”ჩემი რუსეთთან ურთიერთობა უდიდესი აქტივია”

”ჩემი რუსეთთან ურთიერთობა უდიდესი აქტივია”

"სააკაშვილის ხელისუფლების ყველა ნაბიჯი საქართველოს შემდგომი შემცირებისკენ არის მიმართული", - ეს განცხადება "სამართლიანი საქართველოს" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას 9 ივლისს გააკეთა.

ექს-პრემიერმა პოლიტიკურ ოპონენტებთან ხელისუფლების ბრძოლის მეთოდებიც გაკრიტიკა და აღნიშნა, რომ სასურველი ჩვენების გამოსაძალად ქალებისა და ბავშვების მძევლად აყვანა დაუშვებელია. გუშინ ნოღაიდელის კრიტიკა ქართულმა მედიამაც დაიმსახურა.

ჟურნალისტების ინტერესი ძირითადად ექსპრემიერის მოსკოვურმა ვოიაჟებმა და ბიზნესმენ ვანო ჩხრატიშვილის დაკავებამ გამოიწვია, რომელსაც, ნოღაიდელის თქმით, მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამბობს, რომ "შეთითხნილმა ბრალდებამ აჩვენა, სადამდე მიდის ადეიშვილი-მერაბიშვილის თავხედობის ზღვარი"."ადეიშვილმა და მერაბიშვილმა იძულებული გახადეს ჩხრატიშვილი, ეს ჩვენება მიეცა. ამისათვის მის ოჯახზე ტერორი ხორციელდებოდა, მათ მძევლად ჰყავდათ მისი ოჯახის წევრები, ვიდრე მათ გაპარვა არ მოახერხეს", - ამბობს ნოღაიდელი.

ნოღაიდელი ასკვნის, რომ ის ხელიუფლებისთვის სახიფათოა და ყველა ღონეს ხმარობენ გზიდან ჩამოსაშორებლად.

ხოლო რაც შეეხება მოსკოვურ ვოიაჟებს, ნოღაიდელი ამბობს, რომ დღეს იგი ამით ამაყია.

"ჩემი რუსეთთან ურთიერთობები ამ ხნის განმავლობაში არის უდიდესი აქტივი და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ნამდვილად ვთვლი ჩემს პოზიტივად; შეხვედრები რუსეთში, იგივე ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, არის ჩემი აქტივი და მე ამით ვამაყობ, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია".მისი თქმით, ამის შესახებ ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც და სწორედ ამიტომ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან დიალოგზე.

ნოღაიდელის განცხადებით, ქართველი ხალხის დღის წესრიგში დგას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკითხი, რაშიც არსებული პრობლემების მოგვარება დაკავშირებულია რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობების აღდგენაზეც.

"სწორედ ამიტომ არის მოსახლეობის 80%, ბოლო გამოკითხვების შედეგად, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების მომხრე".

"სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის დაკავებასაც გამოეხმაურა და ხელისუფლების მორიგ თავხედობად შეაფასა.

"ოპოზიციამ არ უნდა მოითმინოს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი თავხედობა, თუნდაც ის, რაც იყო გიორგი დემეტრაძის შემთხვევაში.

"თუკი გივი თარგამაძისთვის შეიძლება ქურდებთან ტელეფონით საუბარი, რატომ არ შეიძლება ეს დემეტრაძესთვის; ეს არის სააკაშვილის რეჟიმის ცალმხრივი მიდგომები".ამასთანავე, ნოღაიდელი ფიქრობს, რომ დღევანდელ საქართველოს ისეთი ოპოზიცია ჰყავს, როგორიც ხელისუფლებაა.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე ხელისუფლების შეცვლა რთული იქნება და ამ პროცესში პოლიტიკური სუბიექტების "გამინუსება" პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა.

"მაისის არჩევნებში მხოლოდ "ალიანსის" წინააღმდეგობის გამო ვერ შედგა ოპოზიციური ერთიანობა და თუკი შემოდგომიდან კვლავ დადგება ვადამდელი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა, ასეთი გაერთიანების გარეშე მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი გახდება".რაც შეეხება ოქრუაშვილთან პლატფორმების გაერთიანებას და მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, ნოღაიდელმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს ვერ დარქმევს, მაგრამ მოლაპარკებები მიმდინარეობს, თუმცა აქვე დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ცხელი შემოდგომა ელის.

ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ჟურნალისტებმა ნოღაიდელს ხელისუფლებაში ყოფნის დრო შეახსენეს, რაზედაც განაცხადა, რომ ის მაშინდელ მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობს.

თუმცა, როგორც აღნიშნა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, არსებობს იურიდიული პასუხისმგებლობა; ადამიანები, რომლებმაც უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს, პასუხისგებაში უნდა მიეცენ.

"მე გამაჩნია პასუხისმგებლობა იმ პერიოდზე, როცა ხელისუფლებაში და პრემიერის თანამდებობაზე ვიყავი. ამასთან, ვაღიარებ, რომ ჩემი მოღვაწეობა მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლებას აძლიერებდა. მეტიც, ამჟამინდელი ხელისუფლება ჩემ მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პლატფორმაზე დგას. თუმცა, ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და მზად ვარ იურიდიული პასუხისმგებლობისთვისაც, თუკი რაიმე შესაძლო კანონგარეშე გადაწყვეტილება მიმიღია".

მისივე განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის მიმართ ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას ჟურნალისტურმა კორპუსმა ობიექტურობა გამოიჩინოს და არ განახორციელოს მიკერძოებული პროფესიული საქმიანობა. ზურაბ ნოღაიდელის ამ განცხადებას ჟურნალისტთა რეაქცია მოყვა, თუმცა ყოფილმა პრემიერმა საუბარი სხვა თემაზე განაგრძო.

კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში მიმდინარე შეხევდრაზე ჟურნალისტები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარებითაც დაინტერესდნენ და ნოღაიდელს რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადება შეაფასებინეს, სადაც ლავროვმა საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი მესალმება ლავროვის განცხადებას და ამასთანავე იმედოვნებს, რომ ამ პროცესის პარალელურად მიხეილ სააკაშვილი მას ბოდიშს მოუხდის.

"ეს პოზიტიური საკითხია; იმედია, ამ პროცესების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს ეყოფა ვაჟკაცობა და ბოდიშს მომიხდის ჩემ წინაშე აგორებული შავი პიარისთვის და მოღალატედ შერაცხვისთვის".ხოლო, რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში, ნოღაიდელის თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და აშშ ურთიერთობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

"აშშ ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერია, რომელიც მომავალი მთავრობების პირობებშიც უნდა შევინარჩუნოთ. დღეს მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო აზრის რომ არ ეშინოდეს, ჩვენ ყველანი ციხეში ვიქნებოდით."

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე