ავტორი:

ქვებით ჩაქოლვა, ხელების და ფეხების ამპუტაცია - ბრუნეიში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ "ბარბაროსული კანონი" ამოქმედდა

ქვებით ჩაქოლვა, ხელების და ფეხების ამპუტაცია - ბრუნეიში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ "ბარბაროსული კანონი" ამოქმედდა

ბრუნეიში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალები და პირები, ვისაც სექსი ქორწინების გარეშე ექნებათ, სიკვდილით დაისჯებიან. CNN-ის ინფორმაციით, „დამნაშავეებს“ ქვებით ჩაქოლავენ.

ორ მამაკაცს შორის სექსი სიკვდილით, ხოლო ორ ქალს შორის სქესობრივი კავშირი - გაროზგვით ისჯება. ქურდობისთვის სასჯელის ფორმად კიდურების ამპუტაციაა, საწინააღმდეგო სქესის სამოსის ჩაცმისთვის კი ბრუნეის მოქალაქეებს პატიმრობა ელით.

ნავთობით მდიდარ ბრუნეის სულთანი, ჰასანალ ბოლკიაჰი მართავს, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც არის.

მის გადაწყვეტილებას საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა, უამრავი ქვეყნის ხელისუფლებამ, გაერომ, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა სულთნის გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს, კანონს კი ბარბაროსული უწოდეს.

ორგანიზაციამ Human Rights Watch მოუწოდა სულთანს, სასწრაფოდ შეაჩეროს ამპუტაციის, ჩაქოლვის და დასჯის სხვა უფლებაშემლახავი სასჯელების ძალაში შესვლა.

ბრუნეის ნავთობინდუსტრიის წყალობით 72 წლის სულთანი რეგიონის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ახალი კანონების წარდგენისას, სამთავრობო ვებგვერდზე მისი განცხადებაც გავრცელდა, რომ მთავრობა „არ მოელის სხვებისგან დადებით შეფასებებს, თუმცა საკმარისი იქნება, თუ პატივს სცემენ ერს ისევე, როგორც ბრუნეი სცემს პატივს სხვა ქვეყნებს“.

ბრუნეის ლგბტ თემს ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო მუდმივად შიშის ქვეშ მოუხდება ცხოვრება. ახალგაზრდა გეი მამაკაცი, ხაირული CNN-თან ამბობს, რომ კანონი „არაადამიანურია“.

„ძალიან სასტიკი სასჯელია, ამისი გადატანა ადამიანს არ უნდა უწევდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჰომოსექსუალია,“ - ამბობს ხაირული.

კანონებით აღშფოთებულები არიან ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის ელტონ ჯონი, ჯორჯ კლუნი და ელენ დეჯენერესი - ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადონ 9 სასტუმროს, რომელთა მფლობელიც ბრუნეის სულთანია.

საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, ბრუნეის პრემიერ-მინისტრი კურსის შეცვლას არ აპირებს.

„ბრუნეი არის სუვერენული ისლამური და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც სხვა ყველა დამოუკიდებელი ქვეყანა, თავად იღებს კანონებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მთავრობამ გაავრცელა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე