ავტორი:

ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახლა ის, რომ დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, საკითხის გასარკვევად მყისიერად ამოქმედდა ყველა ინსტრუმენტი. ამასთან მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოხდება გარემოებების დაზუსტება, საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე.

"მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის ფაქტს. ცხადია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახლა ის, რომ დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით.

ფაქტობრივად მყისიერად იქნა ამოქმედებული ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება გახლავთ უკვე ჩართული . მე პირადადაც მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც გახლავთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. დღეს სამივე თანათავმჯდომარე იმყოფება საქართველოში. ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება ერთ - ერთი მთავარი საკითხი. ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია.

თავისთავად არის მძიმე ფაქტი, იმიტომ რომ საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს და მინდა ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო მისი ოჯახის წევრების მიმართ.

ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, რადგან გვაქვს ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებული იქნა ცხელი ხაზის მეშვეობით. ახლა ისევ დავბრუნდები სამუშაო რეჟიმში, რადგან მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა", -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თუ რა ვიტარებაში მოხდა 29 წლის მამაკაცის დაკავება და იყო თუ არა გატაცება, ციხელაშვილის თქმით ამ ეტაპზე მათ დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები