ავტორი:

"ეს იყო ტრიუმფალური ვიზიტი..." - რას წერს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის ევროპულ შეხვედრებზე

"ეს იყო ტრიუმფალური ვიზიტი..." - რას წერს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის ევროპულ შეხვედრებზე

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს რუსული მედია, როგორც წესი, თვალს ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს. ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი და ემანუელ მაკრონთან საუბარში გაკეთებული აქცენტები აღმოჩნდა.

"სალომე ზურაბიშვილი ევროპას ტრიუმფალურად ეწვია" – წერს "Независимая газетa"–ს მიმომხილველი იური როქსი. ის ევროპაში ზურაბიშვილის ანგელა მერკელთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმეირთან შეხვედრასაც შეეხო, რომელიც ქვეყნის ევროპასა და ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობდა.

"მსგავსი პროგრამა მას მშობლიურ საფრანგეთშიც ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ემანუელ მაკრონი ზურაბიშვილს შეჰპირდა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საფრანგეთი ეს არის ქვეყანა, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, განათლება მიიღო და პირველ წარმატებებს მიაღწია... მან საფრანგეთი 2000-იანი წლების დასაწყისში დატოვა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის თანხმობით წინაპრების სამშობლოში დაბრუნდა. წლებისა და საკმაოდ რთული გზის განვლის შემდეგ, ის საფრანგეთს პრეზიდენტის რანგში დაუბრუნდა და რასაკვირველია, მისი პარიზში ვიზიტი, ტრიუმფალურად გამოიყურება" – წერს როქსი.

"Независимაя газетa"–ს ცნობით, გამოცემა Monde-სთან საუბარში ზურაბიშვილმა სააკშვილისა და მისი პოზიციის გამტარებელ ოპოზიციურ ძალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების შანსი ჯერჯერობით არ აქვს.

"მისივე თქმით, სააკაშვილის შეცდომების გამო, ქვეყანამ დაკარგა წარმატებების მიღწევის შანსი. პრეზიდენტის განცხადებითვე, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მის ოპონენტებს რუსეთიდან პიარის სპეციალისტები ჰყავდათ ჩამოყვანილი" – წერს რუსული გამოცემა.

მათი ცნობით, რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას, საქართველო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აპირებს და ამიტომაც იგეგმება პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი, რათა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, რეგიონში მათი პოზიციის შესახებ ისაუბროს.

"თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, რადგან სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროები საიმედო მოკავშირეები არიან. საფრანგეთისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს უფრო მნიშვნელოვანს უწოდებენ სპეციალისტები, რადგან გერმანია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. ასე რომ, ეს ვიზიტი და მისი გერმანიასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და დიპლომატიისთვის ერთგვარი ტესტი იქნება" – წერს გამოცემა.

"საფრანგეთი და საქართველო ურთიერთობის ახალ ფურცელს შლიან – ასე ეხმაურება პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბაშვილის ვიზიტს" - წერს regnum.ru. გამოცემის ცნობით, ორ ქვეყნის პირველმა პირებმა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებს შორის კავშირების განახლების შესახებ ისაუბრეს.

"საფრანგეთში დაბადებულმა საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ უფრო მეტი ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაზეც თავის მხრივ, მაკრონმა მიუგო, რომ საფრანგეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს" – წერს გამოცემა, რომელიც ვიზიტს "საკმაოდ წარმატებულს" უწოდებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები