰქონდა საშუალება, მათთვის გასაგები ენით ეპასუხა. სხვანაირად მაგ დროს ადრესატამდე ინფორმაცია ვერ მივა.

- თქვენი პასუხით კალაძის კიდევ ერთი კომენტარი გამახსენდა, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიას მიმართა - "თქვენს ენაზე უნდა გელაპარაკოთო". როგორც ჩანს, ეს თქვენგან კარგად შეუსწავლია...

- ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს და ამაზე უკვე პოსტფაქტუმ ვიმსჯელეთ. როგორც ჩანს, ეს ადრე მაქვს მისთვის ნათქვამი... როდესაც გამოდის ყოფილი მერი და ძალიან ცუდ სიტყვებს ლაპარაკობს, უცენზუროსაც, კონკრეტულად მასთან მიმართებაში, სხვა გამოსავალი აღარ არის...

იცით, ცუდი ქართულ პოლიტიკაში კიდევ რა არის? დაპირისპირებული მხარეები თავის ელექტორატში ქულებს ერთმანეთის გინებით იწერენ. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დღის წესრიგია შექმნილი. გინდა-არ გინდა, ამ ყველაფერს ხანდახან ფეხი უნდა აუწყო.

- ბევრმა თქვა, რომ "გამოქანება" დამუშავებული ჰქონდა...

- საკმაოდ კარგად ვიცნობ მას, ვიცი, როდის არის გაბრაზებული. ეს სპონტანურად თქვა. დამუშავებული არ ყოფილა! მინდა, გავიხსენო მისი რეაქცია რეპერების „ბირჟა მაფიას“ საქმეზე. მანამდე იყო მსჯელობა, დაეჭირა თუ არა მხარი. ძალიან უყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მიაჩნია, რომ მათ მხარდაჭერა ყოველთვის სჭირდებათ, ეს საკუთარ თავში აქვს გატარებული და მიმაჩნია, რომ კარგადაც გამოვიდა.

იმედია პოლიტიკური ელიტა ოდესმე ისწავლის საზოგადოებასთან ნორმალურ კომუნიკაციას, მაგრამ ამისთვის, როგორც ვთქვი, ჯერ საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს. ამიტომაც, უწევს მერს ჯერჯერობით "გამოექანეს" მსგავსი ფრაზების მოშველიება. დღის წესრიგიდან როდესაც ეს ნეგატივი და ანტიპიარი გადავა, პროფესიულ შვებას მაშინ ვიგრძნობ. არადა, ნამდვილად შეიძლება კარიერაში პოზიტიური პიარითაც მიაღწიო პროფესიულ წარმატებას და არა ერთმანეთის ლანძღვით. მაგრამ სამწუხაროდ, ხალხს არაფერი აინტერესებს პოლიტიკური სეირის გარდა...

"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?

ისრაელსა და საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების მსურველებისთვისაც რეგისტრაცია წელს დაიწყება

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი