ავტორი:

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ დაორსულებას გეგმავთ - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ დაორსულებას გეგმავთ - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები

იმისთვის, რომ ორსულობის პერიოდში ქალი რაიმე სერიოზული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს, სასურველია, ორსულობის დაგეგმვამდე, ყველა საჭირო და აუცილებელი გამოკვლევა ჩაიტაროს.

რა არის გასათვალისწინებელი, როდესაც ქალბატონი დაორსულებას გეგმავს, რა კვლევები უნდა ჩაიტაროს და რატომ და რა დროს ითვლება ქალი უშვილოდ, ამ საკითხებს ექიმ-რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილთან ერთად განვიხილავთ.

- ამ თემაზე საუბრისას ორი რამ არის გასათვალისიწინებელი - ერთი შემთხვევა, როცა ქალი ორსულობას გეგმავს და მეორე, როცა ქალი 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში არ ორსულდება.

ეს შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავდება და შესაბამისად, მიდგომაც განსხვავებულია.

თუკი პირველ შემთხვევას დავუბრუნდებით - როდესაც ჯერ კიდევ ერთი წელი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ქალს აქვს რეგულარული სქესობრივი კავშირი და ორსულობა ჯერ არ დამდგარა, სანამ ორსულობას დაგეგმავს, გარკვეული გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს.

- რა გამოკვლევებს გულისხმობთ?

- გამოკვლევები არის სტანდარტული, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ყველა ქალისთვის წელიწადში ერთხელ და ეს პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევებია. არ აქვს მნიშვნელობა, აწუხებს თუ არა რამე. ხოლო თუ ორსულობას გეგმავს, გამოკვლევა მით უფრო სჭირდება.

ეს არის გინეკოლოგიური, სარძევე ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია (ბოლო დროს გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რომელიც მოქმედებს როგორც ორსულობაზე, ასევე მის მიმდინარეობაზე). ამ კვლევების შედეგად, თუ სადმე პრობლემა აღმოჩნდება, უკვე შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობაა საჭირო. ასევე უნდა გაკეთდეს პაპტესტი, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი (მიკროსკოპში ხდება საშვილოსნოს ყელის უჯრედების გამოკვლევა).

- რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

- საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიური დაავადება სარძევე ჯირკვლების შემდეგ მეორე ადგილზე დგას. ამიტომაც ტარდება პაპტესტი, კოლკოსკოპია, რომელიც მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა (სპეციალური მიკროსკოპით საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ხდება). ეს უმტკივნეულო და ეფექტური კვლევა სამწუხაროდ, სავლდებულოდ არ ითვება, თუმცა მიმაჩნია, რომ კოლკოსკოპიაც უნდა შედიოდეს. თუ შვილოსნობაზეა საუბარი, მამაკაცმაც უნდა ჩააბაროს სპერმის ანალიზი.

- და როდესაც ქალი 1 ან მეტი დროის განმავლობაში არის უშვილო. ის რა გზას ირჩევს?

- როგორც უკვე გითხარით, უშვილობად ითვლება, როცა 1 წელზე მეტი დროის მანძილზე, მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტისა, ორსულობა არ დგება. მნიშვნელოვანი აქ სულაც არ არის ის, ადრე იყო თუ არა ორსულად და გაჩენილი ჰყავს თუ არა შვილები. როდესაც ქალი ერთი წელი არ ორსულდება, ეს უშვილობაა და უკვე დიაგნოზია. ასეთ ადამიანს ის გამოკვლევები, რაც ჩამოვთვალე, სჭირდება, მაგრამ გარდა ამისა, ესაჭიროება ის კვლევებიც, რომელთა დახმარებით შესაძლებელია იმ პრობლემის გამოვლენა, რომელიც დაორსულებას ხელს უშლის.

ამისთვის უნდა ჩატარდეს რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევა, უნდა შემოწმდეს მილების გამტარობა და ასევე საჭიროა საკვერცხეების ფუნქციის და კვერცხუჯრედების მარაგის შეფასება. მამაკაცს უტარდება მხოლოდ სპერმის ანალიზი. თუ სპერმოგრამა ნორმალურია, მაშინ მას სხვა არანაირი გამოკვლევა არ ესაჭიროება.

- საერთოდ წყვილის გამოკვლევა რა მიმართულებით ხდება?

- ვიკვლევთ სამი ძირითადი მიმართულებით - მილების დათვლიერება, რეპროდუქციული ორგანოების (სადაც განაყოფიერება და ნაყოფის განვითარება ხდება) გამოკვლევა. რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები) გამოკვლების არაერთი მეთოდი არსებობს, მაგალითად, შედარებით მარტივი, მილების გამტარობაა, რომელიც ექოსკოპიური აპარატით კეთდება, შეგვყავს სპეციალური სითხე და ვაკვირდებით ექოს აპარატით როგორ გადადის მილებში. შესაძლებელია ასევე მილების გამტარობის შეფასება რენტგენით, არის ასევე ენდოსკოპური მეთოდი - ყველაზე ინფორმაციული და ეფექტური, ანუ ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს უსისხლო ოპერაციაა, ანუ მუცლის ღრუში ვიდეოკამერით შევდივართ და რეპროდუქციულ ორაგნოებს ვათვალიერებთ. ვაკვირდებით არა მარტო მილების გამტარობას, ასევე ვაფასებთ მილების სტრუქტურას, ფორმას, საშვილოსნოს ღრუს. საკვერცხეებს და ა.შ.

შემდეგი საკვერცხეების ფუნქციის შეფასებაა, რისთვისაც გვჭირდება ჩვეულებრივი ექოსკოპიური კვლევა და ასევე რამდენიმე ჰორმონის ანალიზი.

ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ასაკს, კვერცხუჯრედების მარაგის განსაზღვრა ჰორმონალური კვლევით არაა აუცილებელი 35 წლამდე ასაკის ქალებში, რომელთაც რეგულარული მენსტრუალური ციკლი და ექოსკოპიურად ნორმალური საკვერცხეები აქვს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევას აბსოლუტურად ყველა ქალთან ვატარებთ, რადგან ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც არახელსაყრელ გარემოს უქმნის ორსულობის განვითარებას.

ზოგადად კი ყველაფერი ინდივიდუალურია და 2 თითქოსდა ერთნაირი ისტორიის მქონე წყვილში შესაძლოა, მიდგომა აბსოლუტურად განსხვავებული იყოს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის ფსიქოლოგიურ განწყობას, ნდობას ექიმის მიმართ, რადგან მკურნალობის კარგი შედეგი მხოლოდ ექიმისა და პაციენტის ერთობლივი შრომით მიიღწევა.

"ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს" - თამარ გაბუნია

"ზოგიერთი რუს კომუნისტ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა ისეთი საბჭოთა საჭადრაკო ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ქართველი ქალები შედიოდნენ“ - The washington post

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა