საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრის, ანატოლი ბოისას მეუღლე თეა ჩიხრაძე ავტომობილს 18 წლის ასაკიდან მართავს.
- მართვა 18 წლისამ ვისწავლე და მართვის მოწმობაც მაშინვე ავიღე.
- რომელი იყო შენი პირველი ავტომობილი?
- თავდაპირველად მყავდა "გოლფ 3" და მას შემდეგ რამდენიმე მანქანა გამოვიცვალე. ახლა მყავს "გოლფ 5", რომელიც მამამ 2 წლის წინ მაჩუქა.
- რატომ მაინცდამაინც "გოლფ 5"?
- იმიტომ, რომ ეს მანქანა ვიზუალურად ძალიან მომწონს, გარდა ამისა, კომფორტულია და ცოტა საწვავს მოითხოვს. საერთოდ, სიჩქარეთა ავტომატურკოლოფიანი ავტომობილის მართვა მირჩევნია, რადგან გაცილებით ადვილი სამართავია, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, მექანიკურ კოლოფსაც ვმართავ.
- თეა, პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, ხშირად გაჩერებენ?
- საკმაოდ ხშირად. რაც ძალიან არ მსიამოვნებს (იცინის). ხშირად დავდივარ ჩემი მეუღლის მანქანით, რომლის სერიაც არის "ტოლ" და ავტომობილიც ჩემს მეუღლეზეა გაფორმებული. ერთხელ პატრულმა საბუთები რომ გამომართვა და სახელი და გვარი წაიკითხა, მკითხა, ანატოლი ბოისა ვინ არის შენიო? რომ ვუპასუხე, ჩემი მეუღლეა-მეთქი, მითხრა, ჰოდა, ბოისას არ გაუჭირდება ათი ლარის გადახდაო და ქვითარი მოიმარჯვა (იცინის).
- რას შეადარებდი შენს ავტომობილს?
- კარგ მეგობარს, რომელიც როცა მეჩქარება, მეხმარება და გარდერობის ფუნქციასაც ითავსებს, თითქმის ყველაფერი მიდევს მანქანაში - კალათბურთის ბურთით დაწყებული, ქუსლიანი ფეხსაცმლით დამთავრებული.
- მანქანის ფერს და ნომერს თუ ანიჭებ მნიშვნელობას?
- ტოლიკას ავტომობილის ნომერი ისე მიყვარს, ალბათ, არასდროს შეველევი, ფერს რაც შეეხება, ყველა მარკას სხვადასხვა ფერი უხდება.
- რომელი საგზაო ნიშანი გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- პარკირება აკრძალულია. დღეს თბილისში პარკინგი ძალიან ჭირს.
- რომელია შენი ოცნების ავტომობილი?
- ბევრი მანქანა მომწონს, მაგალითად, ინფინიტის ჯიპი, რომელიც ვიცი, რომ მალე მეყოლება და ამიტომ აღარ ვოცნებობ (იცინის) - ტოლიკა მაჩუქებს.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)