ავტორი:

ბიზნესმენი ვალერი ლილუაშვილი: „საქპატენტი“ პატრონს საჭიროებს

ბიზნესმენი ვალერი ლილუაშვილი: „საქპატენტი“ პატრონს საჭიროებს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უკვე რვა თვეა დანიშნული ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. ამ დროისთვის ორგანიზაციას მანანა ფრუიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე დროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც არის. არადა, 2010 წლის 3 ივლისის, საქართველოს მთავრობის N181 დადგენილების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის _ "საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 6 -ის და საქპატენტის მართვა პუნქტი 3 - ის თანახმად, საქპატენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე თვითონვე უშუალოდ ნიშნავს, ან ათავისუფლებს. საქპატენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე, ან ერთ-ერთი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მეორე მოადგილე და არა იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

თავმჯდომარის დანიშვნის გაჭიანურების გარდა, ასევე გაურკვეველია, რატომ დააბრუნეს „საქპატენტში“ ყოფილი, თავჯდომარე (1994 -2009 წლებში) დავით გაბუნია, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს კორუფციის, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და სახელმწიფო ქონების მიტაცებისთვის დააპატიმრეს და საპროცესო შეთანხმებით მილიონამდე ლარი გადაიხადა (განაჩენი #1/3027-10), რის შედეგადაც ციხეში არ მჯდარა. განაჩენის თანახმად, მისი საქმიანობა ათეულობით კორუფციულ სქემას მოიცავს. ამასთან, ვიდრე დააპატიმრებდნენ, 2009 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე იყო, 2012 წლიდან კი უკანონო პატიმრის, წამებულის სტატუსი მიიღო და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა.

უცნაურია ისიც, რომ ბოლო წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქპატენტს ძირითადად იურიდიული კომპანია „მიქაძე გეგეჭკორი თაქთაქიშვილის “ კადრები მართავენ. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უწყება, რომლის ფუნქციური დანიშნულება უმნიშვნელოვანესია, შესაძლოა არა სახელმწიფო, არამედ კერძო პირების ინტერესებს ემსახურებოდეს?! კერძოდ, კომპანია „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მუშაობს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაქთაქიშვილი 2010 წლამდე „საქპატენტის“ იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. შემდგომ, ამ თანამდებობაზე მისივე კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი თანამშრომელი ნიკა გოგილიძე დაინიშნა, რომელიც მოგვიანებით, 2014 წელს „საქპატენტის“ თავმჯდომარე გახდა (გასული წლის ზაფხულში გაუვიდა ხელმძღვანელობის ვადა) და მოადგილედ სოფო მუჯირი, გამოგონებების დეპარტამენტის უფროსად კი მერაბ კუცია დანიშნა. ორივე მათგანი კომპანია „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილის“ თანამშრომლები არიან. ამის შემდგომ მათ აღნიშნული იურიდიული კომპანიის ყველა განაცხადი უკლებლივ დააკმაყოფილეს (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვონ).

მტკიცებულებების თანახმად, რომელთა მოპოვება შესაბამისი ორგანოებისთვის არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, „საქპატენტის“ თავმჯდომარის ნიკა გოგილიძის შემწეობით კომპანია „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“-ის და მისი კლიენტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად კანონი არაერთხელ დაარღვიეს, დაჩაგრეს ყველა ბიზნესმენი, რომელიც აღნიშნული იურიდიული კომპანიის კლიენტების კონკურენტი იყო. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, მაკონტროლებლების დაინტერესების შემთხვევაში კი, ნათელი უამრავ საქმეს მოეფინება. „საქპატენტის“ მხრიდან კერძო დაინტერესების საფუძველზე ბიზნესმენის ჩაგვრის თვალსაჩინო მაგალითია კომპანია Smugglers-ის ქეისი. Smugglers-ს ალკოჰოლური სასმელი შემოჰქონდა და იმის, გამო, რომ კონკურენტი კომპანიის ადვოკატი გიორგი თაქთაქიშვილი იყო, „საქპატენტში“ ვითომ ნიშნების რეგისტრაციის მოთხოვნით, საბაჟოზე ყველა ტვირთი დაუბლოკეს და უზარმაზარი ზარალი მიაყენეს. ეს ერთ-ერთი სამწუხარო მინიშნებაა იმისა, რომ „საქპატენტი“ კონკრეტული იურიდიული კომპანიის ინტერესებს იცავს.

„საქპატენტში“ გოგილიძის მოსვლის შემდეგ, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ერთდროულად ორ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს ორგანიზაციის თავმჯდომარეობისას კორუფციისთვის გასამართლებული დავით გაბუნიაც. შეიძლება ამ საკითხზე კითხვები არ გაჩნდეს? მით უფრო, თუ ნიკა გოგილიძე სწორედ გაბუნიას გამოზრდილი კადრი და მისი პროტეჟეა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსად სწორედ გაბუნიამ დანიშნა. ნუთუ ხელაღებით შეიძლება გამორიცხვა, რომ გოგილიძემ ერთგვარი ვალი არ დაუბრუნა ყოფილ უფროსს?! აბა, ასე, უკონკურსოდ, მაღალ თანამდებობებზე კაცის დანიშვნა, თანაც, ამავე ორგანიზაციაში კორუფციაში ბრალდებულის, ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება იყოს?

აღსანიშნავია, „საქპატენტის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოგონებათა დეპარტამენტის საკითხი. მას არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქე მერაბ კუცია ხელმძღვანელობს. საქპატენტის ფუნქცია გამოგონებათა დაპატენტება, ხშირად გამოგონებების მნიშვნელობიდან გამომდინარე (ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და სხვა) სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმს ექვემდებარება. ამიტომაც შეუძლებელია, არ გაჩნდეს კითხვა, რატომ ხელმძღვანელობს „საქპატენტის“ გამოგონებათა დეპარტამენტს უცხო ქვეყნის მოქალაქე? ვფიქრობ, ეს თემა დაუყოვნებლივ, შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

შესაბამისმა სტურუქტურებმა აუცილებლად უნდა მოიკვლიონ „საქპატენტის“ მიერ დახარჯული თანხები. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დიდი რაოდენობით ფული მენეჯერების გართობასა და ჭამა-სმაში გაიფლანგა. ფული იხარჯება ყოველთვიურად და თვეში რამდენჯერმე ძვირადღირებული რესტორნების მომსახურებაში, ავტოტრანსპორტის არამიზნობრივ გამოყენებაში, პერსონალური მანქანების მომსახურებაში, სახელფასო დანამატების არასწორად გაცემასა და ა.შ.

დასანანია, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ძალიან დიდი სიკეთე უნდა მოუტანოს ქვეყანას, უმრავ, არასასიამოვნო კითხვის ნიშანს აჩენს. ამასთან, გასაკვირია შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან გულგრილობა.

მუდმივად ველი, რომ „საქპატენტში“ ამჟამად შესული აუდიტის სამსახური პრემიერ-მინისტრს რეალურად დაანახებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნულ ცენტრში შექმნილ არასახარბიელო სიტუაციას. ვიმედოვნებ, ჩემი განცხადება საშური მინიშნება იქნება საიმისოდ, რომ ორგანიზაციას სულ ცოტა, პატრონი გამოუჩნდეს და თავმჯდომარე გამჭვირვალედ, კონკურსის წესით შეირჩეს.

პატივისცემით

ბიზნესმენი ვალერი ლილუაშვილი

(R)

განსაკუთრებული შეთავაზება ალდაგის კორპორატიულ მომხმარებლებს უსაფრთხო გარემოსგან

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ონლაინ თარგმნის სერვისით

რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად