ავტორი:

ხაზარაძე ივანიშვილთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს - "სამი კვირის შემდეგ პრემიერი მოხსნეს"

ხაზარაძე ივანიშვილთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს - "სამი კვირის შემდეგ პრემიერი მოხსნეს"

შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

„კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც ხაზარაძის კომპანიამ გაიმარჯვა და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში და არსებობს მოსაზრება, რომ ბიზნესმენი ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთო, მამუკა ხაზარაძე ასე პასუხობს:

„კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით, რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყულია - 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როდესაც დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით, თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.

სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილი და მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...“, -აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, თუ ანაკლიიდან წასვლას აიძულებენ, "ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება"

ჟურნალისტის კითხვაზე, ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის წასვლის შემთხვევაში, შეფერხდება თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ხაზარაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გვეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებებსო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.

არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია, როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპრაკება, ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავარგძელებო. სწორია, რომ ჩვენი მთელი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს ფულის გათეთრება იყო თუ არა. როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“ მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძესთან ვრცელ ინტერვიუს მკითხველი „კვირის პალიტრის“ 11 მარტის ნომერში იხილავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები