ავტორი:

"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ბოლო ინციდენტი ბავშვის თვალწინ მოხდა" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული

"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ბოლო ინციდენტი ბავშვის თვალწინ მოხდა" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული

ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული. ძალადობას ყოფილი მეუღლის მხრიდან ჰქონდა ადგილი რაღაც საგნის გამოყენებითაც, ხელითაც, ფეხითაც - თავის, გულ-მკერდის მიდამოებში. ბოლო ინციდენტი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, ბავშვს დღემდე ახსოვს ეს ძალადობის ფაქტი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ხვალ თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც მისი უფლებადამცველი აღნიშნავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან მეუღლეზე წარსულში ძალადობა არაერთხელ განხორციელებულა. თუმცა, მას სამართალდამცავებისთვის არც მაშინ და არც ახლა მიუმართავს.

"საგამოძიებო ორგანოები აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ძალადობის შესახებ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, გამოძიებას ანასთან კითხვები ექნება. ამ პროცესის ინიციატორები ჩვენ არ ვართ, საჩივარი ჩვენ არ შეგვიტანია. ამას ხშირად გვეკითხებიან, საგამოძიებო ორგანოს ახლა რატომ მიმართეთო, ჩვენ ახლაც არ მიგვიმართავს. თუ საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეს და ვიღაცის პასუხისმგებლობის ნიშნები გამოიკვეთება, ბუნებრივია, ამას მსვლელობა მიცემა. დღეს წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, ანას ამ საქმის სისხლისსამართლებრივი მსვლელობის ინტერესი არ აქვს. ანას დავითთან შვილი ჰყავს, მან იმ მომენტშიც უარი თქვა პოლიციისთვის მიმართვაზე და ახლაც არ მიმართავს პოლიციას. თუმცა, საგამოძიებო ორგანოები მისი მიმართვისგან დამოუკიდებლად იწყებენ ამ პროცესს", - აცხადებს გორელიშვილი.

მისივე განმარტებით, საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ყოფილი მეუღლისთვის მიყენებული დაზიანებებია აღწერილი. ადვოკატის განცხადებითვე, ძალადობის ფაქტს მცირეწლოვანი ბავშვიც ესწრებოდა.

"ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ექსპერტიზის ჩატარების მომენტში ანას რა დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. მას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან რაღაც საგნის გამოყენებითაც, ხელითაც, ფეხითაც, თავის, გულ-მკერდის მიდამოებში. ეს ფაქტები ექსპერტიზის დასკვნითაა დადასტურებული, რამდენიმე მოწმესაც მოუწია ამ საკითხთან შეხება. ბოლო ძალადობის ფაქტს ადგილი საგურამოში ჰქონდა, დავითი მის მეგობარს დაუკავშირდა და სთხოვა აფთიაქიდან რაღაც მედიკამენტები წამოეღო ანასთვის, რამდენიმე დღის შემდეგ, მძღოლმა ჩამოიყვანა ანა თბილისამდე, მანაც ნახა ის ამ მდგომარეობაში და შემდეგ უკვე, ოჯახშიც ნახეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო ინციდენტი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ბავშვს დღემდე ახსოვს ეს ძალადობის ფაქტი. არ ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან სწორი სტრატეგიაა ამ ფაქტის უარყოფა, რადგან ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებს, რომ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი", - აცხადებს გორელიშვილი.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ძალადობის ფაქტს მიზეზი ჰქონდა. სწორედ, ამის გამო წარადგინეს მათ სამოქალაქო დავის საქმეში აღნიშნული ძალადობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა.

"სამოქალაქო დავასთან ძალადობის ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ცალკე სისხლის სამართლის საქმეა. თუმცა, ამ დასკვნის საქმეში წარდგენის მიზეზი ჩვენთვის ძალადობის მოტივია. ქორწინების პირველივე დღიდან, დავითი ანას ოჯახისგან, მისი მამისგან აღიარებას წერილობითი ფორმით ითხოვდა. მათ უნდა ეღიარებინათ დავითის შტო უპირატეს შტოდ ბაგრატიონებისა. მან ვერ აპატია ბატონ ნუგზარს ჯვრისწერაზე წარმოთქმული სიტყვები, რომ გრუზინსკების შტო არის უპირატესი, ასევე, ბავშვის ნათლობაზე წაროთქმული სიტყვები, რომ ბავშვი სამეფო სისტემას დედის ხაზით მიიღებდა. ის ფიქრობდა, თუკი, ანას ასეთ გაუსაძლის ყოფაში მოუწევდა თანაცხოვრება, აიძულებდა და დაითანხმებდა ნუგზარს, რომ რაიმე ფორმით მიეღო მისგან აღიარება", - აცხადებს გორელიშვილი.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა