ავტორი:

დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი

დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი პარლამენტიდან ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია ხმის მიცემის ინსტრუქცია.

"დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან, ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს... პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს" - წერს რატიანი.

"ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს ისე, რომ ჩიპი მოხვდეს ჭრილის მარცხენა მხარეს არსებული ისრის მიმართულებით. პულტის ჭრილში ბარათის მოთავსებისას, ჭრილის ზედა კუთხეში ნათურის წითელი ნათება გადავა მწვანეში, რაც მიანიშნებს, რომ სისტემამ მიიღო ბარათის კოდი. რეგისტრაციისა და კენჭისყრის დროს, ბარათი ყოველთვის აღნიშნულ ჭრილში უნდა იყოს მოთავსებული" - ვკითხულობთ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის ინსტრუქციის ბარათში.

აღნიშნული, სავარაუდოდ გუშინ პარლამეტში მომხდარ ტექნიკურ გაურკვევლობას უკავშირდება. დეპუტატებმა კენჭი უყარეს ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას, თუმცა ვერ გადააყენეს, რადგან ამას მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის სამმა დეპუტატმა - ლევან კობერიძემ, ცოტნე ზურაბიანმა და რატი იონათამიშვილმა.

მოგვიანებით დეპუტატმა ონათამიშვილმა განაცხადა, რომ კვაჭანტირაძის გადაყენების წინააღმდეგ არ წასულა და „ტექნიკური შეცდომა“ დაფიქსირდა. „მე მომხრე ვარ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე გადააყენონ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან, უბრალოდ, რაღაცამ აურია და აპარატზე შეცდომა დაფიქსირდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეცდომის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმაც. მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე მოხდა ტექნიკური ხარვეზი და დაფიქსირებულმა ხმებმა ვერ აჩვენა რეალური შედეგები.

"დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. ამის მაგალითია ის, რომ ჩვენს ინიციატივასაც კი ვერ დავუჭირეთ მხარი, ვინაიდან ეს ტექნიკურად არ მოხერხდა. არ გამოვრიცხავ, რომ კვაჭანტირაძის საკითხზე ხელახალი კენჭისყრა დღესაც გაიმართოს, ან უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიმართება. ვინაიდან უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ხელახალ კენჭისყრამდე ზვიად კვაჭანტირაძე თავად გადადგა დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები