ავტორი:

ოქროს მანქანები, "მფრინავი სასახლე" და 25 ათას დოლარიანი ვარცხნილობა - როგორ ცხოვრობს ბრუნეის სულთანი

ოქროს მანქანები, "მფრინავი სასახლე" და 25 ათას დოლარიანი ვარცხნილობა - როგორ ცხოვრობს ბრუნეის სულთანი

ბრუნეის სულთანი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონების გამო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - სასულთნოში გეი მამაკაცები ქვებით ჩაქოლვით, ჰომოსექსუალი ქალები კი - გაროზგვით დაისჯებიან. ქურდობისთვის სასჯელი კიდურების ამპუტაციაა, საწინააღმდეგო სქესის სამოსის ჩაცმისთვის კი მოქალაქეებს პატიმრობა ელით.

მსოფლიოს ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა სულთნის გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს, თუმცა ჰასან ალ ბოლკიაჰი ამბობს, რომ ბრუნეი სუვერენული ქვეყანაა და როგორც ყველა სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფო, კანონებს დამოუკიდებლად მიიღებს, სხვების აზრის გათვალისწინებას კი არ აპირებს.

ჰასან ალ ბოლკიაჰი ბრუნეის 29-ე სულთანია. millionairessaying.com-ის ინფორმაციით, 1990-იან წლებში ის 40 მილიარდი დოლარის ქონებით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა.

ამჟამად მისი ქონების ღირებულება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყოველწამიერად ის 90 ევროს გამოიმუშავებს. ვარაუდობენ, რომ სულთნის ვაჟი პირველი ტრილიონერი ადამიანი იქნება.

ჰასან ალ ბოლკიაჰის ცხოვრების სტილზე ლეგენდები დადის. მისი მდიდრული მანქანების კოლექციაში დაახლოებით 7 ათასი ავტომობილია, მათ შორის 604 "როლს როისი", 574 "მერსედეს-ბენცი", 542 "ფერარი", 382 "ბენტლი", 21 "ლამბორჯინი", 11 "ასტონ მარტინი", 179 "იაგუარი"...

მის მფლობელობაშია, ასევე, ოქროს "როლს როისი", რომლის ფასი 14 მლნ დოლარია.

ბრუნეის სულთნის რეზიდენცია მსოფლიოში ყველაზე დიდია. შენობაში 1788 ოთახი, 257 სააბაზანო, 5 ათას სტუმარზე გათვლილი საბანკეტო დარბაზი და მეჩეთია, რომელიც 1 500 მლოცველს იტევს.

სასახლეში არის დიდი სივრცე სულთნის 200 ცხენისთვის, ავტოფარეხები 110 მანქანისთვის და 5 საცურაო აუზი.

ბრუნეის სულთანი ფლობს მდიდრულ თვითმფრინავსაც, რომელიც სასახლეს არაფრით ჩამოუვარდება. ბოინგ 747-400-ში რამდენიმე ოთახია, მათ შორის - საძინებელი. მედიაში ლაინერს "მფრინავ სასახლედაც" მოიხსენიებენ.

თვითმფრინავის ინტერიერისთვის გამოყენებულია დიდი რაოდენობით ოქრო. გარდა ბოინგ 747-400-ისა, სულთანს რამდენიმე მცირე ზომის თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენიც ჰყავს.

საკმაოდ შთამბეჭდავია თანხა, რომელსაც ჰასან ალ ბოლკიაჰი საკუთარ სტილისტს უხდის - მისი თმისა და წვერის მოწესრიგება 25 ათასი დოლარი ღირს.