ავტორი:

რატომ არ გემთხვევათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება - რა მართავს ადამიანის ცნობიერს და ქვეცნობიერს

რატომ არ გემთხვევათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება - რა მართავს ადამიანის ცნობიერს და ქვეცნობიერს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ადამიანის პირად რუკაზე სხვადასხვა პლანეტის გავლენისა და მნიშვნელობის შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ასტროლოგიით სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება. თუმცა რასაკვირველია, სკეპტიკურად განწყობილთა რიცხვიც არანაკლებია. და ამ ფაქტორს თავისი ახსნაც აქვს. როდესაც ადამიანი კითხულობს საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას, იქ შესაძლოა ბევრი რამ არც ემთხვეოდეს მის ფსიქოტიპს, იყოს ჩამოთვლილი ისეთი თვისებებიც კი, რომლებიც არამცთუ არ გააჩნია ამ კონკრეტულ ადამიანს, არამედ სხვებშიც აღიზიანებს. ცხადია, ასეთი "შეფასების" შემდეგ ის ასტროლოგიისადმი კრიტიკულად განეწყობა და სადღაც მართალიც იქნება. თუმცა საქმე ასე მარტივად როდია.

მოდით, განვმარტოთ, რეალურად რას ნიშნავს, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვთქვათ ვამბობთ "ჩემი ზოდიაქოს ნიშანია კურო", ან "ვერძი" ან "თხის რქა" და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ დროის მოცემულ იმ მომენტში, როდესაც მე დავიბადე მზე გადიოდა ამ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანს, ვთქვათ იგივე კუროს. და სწორედ აი, ამ მზით კუროს დახასიათებას ვკითხულობთ ჰოროსკოპში. დიახ, მზე ჩვენი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავია, მთავარი ფიგურანტი და მისი ზეგავლენა ჩვენზე უდაოდ დიდია, მაგრამ გარდა მზისა, ამ სისტემაში კიდევ შედის მერკურიც, ვენერაც, მარსიც, იუპიტერიც, სატურნიც და ბოლოსდაბოლოს მთვარეც, რომელიც აგერ, ოკეანეების წყლების უზარმაზარი მასების მიქცევა-მოქცევას იწვევს. და განა შეგვიძლია მისი ჩვენზე ზეგავლენის გამორიცხვა? მითუმეტეს, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის სახელმძღვანელოდან ვიცით, რომ ჩვენი სხეულის 80% სითხისაგან შედგება?! ჩვენი დაბადების მომენტში ხომ არამხოლოდ მზე იყო ცაზე, იყო მთვარეც, და კიდევ სხვა პლანეტებიც, რომლებსაც თავთავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ფსიქოტიპის ჩამოყალიბების საქმეში. სწორედ ამიტომ მხოლოდ მზის ზეგავლენით მოცემული თვისებები სრულიად არასაკმარისია ჩვენი ხასიათის მთლიანი სურათის დასახატად. ეს შეიძლება ითქვას, მოზაიკური ნახატია, სადაც მზე ერთ ფრაგმენტს წარმოადგენს, მთვარე მეორეს, მერკური, მესამეს, ვენერა მეოთხეს და ასე შემდეგ, ანუ ისინი ავსებენ ერთმანეთს.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი საკუთარი ორბიტა და სიჩქარე. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სულაც არაა აუცილებელი ჩვენი დაბადების მომენტში მზეც, ვენერაც, იუპიტერი, მერკურიც, სატურნიც და მარსიც, იგივე ზოდიაქოს ნიშანში იყვნენ ჩამწკრივებულები, რაშიც მზე. ასეთი რამ ხდება ხოლმე, თუმცა რასაკვირველია ძალზე იშვიათად, ასტრონომიაში ამას პლანეტათა აღლუმი ეწოდება. ბოლოს თუ არ ვცდები, პლანეტათა აღლუმი, ისიც არასრული 2011 წელში იყო, ხოლო მომდევნო 2022 წელში გვექნება. უმეტეს წელად კი, ეს პლანეტები და მნათობები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებში იმყოფებიან და, შესაბამისად, სხვადასხვა შტრიხებით ამრავალფეროვნებენ ჩვენს ხასიათს.

ესეც რომ არ იყოს, ასტროლოგიაში მზე წარმოადგენს ჩვენს ეგოს, ცნობიერს, რომელიც გვმართავს. მაგრამ მზის ნებელობაში გაჩენილი იდეა უნდა გაატაროს და აზრად ჩამოაყალიბოს მერკურიმ, რადგან ის განკარგავს ჩვენს გონებას, ინტელექტს, ინფორმაციის ათვისებისა და გაცემის უნარს. როგორც ბიოლოგიიდან ვიცით, ტვინი შესაბამის ინფორმაციას აწვდის კუნთებს და ისინიც უკვე ხვდებიან. რა ქმედება უნდა შესარულონ, რას მოითხოვს ადამიანის ნება მათგან. ასევეა ასტროლოგიაში, ღმერთების შიკრიკად წოდებული მერკური მზის ბრძანებას გადასცემს მარსს, და სწორედ მარსის მეშვეობით ვახორციელებთ ჩვენს აქტივობებს, მარსი ასტროლოგიურად კუნთების მმართველია და იმიტომ. მარსივე განკარგავს ჩვენს უნარს ვიყოთ ან არ ვიყოთ ლიდერული თვისებების მატარებელი, პასიურები თუ აქტიურები...

რაც შეეხება ვენერას, ის ჩვენს გემოვნებაზე, ესთეტიკაზე მუშაობს და განაპირობებს ჩვენს არჩევანს, ვინ მოგვეწონოს, რა მოგვეწონოს... იუპიტერი და სატურნი ჩვენს სოციალურ თვითდამკვიდრებას უწყობენ ხელს, თუმცა განსხვავება აქაც არის - იუპიტერი უფრო გულუხვია, ხოლო სატურნი მხოლოდ მაშინ გვაჯილდოვებს, როდესაც ვშრომობთ, ვბეჯითობთ და პასუხისმგებლობებს ვიჩენთ.

რაც შეეხება ღამეულ მნათობს - მთვარეს, მას ზოგჯერ, მზეზე უფრო დიდი მნიშვნელობაც კი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს რუკაში. განსაკუთრებით ქალებისათვის. ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კაცობრიობის უშორეს ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როდასაც მთვარე ჯერ კიდევ არ იყო დედამიწის თანამგზავრი. ანუ ღამეულ ცაზე ადამიანს მხოლოდ ვარსკვლავების ხილვა შეეძლო. ამას ანტიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსების დემოკრიტესა და ანაქსაგორის უძველესი ხელნაწერები ადასტურებენ. არისტოტელე, რომელიც არკადიის მაცხოვრებელ პელაზგებზე საუბრობს, მათ პროტოსელენიტებს უწოდებს, რაც "მთვარემდელებს" ნიშნავს. აღარ განვავრცობ ჩვენს საუბარს იმ მიმართულებით, რომ მეცნიერთა დიდი ნაწილი პელასგები იბერიულ-კავკასიურ, კერძოდ კი ქართველური ტომების წარმომადგენლებად მიიჩნევს... თავისთავად ეს თემაც ძალიან საინტერესოა... თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ღამის მნათობს.

ყველა დროის მკვლევარების დაუცხრომელ ინტერესს წარმოადგენდა მთვარის ე.წ. ბნელი მხარე. როგორც იცით, მთვარე დედამიწისაკენ მუდამ ცალი მხარითაა მობრუნებული. მისი მეორე მხარე არასდროს ჩანს.

ამან განაპირობა ის, რომ სწორედ მთვარით იმართება ყველასათვის დაფარული ჩვენი ქვეცნობიერიც

და მართლაც რომ, ადამიანის ქვეცნობიერი იმდენად დაფარული რამაა, ხშირად თავად ჩვენც კი არ ვიცით, რა დევს იქ, რა შესაძლებლობები იმალება, ან რა ფარული შიშები. ერთადერთი სწავლება, რომლებსაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სრულყოფილად შეუძლია - ასტროლოგიაა. გამოცდილ ფსიქოლოგსაც კი თავის პაციენტთან მხოლოდ არაერთი სეანსის შემდეგ ეძლევა ხოლმე საშუალება გამოიტანოს სწორი დასკვნები, რას წარმოადგენს ეს ადამიანი რეალურად შიგნიდან. აი, ასტროლოგისთვის კი ეს რუკაზე ერთი დახედვით უკვე ცნობილია. საამისოდ უნდა შევხედოთ მთვარეს და კარგად შევისწავლოთ ის. აქ გასათვალისწინებელია ყველა დეტალი, რომელ ნიშანში დგას მთვარე, რამდენად ჰარმონიულია მისთვის აქ ყოფნა, ხომ არ არის ეს ზოდიაქო მისთვის მოუხერხებელი, დისკომფორტის ტერიტორია, და რა შეიძლება მისცეს ამან ადამიანს რეალურ ცხოვრებაში. რა ასპექტებს აკეთებს სხვა პლანეტებთან, ნეგატიურს, ჰარმონიულს ან საერთოდ აქვს თუ არა ასპექტები...

მნიშვნელობა აქვს იმასაც კი, ზოდიაქოს ნიშნის საწყის გრადუსებზე ხვდება ჩვენს რუკაში მთვარე, თუ ბოლოში. ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის 1°-ზე მოხვედრილი მთვარე (არა აქვს მნიშვნელობა კირჩხიბში იქნება ეს თუ თხისრქაში) მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი პატრონის მგრძრობიარეობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ის ემოციურად უფრო ღიაა გარე გარემოებებისაგან შთაბეჭდილების თუ ზეგავლენის მისაღებად.

თუ ასეთი მთვარე მამაკაცს ეკუთვნის, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ის სხვა კაცებზე უფრო იოლად ექცევა პარტნიორი ქალების ზეგავლენის ქვეშ, ვგულისხმობ, რომ ემოციური მიჯაჭვულობა ამ დროს უფრო დიდია ხოლმე. ბავშვობის წლებში კი დედას ექნებოდა ძალიან დიდი გავლენა მისი სულიერი სამყაროს ფორმირების საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მამის მონაწილეობას, თუმცა, ყველაფერი შედარებითია... ქალებთანაც, შეიძლება ანალოგიური ითქვას. და ასევე ქალბატონებს საშინაო, საოჯახო საქმეებისადმი უფრო მეტი ინტერესი ექნებათ, ვიდრე მათ, ვისაც მთვარე ზოდიაქოს ნიშნის შემდგომ გრადუსებზე ჰყავთ. თუმცა ეს ასევე იწვევს გუნება-განწყობის სწრაფ ცვლას, შფოთვას სხვადასხვა წვრილმანი მიზეზების გამო, რასაც ზოგ შემთხვევაში კაპრიზულობა და ისტერიულობაც ემატება. ეს უკვე გააჩნია ზოდიაქოს ნიშანს.

ბოლო, ანუ 29-30° გრადუსებზე მოხვედრილი მთვარე სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევა, თუმცა კი ნიშანი შეიძლება იგივე იყოს. ადამიანისთვის ძნელია რამის ძალით შთაგონება, ის აღუშფოთველია, ემოციურად თითქმის შეუვალი, ზოგჯერ შეუბრალებელიც კი, ყოველშემთხვევაში, თანაგრძნობის გრძნობა, ემპათია, ნაკლებად გამოხატული ექნება. ყველაფერს უდგება საღი აზრის მიხედვით და არა ემოციებზე აყოლით.

მთვარე ყველა სხვა ციურ სხეულზე ახლოსაა დედამიწასთან, ამიტომაც ასტროლოგიაში ის იმ თემებს განაგებს, რაც სწორედ ჩვენს სულთან არის ახლო - ანუ ოჯახს, ფესვებს, ტრადიციებს, წარმომავლობას. მთვარე ასევე დედისა და დედობრივი მზრუნველობის სიმბოლოა, და ჩვენს ადაპტაციას და ცვლილებების უნარს მართავს. და ეს უნარები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ ნიშანში ხვდება ჩვენი მთვარე.

ცეცხლის ნიშნებში მოხვედრილი მთვარე გამოიწვევს ადამიანის სურვილების და ემოციების ამოფრქვევებს, იმპულსურობას. ადამიანის რეაქციები გარე ფაქტორებზე პირდაპირია, ის იოლად და ენთუზიაზმით ეკიდება ყველაფერს, მაგრამ ამავედროულად მოუთმენლობა სჭირს ხოლმე, და იოლადვე კარგავს თავდაპირველ ინტერესს. რადგანაც მისი ემოციები სწარაფადცვალებადია.

მიწის სტიქიის ნიშნებში მოხვედრილი მთვარისათვის ემოციებში დამახასიათებელი იქნება სიფრთხილე და თავშეკავებულობა. ასეთი ადამიანი მუდმივად ცდილობს აკონტროლოს საკუთარი ემოციები, არ გამოიტანოს გარეთ. და თუ გარშემომ ყოფებს აჩვენებს კიდეც რაიმეს, ეს ყოველთვის ჩაჯდება საყოველთაოდ მიღებული ნორმების ფარგლებში, დინჯად, დამიწებულად, ზედმეტი აღფრთოვანებების ან აღშფოთებების გარეშე. თუმცაღა, ის ასევე იქნება შინაგანად ჯიუტი და გადაწყვეტილებებს მიიღებს არა იმის მიხედვით, თუ რას კარნახობენ სხვები, არამედ იმის მიხედვით, თუ რას სურს მას, თავად რომ მიაღწიოს.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც მთვარე ჰაერის ნიშნის ზოდიაქოებში ჰყავთ. ისინი საკუთარ ემოციურ მხარეს იოლად და თავისუფლად ამჟღავნებენ, თუმცა როგორც წესი, არ რეაგირებენ დაუყონებლივ, გონებაში აფასებენ სიტუაციას, და მხოლოდ მერე ამჟღავნებენ ემოციებს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. თუ რამდენად თბილები და ყურადღებიანები იქნებიან თანამოსაუბრის მიმართ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთან კონტაქტობს ამ მოცემულ მომენტში, რამდენად საინტერესოა მისთვის ეს ადამიანი, გნებავთ, ინტელექტუალური კუთხით. ახალ გარემოსთან ადაპტირებაც ანალოგიურად ხდება, ჯერ ცდილობენ განყენებულად შეაფასონ სიტუაცია, და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები.

და ბოლოს, როდესაც მთვარე წყლის ნიშნებში ხვდება, მისი პატრონისთვის თავისი ნამდვილი ემოციების გამომჟღავნება ყოველთვის სასურველი არ არის ხოლმე. ის ჩუმია და ფრთხილი. ფარავს თავის გრძნობებს და თუ კი გარეთ გამოაქვს, მხოლოდ გარკვეულ წრეში, ძალიან ახლო ადამიანებთან. ამავდროულად ეს ემოციები გაჟღენთილია ხოლმე ძლიერი მგრძნობიარეობით. როცა მათზე დაწოლა მიდის ან სხვა სტრესულ სიტუაციაში ხვდება, კიდევ უფრო იკეტება და თავისთავში მიდის.

თუ ყველაფერს ამას გავითვალისწინებთ, სულ სხვა სურათს მივიღებთ. წარმოიდგინეთ რომ ადამიანი არის მზით ვერძი ანუ ცეცხლოვანი, იმპულსური, მაგრამ მთვარე თუ მას დინჯ კუროში ან სერიოზულ ქალწულში ეყოლება, რამდენად დააბალანსებს ეს მის ხასიათს. ანდა ვთქვათ, როგორ შეიცვლება მზით სასწორის ყბადაღებული მერყეობა, თუ მისი მთვარე ჯიუტ თხისრქაში მოხვდება. როგორი რეზონანსი შეიძლება შეიტანოს თევზების გულჩვილმა მთვარემ ამაყი ლომის ხასიათებში... ძალიან ბევრი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რადგან ელემენტარულად რომ გადავთვალოთ 12 სხვადასხვა მზის ნიშნის კომბინაცია სხვადასხვა 12 მთვარესთან 144 განსხვავებულ ტიპაჟს მოგვცემს. და ეს მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ შევხებივართ პირად ჰოროსკოპში არსებულ სხვა პლანეტებს... სწორედ ამიტომ ვართ ყველანი ჩვენ ასეთი ინდივიდუალურები, სწორედ ამიტომაა სამყარო ასეთი მრავალფეროვანი... ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ შევაფასეთ მთვარის მდებარეობები სტიქიების მიხედვით და დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათი მაჩვენებელი. მთვარეს, მზესთან კომბინაციაში უკვე შეუძლია ადამიანზე მინიმალური წარმოდგენა შეგვიქმნას, და როდესაც ამას დაემატება სხვა კომპონენტები, თუნდაც მხოლოდ მერკურის, ვენერას და მარსის სახით, წარმოიდგინეთ, რა უზარმაზარი ინფორმაციის მიღებას შევძლებთ და რამდენად შეცვლის და შეავსებს ეს იმ პირვანდელ სურათს, სადაც მხოლოდ მზე ეხატა ფურცლის კუთხეში".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ