ავტორი:

"რთულია აუხსნა სიყვარულით შექმნილ ოჯახს, რომ არ აქვთ უფლება ერთად იცხოვრონ" - რატომ ვერ იღებენ უცხოელები საქართველოში ბინადრობის უფლებას?

"რთულია აუხსნა სიყვარულით შექმნილ ოჯახს, რომ არ აქვთ უფლება ერთად იცხოვრონ" - რატომ ვერ იღებენ უცხოელები საქართველოში ბინადრობის უფლებას?

უფლებადამცველები წლებია საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელსაც საქართველოში მცხოვრები უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვების პროცესში აწყდებიან. მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრო ხშირ შემთხვევაში ბინადრობის უფლებაზე უარს ისე ეუბნება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ გადაწყვეტილების საფუძველი დაუსაბუთებელია.

ნ.ჯ. ინდოეთის მოქალაქეა, რომელიც უკვე სამი წელია ქართველ გოგონაზეა დაქორწინებული. წყვილს ახლახანს შვილი შეეძინა. მას შემდეგ, რაც ნ.ჯ-მ და მისმა მეუღლემ ქორწინების აქტი ოფიციალურად გააფორმეს, იუსტიციის სამინისტროსგან მუდმივი ბინადრობის უფლება მოითხოვეს, რაც კანონითაა გარანტირებული. თუმცა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას ბინადრობის მიღებაზე უარი უთხრა. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით გამოიტანა - კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ინდოეთის მოქალაქისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია, თუმცა რა მოტივით და რამდენად სამართლიანად, ამის გაგება შეუძლებლია.

ინდოეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელმაც სახელის და გვარის დასახელება არ ისურვა, AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ იღებენ მის წინააღმდეგ სხვა ზომებს, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხის შემცველია:

"მესამე წელია, რაც ოჯახი მყავს საქართველოში, ბავშვიც შეგვეძინა და იმის გამო, რომ ბინადრობის უფლება ვერ მოვიპოვე არაერთ წინააღმდეგობას ვაწყდებით. როგორც ვიცი, კანონით მაქვს ამის უფლება, რადგან ჩემი მეუღლე ქართველია. ყველაზე უცნაური იცით რა არის? რატომ მითხრეს უარი, ამას არავინ მეუბნება. თუ ჩემი აქ ყოფნა თქვენი ქვეყნისთვის საფრთხისშემცველია, მაშინ სხვა ზომებს რატომ არ იღებენ? მაგალითად, დამაკავონ და ა.შ. და თუ არ ვარ საშიში არავისთვის, მაშინ მითხრან, რატომ წამართვეს ის უფლება, რაც კანონით მეკუთვნის. მე ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე და პროცესები მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ შევიკავებ თავს ჯერჯერობით ჩემი პიროვნების იდენტიფირებისგან" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ინდოეთის მოქალაქემ.

ამ საკითხზე AMBEBI.GE-სთან საუბრისას ადვოკატი ეკა ლომიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემით არაერთი უცხოელი მიმართავს:

"პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გაზრდილია საქართველოს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქორწინების სტატისტიკა და ბუნებრივია, მათ აქვთ სურვილი ლეგალურად დარჩნენ თავიანთ ოჯახებთან საქართველოში. მართალია, გვაქვს სხვადასხვა მიზნების გამო განხორციელებული ფიქტიური ქორწინებები, რომელსაც ვერ დავარქმევთ ოჯახს და ცალსახად, მათ მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს, თუმცა ამავდროულად არსებობს ოჯახები, რომელიც ნამდვილად სიყვარულით შეიქმნა და სახეზეა ერთობლივი საოჯახო ცხოვრება.

ადმინისტრაციული ორგანო უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების მიღების შემდგომ იწყებს საქმის მოკვლევას და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ითხოვს მომმართველის შესახებ ინფორმაციას. საკმარისია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაიცეს უარყოფითი დასკვნა, რომლის შინაარსი გასაიდუმლოებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, ჰყავთ საერთო შვილი, უარი ეთქმევა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მინიჭებაზე. აქ უკვე სერიოზულ სამართლებრივ პრობლემას ვაწყდებით, რადგან ადმინისტრაციული ორგანო უაპელაციოდ იზიარებს უსაფრთხოების სამსახურის უარყოფით დასკვნას, ვერ შედის მის განხილვაში, რათა შეაფასოს, რა გარემოებები თუ საფუძვლები არსებობს ესა თუ ის პირი ქვეყნისთვის საშიშ პირად მივიჩნიოთ.

საკმაოდ რთულია აუხსნა სიყვარულით შექმნილ ოჯახს, რატომ არ აქვთ უფლება ერთად იცხოვრონ, რატომ უნდა დაინგრეს სიყვარულით შექმნილი ოჯახი და აიძულო ერთ-ერთი მეუღლე წავიდეს საქართველოდან, დატოვოს შვილი, მეუღლე

რთულია, როდესაც ოჯახი ვერ იგებს, თუ რატომ არის ქვეყნისთვის საშიში უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ლეგალურად ცხოვრება, მაშინ როცა მას არ აქვს კრიმინალური წარსული, როცა სახეზეა ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინება.

ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს: როდესაც უსაფრთხოების სამსახური ამზადებს დასკვნას, ამ დასკვნის გასაჩივრება უნდა იყოს შესაძლებელი სასამართლოს წესით, თუნდაც ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა ხდებოდეს გასაუბრება და საეჭვო გარემოებების შესახებ თავად უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გასაუბრება და მისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მხარეს მიეცეს საშუალება მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებაზე გასცეს პასუხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ადამიანის უფლებათა უკიდურეს დარღვევებს, როცა საქართველოში კანონიერად შემოსული, მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც შექმნა ოჯახი, ჰყავს შვილი, იძულებული ხდება დატოვოს ქვეყანა და მიატოვოს ოჯახი, რომლის ერთადერთი მარჩენალი თავად უცხო ქვეყნის მოქალაქეა", - აცხადებს ეკა ლომიძე.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, რომ კანონით ასეა განსაზღვრული და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება ან დისკრიმინაციულად მიიჩნევს, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

"ამისთვის არსებობს სასამართლო, მიბრძანდით და გაასაჩივრეთ, რაც შეეხება იმას, რომ კონტრდაზვერვის დასკვნის ნახვა მხოლოდ მოსამართლეს შეუძლია და არა ბინადრობის უფლების მთხოვნელ პირს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ამისთვისაა სწორედ მოსამართლე, რომ განსაზღვროს და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინო კახელიშვილმა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეუძლია უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად, არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი და ა.შ. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად პირი მიმართავს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, როგორც დროებითი, ისე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრულია 30-დღიანი ვადა.

Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი"

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა