ავტორი:

ქართველი ბიჭი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაეწერა - 23 წლის კალათბურთელის და სტუდენტის წარმატების ამბავი

ქართველი ბიჭი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაეწერა - 23 წლის კალათბურთელის და სტუდენტის წარმატების ამბავი

ქუთაისიდან „თბილისის დინამოში“, შემდეგ კი პირდაპირ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო გუნდსა და კოლეჯში მიიწვიეს, სწავლა 100%-ით დაუფინანსეს და ახლა უკვე, მიჩიგანის შტატში Aquinas College-ში სწავლობს და უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანია. ეს 23 წლის ზეზვა ლილუაშვილის ისტორიაა, რომელიც მე-5 წელია, აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტსა და ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობს, კალათბურთს თამაშობს და ცოტა ხნის წინ ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში უმაღლესი აკადემიური მოსწრებისთვის პრესტიჟული ჯილდო - All-American Scholar Athlete Reward-იც მიიღო.

როგორც ზეზვა AMBEBI.GE-სთან იხსენებს, მისი ისტორია ქუთაისიდან იწყება, როცა 6 წლის ასაკში კალათბურთზე მიიყვანეს და ამის შემდეგ დღე არ გასულა, რომ მისი ცხოვრება სპორტთან დაკავშირებული არ ყოფილიყო. ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე მამასთან ვარჯიშობდა, შემდეგ კი მისი პირველი მწვრთნელები, რომლებიც ქალები იყვნენ, კალათბურთში თავდაუზოგავად ავარჯიშებდნენ.

"ჩემი საუკეთესო მეგობარი შევიდა კალათბურთზე და მეც გამიჩნდა სურვილი. ჩემი ოჯახის პირველი რეაქცია იყო - „სიმაღლეში გაიზრდები, შვილო“, „რატომაც არა, სპორტი კარგია“. წლები რომ გავიდა, როცა განვვითარდი და ტიტულების მოგება დავიწყე, კალათბურთს სერიოზულად შევხედეთ. ჩემთვის როგორც სპორტი, ისე სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. მამა პროფესორია და განათლების მიღების პროცესში ყველა აქტიურად ვართ ჩართულები. სწავლა პრიორიტეტულია“, - იხსენებს ის.

14 წლის ასაკში აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მისი ნიჭი და შრომისმოყვარეობა შეამჩნიეს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზეზვასთან მუდმივად ჰქონდათ კომუნიკაცია. მას შემდეგ, რაც 17 წლის ასაკში, საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში გადავიდა და თამაშიც „თბილისის დინამოში“ დაიწყო, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სწორედ მაშინ დაუკავშირდა აშშ-დან ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელმაც სრული დაფინანსებით ჩრდილოეთ კაროლინაში სწავლა და საუნივერსიტეტო გუნდში თამაში შესთავაზა. ზეზვა ამ შემოთავაზებას დათანხმდა და ოკეანის გადაღმა გამგზავრება გადაწყვიტა.

"როდესაც ჩრდილო კაროლინაში ვცხოვრობდი, ერთადერთი ქართველი ვიყავი, სხვას არავის შევხვედრივარ. ახლა, მიჩიგანში საათნახევრის სავალ გზაზეა დეტროიტის შტატი, ამიტომ რამდენჯერმე ზაზა ფაჩულიას შევეხმიანე და მის თამაშზე ჩავედი. ერთადერთი ქართველი, ვისთანაც ახლა აქ კონტაქტი მაქვს, ზაზა ფაჩულიაა. ის ამ ეტაპისთვის ყველაზე წარმატებული სპორტსმენია, ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ყველასთვის საამაყოა. შევეხმიანე, რომ თამაშზე ჩავსულიყავი, რა თქმა უნდა, მან მაშინვე მიპასუხა და მითხრა, რომ შემეძლო, ერთმანეთს უკეთ გავცნობოდით. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა" - აღნიშნავს ზეზვა.

რაც შეეხება Aquinas College-ს, ქართველი სპორტსმენი იქ აშშ-ში ცნობილი და წარმატებული მწვრთნელის მიკა ლანკასტერის დახმარებით მოხვდა. მასთან ზეზვა ლილუაშვილი უკვე მე-5 წელია თანამშრომლობს. ლანკასტერის ორგანიზაცია I’mPossible Training ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარულია.

"მწვრთნელი ყოველთვის აღნიშნავს ჩემს ლიდერულ ხასიათსა და შრომისმოყვარეობას. შესაბამისად, ნდობა გამომიცხადა და გუნდის სათავეში ჩამაყენა, იმიტომ რომ თვლის, შეუძლიათ მოთამაშეებს ჩემი გამოცდილებიდან კარგი მაგალითი აიღონ. რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ასე მენდობა" - აღნიშნავს ზეზვა.

ყოველწლიურად, ზეზვას Aquinas College 42 500 დოლარს სრულად უფინანსებს. ცოტა ხნის წინ მან ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში უმაღლესი აკადემიური მოსწრებისთვის ჯილდოც დაიმსახურა:

"ჩემი ჯილდო ნიშნავს იმას, რომ 4,0 GPA-დან (აკადემიური მოსწრების ქულა) უნდა გყავდეს 3,5 ან უფრო მაღალი. ამ ეტაპზე, ჩემი GPA 3,8-ზე მაღალია და შესაბამისად, ეს ჯილდო მივიღე. მისი მეშვეობით ჩავეწერე უნივერსიტეტის ისტორიაში. ერთეული სპორტსმენები ახერხებენ, რომ სპორტი და სწავლა შეათავსონ ისე, რომ ასეთი ჯილდო მიიღონ. მაღალი აკადემიური მოსწრების წყალობით, ჩემი ფოტოსურათი ჩრდილოეთ კაროლინაში სადაც ვსწავლობდი და მიჩიგანის უნივერსიტეტშიც გამოკრულია, რაც ძალიან საპატიოა ჩემთვის" - განმარტავს ზეზვა.

შეკითხვაზე, როგორ შეძლო საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და სპორტის ერთმანეთთან შეთავსება, გვპასუხობს, რომ ეს შრომისმოყვარეობის დამსახურებაა.

"ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემს ცხოვრებაში ასეთია: 08:00 საათზე ვიღვიძებ, რამდენიმე ლექციას ვესწრები და რამდენიმე საათი ვვარჯიშობ, შემდეგ ვმეცადინეობ. დღის ბოლოს ძირითადად, ბიბლიოთეკაში ვატარებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოვაწესრიგო. ზოგადად, გვიან ღამით დარბაზში ვარჯიში მიყვარს, ამიტომ ღამეს აქ ვატარებ ხოლმე. დროს თუ ჭკვიანურად გაანაწილებ, შესაძლებელია, რომ მაღალ დონეზე ისწავლო კიდეც და ითამაშო“ - აღნიშნავს ის.

აშშ-ში ჩასვლის დღიდან, ზეზვა ლილუაშვილი საქართველოს პოპულარიზაციას ცდილობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, ახალგაზრდა კალათბურთელი ცდილობს, ეს რეალობა თავისი ძალისხმევით შეცვალოს.

„ვეცადე, საქართველო გაეცნოთ, რადგან როცა ამბობ, რომ I am from Georgia, ყველა ფიქრობს, რომ ჯორჯიის შტატიდან ხარ და უნდა აუხსნა, რომ საქართველო ქვეყანაა. ამავდროულად, როცა შენს აქცენტს გაიგებენ, ყველა ხვდება, ამერიკელი არ ხარ. ჩასვლის პირველი წლიდანვე მივეჩვიე იმას, რომ ხალხისთვის ჩემი ქვეყნის შესახებ წარმოდგენა შემექმნა" - გვითხრა ზეზვამ. ახალგაზრდა კალათბურთელი აღნიშნავს, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი ოჯახსაც მიუძღვის. ზეზვას სამი და ჰყავს, მისი მშობლები კი ქუთაისში ცხოვრობენ.

შეკითხვაზე, კმაყოფილია თუ არა საკუთარი ცხოვრებით და მიაღწია თუ არა მიზანს, ზეზვა გვპასუხობს:

„მაქსიმალისტი ვარ და კმაყოფილებას ამ ეტაპზე ვერ გამოვთქვამ, რადგან კიდევ ძალიან ბევრი მიზანი მაქვს დასახული, რომელსაც მინდა, მივაღწიო. თვითკმაყოფილება არ მახასიათებს და უფრო მეტი მინდა, ამიტომ ამ ეტაპზე რთულია ვთქვა, რომ საკუთარი კარიერით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ ჯერ არაფრისთვის არ მიმიღწევია, ამ ეტაპზე ასე მგონია. შემდეგ კი შვილიშვილები რომ მეყოლება და რომ გადავხედავ, რა და როგორ გამიკეთებია, დავფიქრდები, რამდენად წარმატებული ვიყავი“, - ამბობს 23 წლის ზეზვა ლილუაშვილი.

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში