ავტორი:

"ის საყვარლის გამო მოკლეს..." - რა ვიცით ნოე სიხარულიძეზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამაა

"ის საყვარლის გამო მოკლეს..." - რა ვიცით ნოე სიხარულიძეზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამაა

ქართული "სამეფო კარის თამაშები" აქტუალობას არ კარგავს - ბაგრატიონების ორი შტოს დაპირისპირებამ საზოგადოების ყველა ფენა ჩაითრია. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყეს. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურ თანხას - 1 ლარის გადახდას ითხოვს.

თუმცა, პირველივე სასამართლო პროცესზე გრუზინსკებმა მუხრანელებისგან შემაგებელი ბრალდება მოისმინეს - დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ სასამართლო პროცესის წინ მედიასთან განაცხადა, რომ "ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს".

ამის შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი რეალურად თბილისელი ნოე სიხარულიძის ბიოლოგიური შვილია.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ იყო ნოე სიხარულიძე და ამის გასარკვევად მისი შთამომავლები მოძებნა. ნოე გლახუნას ძე სიხარულიძე ბიზნესმენი, მეცენატი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაციის წევრი იყო. მისი შვილიშვილი ტარიელ სიხარულიძე სიამოვნებით დათანხმდა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუს. ის პროფესიით კავკასიური და სლავური ენების სპეციალისტია და ათი წელია თურქეთში ცხოვრობს და ლექციებს კითხულობს.

აი, რა გვიამბო ტარიელ სიხარულიძემ წინაპრის, ნოე სიხარულიძის შესახებ:

- ნოეს დიდი ქონება ჰქონდა, ლუდსახარში ქარხანა, ყინულის დამამზადებელი ქარხანა, ასანთის ფაბრიკა, სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. ასევე საბურთალოს მამულების მფლობელი იყო, მამული ჰქონდა გურიაშიც და აგარაკი მწვანე კონცხზე. არასდროს ავიწყდებოდა, რომ სიხარულიძეა და ყველას ეხმარებოდა, არა მხოლოდ სიხარულიძეებს, სხვა გვარის შვილებსაც.

ბიზნესის პარალელურად ნოემ ჩამოაყალიბა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. თავადაც უყვარდა სიმღერა და ალბათ ამან განაპირობა ანსამბლის შექმნა. ვიცი რომ, ძალიან ლამაზი და წარმოსადეგი კაცი იყო. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მე, ოჯახის უმცროსი შვილი ვარ და სამწუხაროდ, ცოტა რამ მახსოვს ნოეს შესახებ... ცნობილია, რომ ის ხელმოკლე ოჯახებს ეხმარებოდა, ხელს უწყობდა ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლაში.

- ალბათ გაეცანით დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებას, რომ ნუგზარ ბაგრატიონი რეალურად სიხარულიძეა და თითქოს ის ნოე სიხარულიძის შთამომავალია. რას იტყვით ამის შესახებ, თქვენ გსმენიათ რამე?

- ეს ჩვენთვის მტკივნეული საკითხია. როგორც გითხარით, ნოე იყო ლამაზი კაცი და რამის გამორიცხვა შეუძლებელია... მე ვიცი ასეთი ინფორმაცია, რომ ის 1925 წელს საყვარლის გამო მოკლეს. კაცი, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს ადამიანს, ამით დაკმაყოფილდება, თუმცა ნოეს შემთხვევაში გაგრძელდა შურისძიებები... ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ბებიაჩემს ყველაფერი წაართვეს და ათი წელი, ორი შვილით ხან ერთ ნათესავთან ცხოვრობდა, ხან მეორესთან.

ნოე სიხარულიძე და მისი მეუღლე, მარია ქორჩილავა

30-იან წლებში ნოეს საფლავი ამოაგდეს და იქ სხვა ადამიანი ჩაასვენეს. 1935 წელს ბებიაჩემს მისცეს ცნობა იმის შესახებ, რომ ყმაჩამორთმეულთა სიიდან ამოიღეს და პასტერის ქუჩაზე ჩაასახლეს, ე.წ. შავ შესასვლელში. ჰაერი და შუქი, მხოლოდ კარიდან მიეწოდებოდათ. იმავე წლებში ბიძაჩემი გარიცხეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა სიიდან, მამაჩემის გაგდებაც სურდათ, მაგრამ ის პროფესურამ დაიცვა. მამა მათემატიკოსი და ავტოინჟინერი გახლდათ. ერთს ვიტყვი, უზნეობად მიმაჩნია ის ამბები, რაც ახლა ხდება.

- რას ამბობენ, ვინ იყო ქალი, ვისზე ეჭვიანობის გამოც მოკლეს ნოე სიხარულიძე...

- ამაზე არაფერი ვიცი... ნოე ჭკვიანი კაცი იყო, 16 წლისა უკვე სასტუმროს მენეჯერი გახლდათ. როდესაც ე.წ. მუნიციპალიზაცია დაიწყო, ნოეს ყველაფერი ჩამოართვეს, მაგრამ ის არ დანებდა, საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლა კი მიამიტობა იყო. მოუსვენარი კაცი ხელისუფლებას არ აწყობდა, დევნიდნენ. გაისტუმრეს იმ ქვეყნად და არც ოჯახი დაუტოვეს...

ნოე სიხარულიძის შვილები - ტარიელი და ნოე

ნოეს სახლი ჰქონდა დიდი მთავრის ქუჩაზე, რომელიც მტკვარზე გადიოდა, თავდაპირველად როცა სახლი ჩამოართვეს, საცხოვრებლად მისსავე სასტუმროში „ვეტცელში“ გადავიდა და სწორედ იქ იპოვეს მკვდარი (გერმანელი ვეტცელების მიერ აშენებული სასტუმრო "ვეტცელი" ნოემ 1911 წელს შეიძინა, შენობა საფუძვლიანად გადააკეთა და გააფართოვა. 1915 წელს კი სასტუმროს თავისი სახელი - “ნოე” დაარქვა).

ეს ჭორები საიდან წამოვიდა, არავინ იცის... მეტსაც გეტყვით, დაახლოებით 15 წლის წინ, მე დამიკავშირდა კოლეგა ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან და მითხრა, კი მერიდება, მაგრამ რაღაც უნდა გითხრაო - ნოე ილია ჭავჭავაძის უკანონო შვილი იყოო. ვუთხარი, გამოჩენილი ნათესავი ყველას უნდა, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და ამ თემის ასეთი ჯიჯგვნა არ შეიძლება-მეთქი. ყველგან არის პრობლემა, მაგრამ როცა ცნობილ ადამიანებს ეხები, საქვეყნოდ საჯიჯგნი ხდება ეს ხალხი და თემები, ადამიანებმა კი პასუხიმგებლობა უნდა იგრძნონ.

ნოესთან რა კავშირი აქვს ბაგრატიონების ქორწინებას?! როცა ადვოკატმა განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, რომელიმე მხარეს ჯარი რომ ჰყოლოდა, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.

- თქვენ, როგორც ნოე სიხარულიძის შთამომავალი, თანახმა იქნებით დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე?

- ეს მიმაჩნია უზნეობად! თუ კაცს დნმ-ის გაკეთება არ უნდა და შენ მაინც დააძალებ, ეს არის უზნეობა. ყველას უნდა კარგი სტატუსის ნათესავი, მაგრამ მე სნობიზმი არ მჭირს, ამიტომ საქმეში ჩარევის წინააღმდეგი ვარ. ბევრი ასეთი ამბავი გვინახავს და მინდა შეგახსენოთ, მატყუარა ადამიანებსაც თავისი პასუხისმგებლობა აქვთ...

ფოტოები: ფბ-გვერდი Noe Sikharulidze/ნოე სიხარულიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

"ბავშვი თურქეთში უნდა გადაიყვანონ რეანომობილით, რაც 9 500 ლარი ღირს..." - 4 წლის ემილის, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"მოლოდინში აღარ ვართ რომ მაისში პიკი გვქონდეს, ჩვენ უკვე პლატო გვაქვს" - ეკატერინე ტიკარაძე