ავტორი:

რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო საღამოზე

რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო საღამოზე

12 მარტს რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" წარუდგინეს.

წარმოდგენას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

რეჟისორმა სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის დადგა, თუმცა ალბათ სტურუას არცერთ სპექტაკლს არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან იმდენი ნეგატიური შეფასება, როგორც "ბედი ქართლისას"...

"რა სირცხვილია თეატრალიზებული წარმოდგენა "ბედი ქართლისა"... სტურუა იქით იყოს, ახალგაზრდა მსახიობებს როგორ არ ცხვენიათ?"… - დაწერა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა გოგი გვახარიამ.

"რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" იყო ბოროტსა და კეთილს მიღმა. უბრალო სიტყვებით, როგორიცაა ჩვენში პოპულარული "მარაზმი" ან არაკორექტული კრეტინიზმი ან იდიოტიზმი ამ დადგმას ვერ აღწერ - ის კეთილსა და ბოროტს მიღმა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენში ასერიგად აქტუალური ფრიდრიხ ნიცშე რომ მოვიხმოთ", - ასე შეაფასა სპექტაკლი ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძემ.

კრიტიკულ ფეისბუქ-პოსტებს არანაკლებად მწვავე კომენტარებიც მოჰყვა: "ამ წარმოდგენით ფაქტიურად, საბოლოოოდ დაუმარხავს თავი"; "უბრალოდ, სკოლის ბანკეტისთვის დადგმული წარმოდგენაა"; "მოღალატეობა სცენის რანგში აყვანილი?"; "...რა დაუჯდა ეს მარაზმი სახელმწიფოს?"; "ჩვენ რომ მე-11 საუკუნეში პარლამენტი გვქონდა, თქვენ სად იყავით საერთოოოოდ - ვიღაც ბრიტანეთის დროშა შემოხვეული "სამაზვანეცი ლორდი" ზედ დაჩხაოდა ბრიტანეთის ელჩს. არც ამას ვხუმრობ"; - ეს მხოლოდ მცირედია იმ კრიტიკიდან, რაც რობერტ სტურუას წარმოდგენას "ბედი ქართლისა" სოციალურ ქსელში მოჰყვა...

ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა სპექტაკლის შინაარსთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს თავისი შენიშვნები გაუზიარა:

"სპექტაკლის კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ეხება მხატვრულ და საშემსრულებლო მხარეს, რადგან მხოლოდ რიგითი მაყურებლის პოზიციიდან თუ შევძლებთ შეფასებას, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივაც საშინელი იყო. რაც შეეხება არსს: წარმოდგენა მოწყობილი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილეს ფარგლებში; ამ თარიღის მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური და სამართლებრივი მემკვიდრეობის კუთხით და ამავე დროს იგი დატვირთულია როგორც პოზიტიური შინაარსით, ასევე ტრაგიკული მემკვიდრეობით.

დამფუძნებელმა კრებამ, პირველმა სრულფასოვანმა არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ, 1919-1921 წლებში შექმნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს სამართლებრივი ფუნდამენტი, კანონმდებლობა და კონსტიტუცია - იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო დემოკრატიული გამოცდილების სინთეზი. კრების დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა პარალელურად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობდნენ და მთლიანად იყვნენ ჩაბმული დიდი "პროექტის“ განხორციელებაში - საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად გადაქცევაში. საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ 1921 წლიდან, ეს პროექტი მოკლა - ისევე, როგორც ფიზიკურად გაანადგურა კრების დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მემკვიდრეობის კვალი ამოშალა მეხსიერებიდან...

100 წლისთავზე, ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს ბოლო აკორდად მოწყობილ თეატრალიზებულ წარმოდგენაში ოდნავი ნასახიც კი არ ჩანდა, რომ ხსენებული პერიოდი ჩვენი ისტორიის ნაწილია. ავტორ(ებ)მა წარმოდგენას "არაისტორიული ფანსტასმაგორია“ დაარქვეს. ამ შემთხვევაში ხელოვანს ვერ შეედავები, რა მხატვრულ ფორმას აირჩევს საიუბილეო თარიღისადმი წარმოდგენის დასაკავშირებლად, თუმცა რაც ვნახეთ, იმდენად წარმოუდგენელი გადაწყვეტა იყო, რომ კრიტიკაც ჭირს - არა მხოლოდ მხატვრული, შინაარსობრივი კუთხითაც...

რატომ უნდა იყოს გროტესკული, აბსურდული წარმოდგენა მისაღები ფორმა ასეთი დღისათვის? თავისუფალ სამყაროში, ხელოვანს შეზღუდვებს ვერ უწესებენ - შემოქმედება იმითაც ფასობს, რომ ბევრისათვის შეიძლება ემოციურად მძიმედ მისაღები, გამაღიზიანებელი, შოკისმომგვრელი და შეურაცხმყოფელიც კი იყოს, თუმცა ეს ეფექტი მიზანმა და სათქმელმა უნდა გადაწონოს ხოლმე - მაგალითად, რაიმე მანკიერება გააშიშვლოს, საზოგადოება შეანჯღრიოს, მწარედ შეახსენოს პასუხისმგებლობა და აშ... ჰქონდა ამ წარმოდგენას მსგავსი მიზანი? ჩვენი აზრით - არა. რაიმე მწვავე პრობლემა გააშიშვლა ამ არჩეულმა გამოხატვის ფორმებმა? ანალოგიურად - არა.

სამაგიეროდ, "არაისტორიული“ წარმოდგენის პრეტენზია დიდი იყო - ეჩვენებინა ჩვენი "ვარამი და სატკივარი“ არგონავტებიდან დღემდე. ამ მცდელობებში კი ვერ წავიდა სადღეგრძელოს პათეტიკის, კომიკურობამდე მიყვანილი მახინჯი ისტორიული კლიშეების იქეთ - რომ ოდითგანვე "ქართველობას გვართმევდნენ“, "ერთმანეთს ვჭამდით“, "ევროპას ფეხებზე ვეკიდეთ“ და აშ...

სპექტაკლში განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იყო მუსლიმი პერსონაჟების უკიდურესად სტერეოტიპულად და დამამცირებლად წარმოჩენა; "აღმოსავლელ მუსლიმ დამპრყობლებად“ ნაგულისხმევი პერსონაჟები დახატული იყვნენ ყველა იმ ბნელი და შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების გამოყენებით, რაც კი შეიძლება მოიპოვებოდეს ჩვენს ირგვლივ.

ეს მაშინ, როდესაც იმავე დარბაზში ისხდნენ და სპექტაკლს ღია ეთერშიც უყურებდნენ საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები და მოწვეულ საპატიო სტუმართა შორისაც იყვნენ მეზობელი მუსლიმი მოსახლეობით დომინირებული ქვეყნების ელჩები!" - აღნიშნა საუბრისას ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა.

"ბედი ქართლისას" შესაფასებლად AMBEBI.GE ხელოვნებათმცოდნეებს და თეატრმცოდეეებს დაუკავშირდა, მაგრამ ვინაიდან ისინი თეატრში არავის მიუწვევია, ჩანაწერის მიხედვით პროფესიული ეტიკეტიდან გამომდინარე შეფასებისგან თავი შეიკავეს... სპექტაკლი არც ცნობილ რეჟისორს - გიორგი შენგელაიას უნახავს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რობერტ სტურუას მიმართ რადიკალური დამოკიდებულება გამოეხატა AMBEBI.GE-სთან საუბარში:

"ეგ სპექტაკლი არც მინახავს და არც მაინტერესებს! რობერტ სტურუა არ მიყვარს და მორჩა! აი ხომ დაამტკიცა ახლა, რომ არ ვარგა?! რაღაც ნიჭი აქვს, კარგად გამოსდის, როცა სხვისას იღებს... ბრეხტი მაგალითად კარგად გადაიღო, მსახიობებთან კარგად მუშაობს, თუმცა როცა ცოტა სერიოზულ რამეს დგამს, იქ ცუდად არის საქმე! ბოლო წლებში მოსკოვში სიარული დაიწყო და მის ქართულ და რუსულ სპექტაკლებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი...

რაღაც სპექტაკლი მოსკოვში დადგა, შემდეგ აქ გაიმეორა და იმდენად კოშმარი იყო, პირველი მოქმედების შემდეგ სახლში გავიქეცი! მე თქვენ გეუბნებით, რომ რობერტ სტურუა შემოქმედებითად დეგრადირებულია. მაგას პოტენციალი აღარ აქვს, თან ძალიან პატივმოყვარე ტიპია და ჩაბღაუჭებულია რუსთაველის თეატრს! ჩვენი მთავრობაც მხოლოდ იმას უყურებს, ცნობილი კაცია თუ არა საზღვარგარეთ ვინმე. ვინც მართლაც ნაციონალური რეჟისორია, იმას ყურადღებას არ აქცევენ... მიდით ერთი და რუსთაველის თეატრის მსახიობები ნახეთ, როგორ ზიზღით საუბრობენ თავისსავე თეატრზე... მანდ სხვა გამოსავალი აღარ არსებობს, გარდა თეატრის განახლებისა. სტურუას ხელში თეატრი უკან წავიდა და უკვე დაღუპულია! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენმა ადამიანმა დამირეკა და გამიზიარა აღშფოთება მისი სპექტაკლის მიმართ!

- ხედავთ იმედის მომცემ რეჟისორს, ვინც რუსთაველის თეატრს გადაარჩენს?

- არავის და ეს არის მთელი ტრაგედია! თუმცა მაინც არავის უშვებს რობერტ სტურუა მაგ თეატრში! არც მე შემიშვა ერთხელ! ვიმეორებ, რომ რუსთაველის თეატრი აღარ არსებობს! მაგრამ იცით რა მინდა გკითხოთ - ქვეყანა არსებობს? - ცუდ ქვეყანაში ცუდი თეატრია და ყველაფერი ცუდი!"

ამდენი ბრალდებების შემდეგ რეჟიოსორ რობერტ სტურუასთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, მაგრამ როგორც ცნობილია, მასთან ინტერვიუს ჩაწერა თითქმის შეუძლებელია... რუსთაველის თეატრის დირექტორი - გია თევზაძე კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა AMBEBI.GE-სთან საუბრისას: "არ ვიცი რომელ კრიტიკაზე მეუბნებით და არც ნახვას ვაპირებ! ზოგს მოსწონს რაღაც, ზოგს არა და ყველას აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება".

- ბატონ რობერტს არაფერი უთქვამს მწვავე შეფასებებზე?

- არა, არც იტყოდა და არც სამომავლოდ იტყვის... ყველას თავის აზრი აქვს და გამოხატვას ვერ დაუშლი. გარდა ამისა რობერტ სტურუა 14 მარტს გულზე ოპერაციას იკეთებს და ახლა კრიტიკისთვის არ გვცალია! მისაღებს ვღებულობთ, მიუღებელს არა! თუ ჯანსაღი კრიტიკაა, ძალიანაც კარგია და თუ არა ეგ კრიტიკოსების სინდისზე იყოს!"

სპექტაკლს "ბედი ქართლისა" დაესწრო რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რომელიც უარყოფითმა შეფასებებმა მეტისმეტად გააკვირვა და თავის ახსნა-განმარტება გაგვიზიარა...

"ვერ დავეთანხმები კრიტიკოსებს და არ მესმის რა არ მოეწონათ?! საერთოდ ასეთი სიტყვებით შეფასებას რობერტ სტურუას შემოქმედება არ იმსახურებს. სრულიად ობიექტურად ვამბობ, ახლა არ ვმუშაობ რუსთაველის თეატრში და მიკერძოებულობას ვერავინ დამაბრალებს! მე მომეწონა, საინტერესო წარმოდგენა იყო, ძალიან კარგი ჩანაფიქრები.

- არასწორი მესიჯები იყოო, მაგალითად უხერხულობას იწვევდა თუნდაც, სპექტაკლის მუსლიმ სტუმრებთან...

- ჩვენი ისტორიიდან იყო აღებული და არ ვფიქრობ, რომ რამე უხერხული იყო. ასე ვთქვათ, მიმოდრამით მოყოლილი ქართული ისტორიის გადმოცემა იყო. იწყებოდა მედეადან და ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე მოდიოდა... ფინალი მთლიანად "კავკასიური ცარცის წრის" იყო... ის ეპოქა, რომელიც გამოტოვებული იყო - ჟორდანიას მთავრობა, კომუნისტური პერიოდი, შემდგომ დამოუკიდებლობის წლები, 9 აპრილი, ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის მართველობის პერიოდი - მგონი შეგნებულად გაკეთდა, მუსიკა როცა მიდიოდა - იყიდეთ, იყიდეთ იყიდეთ, რამე...

მგონი ამ ყველა ჩანაფიქრს უნდოდა წაკითხვა, ვიდრე ამდენი დაუმსახურებელი ლანძღვა... ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ წარმოდგენის შესაქმნელად, თავად ვესწრებოდი რეპეტიციებს და ვხედავდი მათ თავდაუზოგავ შრომას! იქნებ რამე არ მოგეწონოს, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტად დადებითი უნდა დაინახო - შესანიშნავი სცენები იყო! თუნდაც თამარ მეფის დარბაზობისას, წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში და მოქცევაი ქართლისა, წმინდა ნინო რომ დარბაზში გადმოდის... ძალიან საინტერესო იყო ერეკლე მეფის შემოსვლა. რატომ ვერ შეხედეს, მხედარი რომ აღარ არის და მარტო ცხენი მიდის რაღაც უსასრულობაში?!

ამ ყველაფერს დანახვა უნდა და არა ემოციები, რომ არაფერი არ ვარგოდა! არ ვფიქრობ, რომ ასე ხელაღებით შეიძლება ყველაფრის უარყოფა. ახალგაზრდა მსახიობებსაც გვერდში დგომა ჭირდებათ, საპრემიერო განწყობა იყო, ძალიან ნერვიულობდნენ, სურდათ ყველაფერი კარგად წარმოჩენილიყო და ჩემი აზრით, თავი კარგად გაართვეს. ცოტა ტაქტიც საჭიროა, როცა სხვის ნამუშევარს ვაფასებთ!"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს