ავტორი:

"წლები ვუძლებდი დამცირებას... ვცხოვრობდი მანქანაში, არ მიწუწუნია, ოღონდ მეფრინა" - რატომ დატოვა მფრინავმა ქალმა სამხედრო ავიაცია

"წლები ვუძლებდი დამცირებას... ვცხოვრობდი მანქანაში, არ მიწუწუნია, ოღონდ მეფრინა" - რატომ დატოვა მფრინავმა ქალმა სამხედრო ავიაცია

32 წლის ეკატერინე ქვლივიძე საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. 2016 წელს ქვლივიძეს თავდაცვის მინისტრმა კაპიტნის წოდება მიანიჭა, მის საქმიანობაში შედიოდა საფრენოსნო დავალებები, მედესანტეების კონკრეტულ წერტილზე გადაყვანა და საშტაბო საქმიანობის შესრულება. თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვლივიძემ სამხედრო სამსახური დატოვა, გარკვეული მიზეზების გამო.

ეკატერინე ქვლივიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სამხედრო ავიაციიდან წამოვიდა. მფრინავი ქალი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სამსახურშია.

გთავაზობთ ეკატერინე ქვლივიძის ვრცელ მიმართვას:

"ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ!

მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ფორმის ჩაცმას, ომში მონაწილეობას, სამშობლოს დაცვას, მაგარი ვაჟკაცური საქმეების კეთებას, ქვეყნის შენებას და ისე, რაღაცნაირად გმირულად სიკვდილს. წლები ვეომე მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და ავიხდინე ოცნება, ქალმა ჩავიცვი ფორმა, სიამაყით გავინასკვე ბათინკებზე ზონრები (მერე რა რომ მემძიმა) და იქვე ის ოცნებაც მივაყოლე, ფრენა რომ მინდოდა ქართულ ცაში. წლები ვუძლებდი ისეთ დამცირებას, სულ ლუპით რომ გაკვირდებიან, გაუძლებს? ისწავლის? შეძლებს? გაიქცევა? გადაუვლის?

მხოლოდ იმიტომ რომ მფრინავი გავმხდარიყავი და სამედიცინო კომისიის "მადამ კოკოს" დროინდელი ვერსიით ხელმძღვანელობდნენ, მომიწია ორი საღსალამათი კბილის ამოღება და ეგრეთწოდებული ღია თანკბილვის გასწორება, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არაფერში არ მიშლიდა ხელს, ისევე, როგორც წლების განმავლობაში სამედიცინო კომისიის ბლანკში არ არსებობოდა ქალის გრაფა (გინეკოლოგიური) და ექიმი ასე ხელით მიაწერდა ხოლმე ქვეშ თავის გრაფას, რადიო კავშირზე გავდიოდი (მაშინ რუსულად ვსუბრობდით) "პონიალ" და არა"პანილა"! საბრძოლო დავალების მეთოდიკას არ გასწავლიო, ყოფილმა მეთაურმა რომ მითხრა, იცით რით ახსნა, აბა მე რიღათი ვიამაყო, ჩემი გაკეთებული არაღაფერი იქნებაო... გავიგე რაღაცნაირად, ყველას ხომ ჩვენ ჩვენი საზომები გვაქვს.

მხოლოდ იმიტო, რომ მეფრინა, პროფესიონალი ვყოფილიყავი და სამშობლოს, ხალხის სიყვარული და ალბათ ეს სასაცილო გმირობანას თამაშიც არ მასვენებდა, წლები საგარეჯოდან მარნეულში დავდიოდი სამსახურში, ხან დღეში ორჯერ ჩავსულვარ განგაშობებზე, სახლიც ვერ ვიქირავე და ვერ გადავსხლდი, მაშინ გარშემომყოფ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ერთი კინკილა გოგოს გადასახლება ასე უპატრონოდ ნამეტანი დიდ ტვირთად მომეჩვენა. მთელი ის წლები ჩემი ხელფასი მიდიოდა ხუნდების, ზეთის შეცვლაში და საწვავში, ლოკოკინასავით ვცხოვრობდი მანქანაში, ხმა არ ამომიღია, არ დამიწუწუნია, ოღონდ მეფრინა, ოღონდ ფორმა მცმოდა და იმედი არ მელეოდა, რომ შეიცვლებოდა, რამეს კარგს გავაკეთებდი.

მერე გააჩერეს ერთი თვითმფრინავი, ვისწავლე მეორე, დავიწყე, ავეწყე, გააჩერეს, ვისწავლე მესამე, დავიწყე, ავეწყე, გააჩერეს... მერე საშტაბო საქმიანობას მივყავი ხელი, მერე ვიღაცამ ღიპზე ხელი შემოიწყო და მისი საქმის კეთება დამავალა, ისე, არც თანამდებობა მქონდა არც ხელფასი შესაბამისი, მხოლოდ ენთუზიაზმი და გონება გენეტიკური. ყოველდღე საკუთარ თავს ვაგონებდი, რომ შეიცვლება, ასე არ შეიძლება გაჩერდეს ყველაფერი, ოდესმე ვინმე ჭკვიანი მოვა, მიხედავს აქაურობას.

ამასობაში გავიდა 11 წელი და 4 თვე. საერთოდ, რომ გავიყინე, აღარც პროფესიული, აღარც ადამიანური განვითარების არანაირი საშუალება რომ არ მქონდა, აი ასე დაუგეგმავად, გამწარებულმა და ხელჩაქნეულმა დავწერე პატაკი და წამოვედი. სხვა გზა უბრალოდ არც იყო. მენანებოდა რესურსი, რომელიც ჩემში იყო, რომელიც შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის გამომეყენებინა, მომავალი თაობისთვის, ხალხისთვის... არ ვიცი... ეტყობა ეს ყველაფერი მხოლოდ "მეგონა" და ჩემი ილუზია იყო. ყოველ შემთხვევაში მე მხოლოდ თანამდებობისთვის და პოლიტიკური ნიშნისთვის ძვალთა კვნეტის მეტი ვერა დავინახე რა მთელი ამ ხნის განმავლობაში.

რით დასრულდა ეს ამბავი იცით? თავდაცვის სამინისტრო სასამართლოთი მედავება 28 000 ლარს კონტრაქტის დარღვევისათვის! წყალმა წაიღო ჩემი ენთუზიაზმი, სურვილი, ბრძოლა, არაფერი არ ყოფილა ჯარისკაცის ფასი, არც ის წლები არ ყოფილა არაფერი, აი ასე სულში ჩამაფურთხეს და ზურგზე დიდი ინტელიგენტივით ნაფეხურიც მომაკრეს. ვზივარ და ვამტკიცებ იმას, რომ თავდავის სამინისტრო არ უნდა იყოს სტრუქტურა სადაც, ზის გენერალი ქალი, რომელსაც ველზე სწავლებაში მონაწილეობა არ მიუღია, სადაც ნეპოტიზმი ყვავის, სადაც მინისტრს შეუძლია ამაყად ტრიბუნის წინაშე თქვას, რომ რუსეთის ოკუპაციას პასუხობს "ადეკვატურად", სადაც სავალდებულო სამსახურში წასვლა "ტეხავს", სადაც მომსახურე პერსონალის 95% ბანკის ვალი ახრჩობს და კიდევ უამრავი რამ....

მე, თავად ვიყავი ჯარისკაცი, რომლის ოჯახიდან ოთხი წევრი მსახურობდა სახედრო შეიარაღებულ ძალებში, და ბოლოს ემიგრანტი დედა მინახავდა, იმიტომ რომ ჩემი ხელფასი იმ ვალს არ ყოფნიდა, ომის შემდგომ ბანკმა, ყველაზე მაღალ რისკიან კლიენტში რომ შემიყვანა და უზარმაზარი პროცენტით მომცა, ხვალ რომ ისევ ომი იყოს და მოკვდეო... ჩემს დღეში ბევრია, უბრალოდ ხმამაღლა არავინ არაფერს არ ამბობს, მიზეზს რა დიდი კითხვა უნდა. არც დიდად ვინმეს თანადგომის იმედი არ მაქვს, უბრალოდ მჯერა რომ სახელმწიფო თითოეული ჩვენთაგანისგან შედგება და სულ ცოტა უნდა ვიცოდეთ სად და რა მდგომარეობაში ვართ!

P.S. ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც გაქირავებული სახლის შემოსავლით ცხოვრობს, მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე უბრალოდ აღარ ვჭირდები!" - წერს მფრინავი ქალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

"წინა ზოლშია, ყოველ დღე იბრძვის...ძალიან ვნერვიულობ" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს